31

მაისს პარლამენტში პლენარული სხდომა ტელევიზიამდელი ეპოქის სტილში  მიმდინარეობდა. მედიასაშუალებებით სხდომის პირდაპირი ტრანსლირება არ მომხდარა. არადა, ამას კანონი ითხოვს.

პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს პარლამენტის მუშაობას, აღნიშნულია, რომ: „პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. საჯარო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციით“ (

მუხლი134, 1-2). 31 მაისის პლენარული სხდომა არ დახურულა და, შესაბამისად, მისი პირდაპირი ტელერადიოტრანსლირება უნდა მომხდარიყო.

  პარლამენტის  რეაქცია

რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პარლამენტია, რადგან ეს კანონი უშუალოდ პარლამენტის საქმიანობას  განსაზღვრავს. თუმცა, როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ეს არის ზოგადი პრინციპი და კონკრეტული პასუხისმგებლობა კონკრეტული შემთხვევების მიხედვით  განისაზღვრება.

უშუალოდ სესიის პირდაპირი ტრანსლირების არგანხორციელების შესახებ კი ამბობს, რომ ჩვენგან გაიგო, რომ 31 მაისს პირდაპირი ტრანსლაცია არ ყოფილა.

“ეს უფრო ტელევიზიის თემაა და არა პარლამენტის. პარლამენტი ყველა შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ პლენარული სხდომა პირდაპირ ეთერში იყოს გადაცემული. არის საჭირო ტექნიკა და ტელევიზიამ რაღაც თუ არ გადასცა, ეს, ალბათ, იქ უნდა მოიკითხოთ, რატომ არ გადაიცა“, - ამბობს გიორგი კახიანი.

პარლამენტის სხდომების ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახდენს. პარლამენტის აპარატში გვითხრეს, რომ მათ არ იცოდნენ, სესიის პირდაპირი ტელერადიო ტრანსლირება რომ არ ხდებოდა, რადგან ამის შესახებ წინასწარ არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ და მხოლოდ სესიის მსვლელობისას შეიტყვეს. აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რაგბის მიანიჭა უპირატესობა და მაუწყებლის ორივე არხზე რაგბის თამაშები გადაიცემოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხისმგებლობა  

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სესიის ტრანსლირება რაგბის თამაშების ტრანსლირების გამო ვერ მოხდა. კითხვაზე, ვინ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ და მეორე არხზეც სწორედ რაგბის მატჩების ტრანსლირება მომხდარიყო, მან გვიპასუხა - „ხალხმაო“. თუმცა, მას არ განუმარტავს, რა მეთოდით იქნა გაგებული ხალხის აზრი.

ბუნებრივია, ფაქტ-მეტრი საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ტურნირის - რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის გაშუქებას მიესალმება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეს კანონის დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ასევე, ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლებოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ არხზე პარლამენტის სესიის ტრანსლირება მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ მედიის დიდი ნაწილი საპარლამენტო სესიის გაშუქებისას სწორედ ტრანსლირებაზეა დამოკიდებული, მათ შორის ფაქტ-მეტრიც, რომელიც საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს აკეთებს. ამდენად, კანონის დარღვევასთან ერთად ხელი მედიის მუშაობასაც შეეშალა. აქვე აღსანიშნავია, რომ სესიის ჩანაწერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გვიან ღამით გაუშვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  მათ ამის გაკეთების უფლება ჰქონდათ და თუკი კანონი დაირღვა, ეს მათ არ ეხებათ, რადგან ამას კანონი არ ავალდებულებს.

  სად არის პრობლემა?   

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან ტრანსლირებისთვის ყველა პირობას ასრულებენ და არაფერი შეუცვლიათ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ მათ ამის ვალდებულება კანონით არ გააჩნიათ. თუმცა, ფაქტია, რომ კანონში არსებული ჩანაწერი ამ ვალდებულებას აწესებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ ჩანაწერის შესრულებაზე პასუხისმგებელი. მით უმეტს, რომ საქმე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას და მის გამჭვირვალობას ეხება.

სამართლის სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი ჩვენთან საუბრისას  განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტი შესაძლოა არ იყოს დამნაშავე კანონის დარღვევაში, მაგრამ ის ვალდებულია, რომ კანონის მოთხოვნა შესრულდეს და ეს არ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ თავად იძლევა ტრანსლირების შესაძლებლობას და ამ მხრივ დაბრკოლებას არ ქმნის. მეორე მხრივ კი, მისივე თქმით, საზოგადოებრივი  მაუწყებლის დღევანდელი სახით ფორმირება რომ ხდებოდა, ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ ამ არხის მეშვეობით უნდა მომხდარიყო პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობის მაქსიმალური უზრუნველყოფა, რაც, ცხადია, პარლამენტის მუშაობის პირდაპირ ტრანსლაციასაც ითვალისწინებდა, რაც წლების განმავლობაში მუდმივად ხორციელდებოდა.

“თუკი ეს მოდელი აღარ გვინდა, მაშინ ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რადგან საზოგადოების ფულით ფინანსდება. მაგრამ, ვიდრე ეს მოდელი მუშაობს, კანონის მიხედვით უნდა შესრულდეს. რომელი სესია გადაიცეს და რომელი - არა, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის თუ მოცემულობის  მიხედვით არ უნდა ხდებოდეს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ალაფიშვილი.

საინტერესოა, რომ ორი წლის წინ, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში, მაშინდელი უმრავლესობის დეპუტატის ელისო ჩაფიძის მიერ ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომელიც გულისხმობდა, რომ პარლამენტის სესიის და კომიტეტების სხდომების პირდაპირი  ტრანსლირება საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით დავალებოდა. მაგრამ, მაშინ ეს ინიციატივა ვერ გავიდა.

დღეს ეს საკითხი  პარლამენტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის 2010 წელს გაფორმებული  მემორანდუმით

 რეგულირდება. ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ  საზოგადოებრივ მაუწყებელს პარლამენტთან ურთიერთობისთვის ერთადერთი დოკუმენტი ჰქონდა გაფორმებული და ეს  იყო მემორანდუმი, რომელსაც, მისივე თქმით, „დიდი ხანია, ვადა გაუვიდა, სამი თუ ოთხი წელია“.

2010

წელს გაფორმებული მემორანდუმი რამდენჯერმე გადაიხედა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოქმედების ვადა გახანგრძლივდა ახალ მემორანდუმზე შეთანხმებამდე. 2013 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, მხარეები ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ.

ეს იყო ბოლო  ხელმოწერილი მემორანდუმი,

სადაც უკვე ახალი პირობები გაიწერა და აქ  ვადასთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერია: „მემორანდუმი ძალაშია 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, რის შემდეგაც, მონაწილე პარტიების წრე განისაზღვრება მხოლოდ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებით“.

ეს ჩანაწერი, როგორც იურისტები განმარტავენ, ცალსახად მიუთითებს, რომ ეხება სუბიექტების ვინაობას, თუ ვის ეთმობა მაუწყებლის მეორე არხის ეთერი და არა იმას, ეს მემორანდუმი იქნება თუ არა მოქმედი.

„ცხადია, პრინციპზე იყო თანხმობა და ვადა ამისთვის არ განსაზღვრულა. ვადა რომ განესაზღვრათ, გამოვიდოდა, რომ  გამჭვირვალობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გვინდა კონკრეტული პერიოდი და მერე აღარ. ეს ხომ აბსურდია. ვადის პირობა ეხება ზუსტად კვალიფიციურ სუბიექტებს, რადგან ეს სტატუსი კანონმდებლობით დამოკიდებულია არჩევნებზე და ეს ძალიან ღიად არის ამ ტექსტშიც. ასე რომ, მემორანდუმის ვადის გასვლაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, არაზუსტია“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი