საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა,

რომ დემოგრაფიული ვითარების კუთხით აფხაზეთში უმძიმესი მდგომარეობაა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ რთული მოსაპოვებელია. ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ რეალურად რამდენი ადამიანი ცხოვრობს არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, უცნობია.

მოსახლეობის 1989 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობას ეთნიკურად ქართველი, აფხაზი, სომეხი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი, ბელორუსი, ებრაელი, ესტონელი, ოსი, თურქი, მოლდოველი, აზერბაიჯანელი, პოლონელი და ბოშა საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

1992-93 წლების ცნობილმა მოვლენებმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოგრაფიული ვითარება მკვეთრად შეცვალა. იმატა ადგილობრივ მოსახლეობაში მიგრაციის დონემ. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის საერთო რაოდენობა 88.5%-ით შემცირდა. საბჭოთა პერიოდში, 1989 წლის აღწერით,

 აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, აფხაზეთში სულ 525 061 მოსახლე იყო. მათ შორის ეთნიკურად ქართველი - 239.9 ათასი (46%); ეთნიკურად აფხაზი - 93.3 ათასი (18)%; რუსი - 74.9 ათასი (14%); სომეხი - 76.5 ათასი (15%).

ამის შემდეგ, აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობის მიერ, მოსახლეობის აღწერა ორჯერ ჩატარდა - 2003 და 2011 წლებში. 2003 წლის აღწერით, აფხაზების რიცხვი - 94.6 ათასი იყო. 2011 წლის აღწერის მიხედვით, კი აფხაზეთის ტერიტორიაზე 122.1 ათასი აფხაზი (აფხაზეთის მთელი მოსახლეობის ნახევარი - 50.8%); 46.5 ათასი ქართველი (19.3%), 41.9 ათასი სომეხი (17.4%); 22.1 ათასი რუსი (9.2%) და 13 ათასი ბერძენი (0.6%) ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახური ერთმანეთისგან ასხვავებს ქართველებსა და მეგრელებს და, შესაბამისად, მათ ცალკე რაოდენობრივ ჯგუფად გამოყოფს. აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა 243 564 ადამიანს შეადგენს და წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, 358 ადამიანით არის გაზრდილი (აფხაზეთის მოსახლეობა 2015 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით

შეადგენდა 243 206 კაცს). ბოლო მონაცემებით, დადებითი სალდო აღინიშნება აფხაზი ეროვნების მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მიმართულებითაც.

გრაფიკი 1:

აფხაზეთის მოსახლეობის რიცხოვნობა 2016 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით

image001

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, თუმცა, რამდენად სანდოა ეს სტატისტიკა, ეს სხვა საკითხია. მაგალითად, 2005 წლის ოქტომბერში დე ფაქტო აფხაზეთის  მაშინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებდა, რომ იმ პერიოდში აფხაზეთში 70 ათასზე ნაკლები ეროვნებით აფხაზი ცხოვრობდა, მაშინ როდესაც, სტატისტიკის დეპარტამენტის 2003 წლის მონაცემებით, აფხაზების რაოდენობა 94 597 იყო, ხოლო 2011 წლისათვის კიდევ უფრო გაიზარდა და 122 175 კაცი შეადგინა.

ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა დემოგრაფიული განვითარების ფონდის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დემოგრაფ ანზორ თოთაძეს, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის განცხადების წყაროს წარმოადგენდა. მისი თქმით, აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა არ ასახავს რეალობას და ბუნებრივი მატებისა და სიკვდილიანობის მონაცემების მიხედვით აფხაზეთში საკმაოდ მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ამის ვარაუდი ძნელია, იმას, რომ აფხაზეთში რთული დემოგრაფიული სიტუაციაა თავად აფხაზებიც არ უარყოფენ. მაგალითად, 2015 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც აბორტი სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაყოფი მუცლადყოფნის პერიოდში დაიღუპება. კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა 29 იანვარს მიიღო. 10 თებერვალს კი ეს რეგულაციები ძალაში შევიდა. კანონის მიღების ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება სახელდება. კანონის ინიციატორი დეპუტატის საიდ ხარაზიას განმარტებით, „ბავშვები ადამიანების მოდგმის გაგრძელებაა, ეს კი ნიშნავს რომ ის, ასევე, აფხაზური მოდგმის გაგრძელებაცაა“. აბორტის აკრძალვაზე მსჯელობა აფხაზეთში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. როგორც აკრძალვის მომხრეები აცხადებენ,

კანონის მიღება აუცილებელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის მოსახლეობის რიცხვი მცირდება.

აღსანიშნავია, რომ აფხაზებმა დემოგრაფიაზე ზრუნვის მოტივით მუჰაჯირების შთამომავლების ჩამოსახლებაზე დაიწყეს აქტიური მუშაობა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ფინანსებიც გამოყვეს. ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიური ენების პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი თავის წიგნში აფხაზეთში მოსახლეობის 2011 წელს ჩატარებულ აღწერას არასანდოს უწოდებს. ამავე მოსაზრებას იზიარებს აფხაზეთისა და კავკასიის საკითხების მკვლევარი სეფია კარტა (Sephia Karta), რომელიც აღწერაში მოსახლეობის გაზვიადებულ რაოდენობაზე მიუთითებს.

ექსპერტ ლევან გერაძის განცხადებით, დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთში საგრძნობლად არის გაუარესებული, რაც საომარი მოქმედებებისა და არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პირდაპირი შედეგია. აფხაზეთში კლასიკური პოსტ-კონფლიქტური მდგომარეობაა, რომელიც საოკუპაციო ძალების ხელშეწყობის გამო პრაქტიკულად დაკონსერვებულია და სისტემურ ცვლილებას არ განიცდის. ამ პირობებში არც არის გასაკვირი, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება ხდება. ამასთან, სამედიცინო მომსახურების დაბალი დონის, ზოგადად ცხოვრების მძიმე პირობების, კრიმინოგენური ფონის, ეკოლოგიური და სხვა პირობების გამო სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია, ხოლო შობადობა - დაბალი. შესაბამისად, დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე საკმაოდ რთულია და ის ციფრები, რომლებსაც აფხაზური მხარის წარმომადგენლები ავრცელებენ მოსახლეობის აღწერის მონაცემების სახით, რეალობას აცდენილია.

დასკვნა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შესახებ ექსპერტები და დემოგრაფები აქტიურად საუბრობენ. ამის შესახებ განცხადებებს აკეთებენ თვითონ აფხაზეთშიც, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ მოსახლეობის რაოდენობის ზრდისათვის გადადგმული ნაბიჯები, როგორიცაა აბორტის აკრძალვა და ა.შ. ამის კიდევ ერთი მაგალითია. თუმცა, აფხაზეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლის სიზუსტის გადამოწმება ქართული მხარისთვის ამჟამად შეუძლებელია, მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის მტკიცება ან გამორიცხვა, რომ აფხაზეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.

ამდენად, ფაქტ-მეტრი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი