ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ახალი რეისის, თბილისი-ლონდონი-თბილისის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა:

„საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 47%-იანი ზრდაა დაფიქსირებული“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს

მონაცემებს ეყრდნობა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 1 243 552 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (846 876) 47%-ით აღემატება. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 28%-ით გაიზარდა.

ცხრილი 1:

მგზავრთა ნაკადის მაჩვენებლები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში

წელი გასვლა შემოსვლა ჯამი ზრდა
2011 591 086 578 802 1 169 888 -
2012 703 552 688 009 1 391 561 19%
2013 916 660 891 962 1 808 622 30%
2014 1 010 647 983 166 1 993 813 10%
2015 1 136 594 1 118 418 2 255 012 13%
2016 1 446 294 1 433 797 2 880 091 28%
2017 (5 თვე) 625 279 618 273 1 243 552 47%
წყარო: სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, 2011 წლიდან დღემდე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, მიმდინარე წლის ხუთ თვეში დაფიქსირებული ზრდა რეკორდულად მაღალია. თუ აღნიშნული ზრდის ტემპი (47%) მთელი წლის განმავლობაში შეანარჩუნდა, 2017 წლის ბოლოს, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 4 233 ათასს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ხუთ თვეში შემოსულ 1 243 ათას მგზავრს შორის 917 ათასი (73%) საერთაშორისო მოგზაური იყო, 326 ათასი (27%) კი, საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებს შორის მგზავრთა ნაკადის ყველაზე მაღალი რაოდენობა თბილისის აეროპორტში დაფიქსირდა (1 033 ათასი), მეორე ადგილს ქუთაისის აეროპორტი იკავებს (146 ათასი), ხოლო მესამე ადგილს ბათუმის აეროპორტი (63 ათასი).

  დასკვნა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებს 1 243 552 მგზავრი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (846 876) 47%-ით აღემატება. მგზავრთა შორის 73% საერთაშორისო ვიზიტორს წარმოადგენს. თუ გადავხედავთ დაფიქსირებული ზრდის ტენდენციას, ვნახავთ, რომ 2011 წლიდან დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი