ქუთაისის საკრებულოს რიგით 30-ე სხდომაზე დეპუტატებმა მერიაში მესამე ვიცე-მერის დანიშვნას დაუჭირეს მხარი. სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ განაცხადა, რომ ვიცე-მერის დანიშვნა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოთხოვნას უკავშირდებოდა.

„მერიას ამჟამად ჰყავს 12 თანამდებობის პირი. იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს "საჯარო სამსახურის შესახებ კანონი" ჩვენ უნდა მოგვეყვანა ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში თანამდებობების რაოდენობა“, - განაცხადა

ჯავახიამ.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 30 მაისს მერიის ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა,

რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერს ერთი პირველი მოადგილე და უკვე ორი (ერთის ნაცავლად) მოადგილე ჰყავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე  ახალი თანამდებობრივი პოსტის შექმნა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების წინასაარჩევნო, არამართლზომიერ ქმედებად შეაფასეს.

გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ მესამე ვიცე-მერის პოსტი ადმინისტრაციულ ხარჯს გაზრდის.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არგუმენტი მესამე ვიცე-მერის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით „საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს

უკავშირდება, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა. ეს კანონი საქართველოში საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს აწესრიგებს.

თუმცა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომელიც საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მესამე ვიცე-მერის პოსტის შემოღების გასამართლებელ არგუმენტად მოიყვანა, არსადაა მითითებული ნორმა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიას თანამდებობის პირთა რაოდენობას უწესებს.

თვითმმართველობის ორგანოში თანამდებობის პირთა რაოდენობას „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსი

ადგენს. სწორედ აქ არის განსაზღვრული მერიაში თანამდებობის პირთა სტატუსი და რაოდენობა. ამ კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს წარმოადგენენ: გამგებელი/მერი, გამგებლის/მერის პირველი მოადგილე, გამგებლის/მერის მოადგილე, გამგეობის/მერიის სტრუქტრული ერთეულის ხელმძღვანელი.

აქვე, მე-2 პუნქტში დაზუსტებულია გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა რაოდენობა, სადაც ნათქვამია: „გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის/მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს“.

როგორც ირკვევა, არც თვითმმართველობის კოდექსში არის ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ მერიას აუცილებლად 13 თანამდებობის პირი უნდა ჰყავდეს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯს, დღეისთვის ქუთაისის მერის ხელფასი 2 750 ლარს შეადგენს, ხოლო მერის მოადგილის სარგო 2 050

ლარია. შოთა მურღულიამ 5 ივნისს მოადგილის ახალ პოსტზე გრიგოლ დალაქიშვილი დანიშნა. დალაქიშვილი კურატორობას საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურს, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას, ა(ა)იპ სპორტულ და კულტურულ-სახელოვნებო გაერთიანებას გაუწევს. მან უკვე დაიწყო შეხვედრები აღნიშნული ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან.

newpress-ის ინფორმაციით, გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის ვიცე-გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიასთან დაახლოებული პირია. ჭიღვარიას კი „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის შესაძლო კანდიდატად მოიაზრებენ. დალაქიშვილს ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც აკავშირებენ. „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი გია გოქაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უშიშროების სამსახური მართავს, რომელმაც საკუთარი თანამშრომელი დასვა მერიაში. ქუთაისის მერმა ეს ინფორმაცია უარყო და kutaisipost-თან საუბრისას აღნიშნა,

რომ მესამე ვიცე-მერის დანიშვნა მისთვის არავის დაუძალებია და არც არასასურველი კანდიდატურა მოუხვევიათ თავს.

ამასთან, შოთა მურღულიამ ასევე განაცხადა,

რომ მესამე ვიცე-მერის დანიშვნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თუმცა ეს არ ცვლის იმ განცხადების შინაარსს, რომელიც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე არგუმენტად მოიყვანა.

  დასკვნა

ზვიად ჯავახიას მიერ დასახელებული კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საერთოდ არ ადგენს მერიაში თანამდებობის პირთა რაოდენობას, ამ რაოდენობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ არეგულირებს, რომლის მიხედვითაც მერიის თანამდებობის პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს და აქ არ არის მოთხოვნილი, რომ აუცილებლად 13 უნდა იყოს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მერიის ადმინისტრაციული სამსაუხრის უფროსის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია