“მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა მარიამ რამინაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საერთო საატესტატო გამოცდებზე ისაუბრა და განაცხადა: „დაახლოებით 42 ათასამდე მოსწავლეა წელს დარეგისტრირებული ეროვნულ გამოცდებზე, შესაბამისად, ასე მერყეობს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც ამთავრებს სკოლას. აქედან, ჩაჭრილია 11 ათასი - 25% და გასულ წელთან მიმართებით, დაახლოებით, 2 000 მოსწავლით არის გაზრდილი -  21%-დან ავიდა 25%-მდე. ასევე, წელს ჩვენ მივიღეთ უცხო ენასა და ისტორიაში მოსწავლეების 15% , რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი, რაც მიანიშნებს, რომ სასკოლო განათლებას  სერიოზული პრობლემა აქვს“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

2010 წელს საქართველოს მთავრობამ სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. გამოცდების ნაწილს სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ნაწილს კი, მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ აბარებენ. მარიამ რამინაშვილმა სატელეფონო ინტერვიუს დროს განგვიმარტა, რომ გულისხმობდა მე-12 კლასელების მიერ დაფიქსირებულ შედეგებს, შესაბამისად, ჩვენ აღნიშნული შედეგები გავაანალიზეთ. ფაქტ-მეტრმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართა და 2017 წელს საერთო საატესტატო გამოცდებზე მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობის ამსახველი ინფორმაცია გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ 2017 წლის მე-12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებზე რეგისტრირებული სულ 48 434 მოსწავლე იყო. აქედან, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 47 063 მოსწავლემ და წარმატებით დაძლია 34 260 მოსწავლემ. მონაწილეთაგან ერთ საგანში მაინც განმეორებით გამოცდაზე (მას შემდეგ, რაც საგნების მინიმალურმა ზღვარმა დაიწია) 13 941 მოსწავლე გავიდა და მხოლოდ 5 562 მოსწავლემ ჩააბარა. განმეორებით გამოცდამდე, მინიმალური ზღვარს მიღმა 13 941 მოსწავლე დარჩა.

ცხრილი 1:

მე-12 კლასის სკოლის გამოსაშვები გამოცდები, 2017 წელი

წელი რეგისტრირებული მონაწილეობდა გამოცდებში წარმატებით დაძლია გამოცდები მონაწილეთაგან ერთ საგანში მაინც განმეორებით გავიდა გამოცდაზე განმეორებით გასულებიდან წარმატებით დაძლია გამოცდები
2017 48 434 47 063 34 260 13 941 5 562
წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი

რაც შეეხება გასულ წლებს, საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილ მოსწავლეებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ცხრილი 2:

 2011-2016 წლებში რეგისტრირებული და საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

წელი 2011 2012 2013 2014 2015 2016
რეგისტრირებული მოსწავლეები 46 549 41 483 37 945 38 153 44 517 47 098
ზღვარი ვერ გადალახა 14 113 4 684 7 941 5 205 6 426 11 519
% 30.3 % 11.3% 20.9% 13.6% 14.4% 24.4%
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა 2 422-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებელი 24.4%-დან 29.6%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უშუალოდ ცალკეულ საგნებში მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს, ეროვნული საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს ყველაზე მეტი მოსწავლე ინგლისურ ენაში - 4 042  (ჩაჭრილი მოსწავლეების 28.9%) და ისტორიაში - 2 003 (14.4 %) ჩაიჭრა.

დასკვნა 2017

წელს მე-12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 47 063 მოსწავლემ, საიდანაც საგამოცდო მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 13 941- მა მოსწავლემ, რაც საერთო რაოდენობის 29.6%-ია და გასული წლის მაჩვენებელს (24.4%) აღემატება. მას შემდეგ, რაც ცალკეულ საგნებში მინიმალური ზღვარის მაჩვენებელმა დაიწია, განმეორებით გამოცდაზე კვლავ ჩაიჭრა 5 562 მოსწავლე. რაც შეეხება ცალკეულ საგნებში მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობას, ინგლისურ ენაში წელს დაახლოებით 30%-მა ვერ ჩააბარა გამოცდა, ხოლო ისტორიაში დაახლოებით 15%-მა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მარიამ რამინაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი