მიმდინარე წლის 15 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა:

„არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს 10 000 დოლარზე მეტი და მასში ურბანიზაცია 60%-ზე მაღალი არ არის“. აღნიშნული არგუმენტი გოცირიძემ ე.წ. „მთის კანონის“ გასაკრიტიკებლად მოიყვანა. მისი აზრით, საქართველოს მთავრობის რეგიონული განვითარების პოლიტიკა აზრსმოკლებულია და მთავრობა წინ არ უნდა აღუდგეს ურბანიზაციის შეუქცევად პროცესს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულებაა. მთლიან შიდა პროდუქტს ასევე ანგარიშობენ ერთ სულზე აშშ დოლარში, რომ შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შედარება. მაგალითად, 2016 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე 3 852

დოლარი იყო.

ურბანიზაცია

არის პროცესი, რომლის დროსაც ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობაში იზრდება და ქალაქური ცხოვრების წესი ფართოდ ვრცელდება. დღესდღეობით, მსოფლიოს ქალაქებში დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 52% ცხოვრობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, 64 ქვეყანას შორის (რომელთაც 2016 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარზე მეტი ჰქონდათ), მხოლოდ 9 ქვეყანაა ისეთი, რომელშიც ურბანიზაციის მაჩვენებელი 60%-ზე ნაკლებია (ურბანიზაციის დონის 2015 წლის მაჩვენებლებით).   ცხრილი 1:

მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში და ურბანიზაციის დონე, %

ქვეყანა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, $ ურბანიზაციის დონე, %
ანტიგუა და ბარბუდა 14 432 23.8%
ბარბადოსი 15 955 31.5%
ხორვატია 11 858 59.0%
ეკვატორული გვინეა 14 176 39.9%
სეიშელის კუნძულები 15 319 53.9%
სლოვაკეთი 16 648 53.6%
სლოვენია 21 370 49.6%
სენტ-კიტსი და ნევისი 16 979 32.0%
ტრინიდადი და ტობაგო 16 717 8.4%
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდს გამოყოფილი აქვს 39 განვითარებული ქვეყანა (Advanced Economies), რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულნი არიან, ცხოვრების მაღალი დონით და ინდუსტრიალიზაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. ამ 39 ქვეყანას შორის მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომლის ურბანიზაციის დონე 60%-ზე ნაკლებია: სლოვაკეთი და სლოვენია.

ურბანიზაცია

მჭიდროდ არის დაკავშირებული შემოსავლების მზარდ დონესთან და ისეთი სოციალური ინდიკატორების გაუმჯობესებასთან, როგორებიცაა: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, განათლების დონე, ბავშვთა სიკვდილიანობის კლება, ინფრასტრუქტურისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა. ქალაქები უზრუნველყოფს უფრო მაღალ მწარმოებლურობას და ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალ შემოსავალს. ქალაქებში თავმოყრილი ეკონომიკური საქმიანობა ყველა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტს ითვლის.

მსოფლიოში 9 ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული

ქვეყანაა: ნიგერი, ბურუნდი, ნეპალი, ეთიოპია, უგანდა, პაპუა-ახალი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო და სოლომონის კუნძულები (ცხრილი 2). გამოდის, რომ ურბანიზაციის დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია სუსტ ეკონომიკასთან და რაც უფრო ვითარდება ქვეყანა, ურბანიზაციის დონე მაღლდება.

  ცხრილი 2:

მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარებში და ურბანიზაციის დონე, %

ქვეყანა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, $ ურბანიზაციის დონე, %
ნიგერი 411 18.7%
ბურუნდი 325 12.1%
ნეპალი 733 18.6%
ეთიოპია 795 19.5%
უგანდა 638 16.1%
პაპუა-ახალი გვინეა 2 528 13.0%
შრი-ლანკა 3 887 18.4%
ტრინიდადი და ტობაგო 15 342 8.4%
სოლომონის კუნძულები 1 971 22.3%
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა გარკვეული სახელმწიფო პროგრამებით სოფლის მოსახლეობას უფრო ეხმარება, ვიდრე ქალაქის მოსახლეობას, ურბანიზაციის დონე საქართველოშიც იზრდება. 2007 წელს საქართველოში ურბანიზაციის დონე 52.5% იყო, 2012 წელს 53%, ხოლო 2016 წელს 57%.

დასკვნა

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებელი 10 000 დოლარზე მეტია, 64 ქვეყანას შორის მხოლოდ 9 ქვეყანაა ისეთი, რომელშიც ურბანიზაციის პროცენტული მაჩვენებელი 60%-ზე ნაკლებია.

ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და ურბანიზაციას შორის მკაფიო დადებითი კორელაცია არსებობს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების სოფლის მხარდაჭერის პროგრამები ურბანიზაციის პროცესს ვერ შეაჩერებს და მხოლოდ გააჭიანურებს.

მიუხედავად იმისა, რომ რომან გოცირიძის განცხადება ფაქტობრივად სრულად ზუსტი არ არის, კონტექსტის მართებულობის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი მას მეტწილად სიმართლედ აფასებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია