თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში სტუმრობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმერეთის ეკონომიკურ და კულტურულ პოტენციალზე ისაუბრა. მან თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა:

„თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა, 26 კილომეტრის გზა მოეწყო, 5 თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, აღდგა გალერეა და საგამოფენო ცენტრი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

თერჯოლის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013-2016

წლებში მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდმა (რგფ) მუნიციპალიტეტში 8 427 300 ლარის სამუშაოები დააფინანსა. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მუნიციპალიტეტში 273 ათასი ლარის სამუშაოები ჩატარდა, ხოლო თანადაფინანსებით (რგფ-სა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანამონაწილეობით) თერჯოლაში 3 032 000 ლარის პროექტები განხორციელდა. საერთო ჯამში, ამ წლების განმავლობაში 11 932 300 ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა.

მუნიციპალიტეტში აღდგა მდინარე ყვირილაზე არსებული დაზიანებული ხიდი (683 ათასი ლარი). სოფლებში: ჭალასთავში, ზედა საზანოში, ზედა ალისუბანსა და კვახჭირში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალსადენ სისტემებს. განხორციელდა კულტურის სახლის, სამხატვრო სკოლისა და საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია.

ყველაზე მეტი თანხა მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობას მოხმარდა. 2013-2016 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 48.35 კმ გზა დაიგო, საიდანაც 33.75 კმ-ის რეაბილიტაცია მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული თანხით მოხდა. საერთო ჯამში, გზების მოწესრიგებას 8 756 000 ლარი მოხმარდა.

ყველაზე მასშტაბური პროექტი თერჯოლაში 2013 წელს განხორციელდა, რაც სოფელ ჭალასთავის წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაციას გულისხმობდა. მისი დაფინანსება რგფ-ს 1 027 000 ლარი დაუჯდა.

მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - თუზი, ზედა ალისუბანი, ახალთერჯოლა, ზედა საზანო (26 მაისი) და გოდოგანი (ნაგარევი) - ახალი საბავშვო ბაღები მოეწყო, რისთვისაც 838 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან, სამი ახალი ბაღი რგფ-ის პროექტით აშენდა, ხოლო ორის რეკონსტრუქცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით მოხდა.

დასკვნა 2013

წლიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თითქმის 12 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც მხოლოდ რეგიონული განვითარების ფონდმა 8 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს და საერთო ჯამში მოეწყო 48.35 კილომეტრი სიგრძის გზის საფარი.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი