საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა:

„ჩვენი ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017

წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. გასული წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდა 3.3% იყო. 2017 წლის პირველი 5 თვისთვის საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო რეგიონში. ამ ნაწილის ანალიზისას მნიშვნელოვანია, განვმარტოთ რეგიონის ცნება. რეგიონის ვიწრო გაგებაში საქართველოს სამეზობლო შეიძლება ვიგულისხმოთ (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი). საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დსთ-ის წევრი ქვეყნების ჯგუფშიც მოიაზრებს (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დსთ-ის წევრი აღარ არის). მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით (

გვ. 95) კი, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში (რეგიონში) ერთიანდება, რომელიც დსთ-ის ქვეყნებსაც მოიცავს.

ცხრილი 1: 2017

წლის I კვარტლისა და 2016 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის (მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით)

ქვეყანა 2017 (კვარტალი) 2016 (წლიური)
1 უზბეკეთი 7.8% 7.8%
2 ყირგიზეთი 7.8% 3.8%
3 ტაჯიკეთი 6.5% 6.9%
4 სომხეთი 6.5% 0.2%
5 თურქმენეთი 6.2% 6.2%
6 რუმინეთი 5.7% 4.8%
7 საქართველო 5.1% 2.7%
8 თურქეთი 5.0% 2.9%
9 უნგრეთი 4.2% 2.0%
10 პოლონეთი 4.0% 2.7%
11 ალბანეთი 3.9% 3.6%
12 ბულგარეთი 3.5% 3.4%
13 ყაზახეთი 3.4% 1.0%
14 ბოსნია და ჰერცოგოვინა 3.2% 2.0%
15 მონტენეგრო 3.2% 2.5%
16 მოლდოვა 3.1% 4.1%
17 კოსოვო 3.0% 3.4%
18 ხორვატია 2.5% 2.9%
19 უკრაინა 2.5% 2.3%
20 სერბეთი 1.2% 2.8%
21 რუსეთი 0.5% -0.2%
22 ბელორუსი 0.3% -2.6%
23 მაკედონია 0.0% 2.4%
24 აზერბაიჯანი -0.9% -3.1%
წყარო: Trading Economics; მსოფლიო ბანკი 

გასულ წელს საქართველო 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდით  ქვეყანათა მოცემულ ჯგუფში მე-13 პოზიციაზე იყო. 2017 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო 24 ქვეყნიდან მე-7 ადგილს იკავებს. უშუალოდ მეზობლებიდან კი, სომხეთი გვისწრებს 6.5%-იანი ზრდით. საქართველოს მშპ-ის ზრდის 2017 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამორჩება უკრაინის (2.5%), თურქეთის(1.4%), რუსეთისა (0.5%) და აზერბაიჯანის (-0.9%) მონაცემები.

ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან შედარებისას უნდა გავითვალისწინოთ მათი ბოლოდროინდელი მდგომარეობა. ნავთობის ფასის დაცემამ, გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ და 2016 წლის ყარაბახის კონფლიქტმა აზერბაიჯანის ეკონომიკის გაუარესება და ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურება გამოიწვია.

ნავთობის ფასის ვარდნამ და უკრაინის კრიზისის დროს დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა უარყოფითად იმოქმედა რუსეთის მდგომარეობაზე, რამაც სომხეთის ეკონომიკაზეც იქონია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა (სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და მჭიდროდაა დამოკიდებული რუსეთზე). პოლიტიკურმა კრიზისმა, გადატრიალების მცდელობამ და გახშირებულმა ტერორისტულმა აქტებმა მნიშვნელოვნად დააზარალა თურქეთის ეკონომიკაც.

ამდენად, სამეზობლოს ქვეყნებთან შედარებით მაღალ ზრდაზე აპელირებისას, საგულისხმოა, პოლიტიკური მიზეზებით გაუარესებული მათი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, მართებული იქნება ვთქვათ, რომ მათ აქვთ დაბალი ეკონომიკური ზრდა, რასაც საქართველოს მონაცემი აღემატება. თუმცა, 2016 წელს, უამრავი პრობლემის მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე საქართველოსი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის მატებას, ეს ძირითადად საგარეო მდგომარეობის გაუმჯობესებამ განაპირობა. იანვარ-მარტში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხები 22.3%-ით (53 მლნ დოლარით),

საქონლის ექსპორტი 30%-ით (134 მლნ დოლარით), ხოლო ტურისტების რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენციები აპრილ-მაისშიც გაგრძელდა. სამივე მიმართულებით მნიშვნელოვანია რუსეთში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების ფაქტორი.

ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებულ ნიშნულზე გავლენა უნდა ჰქონოდა მთავრობის ინფრასტრუქტურულ ხარჯებსაც (არაფინანსური აქტივების ზრდა). 2017 წლის პირველ კვარტალში ინფრასქტრუქტურაზე დახარჯული თანხა 171 მლნ ლარი იყო (ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით), რაც 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემზე (188.7 მლნ ლარი) 17 მლნ ლარით ნაკლებია. შესაბამისად, პირველ კვარტალში, მთავრობის ინფრასტრუქტურულ ხარჯებს ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა არ ქონია. ინფრასტრუქტურული ხარჯები იანვარ-მაისის პერიოდშიც შემცირებულია 25 მლნ ლარით. ამასთან, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მთავრობას 500 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული ხარჯი აქვს დაგეგმილი.

დასკვნა 2017

წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონის არც ერთი დეფინიციის პირობებში ყველაზე მაღალი არ არის. რეგიონის ვიწრო გაგებისას, თუ მხოლოდ ჩვენს მეზობლებს ვიგულისხმებთ, საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სომხეთს (6.5%) უფიქსირდება. ხოლო, თუკი მსოფლიო ბანკის დეფინიციას გამოვიყენებთ, საქართველო უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, სომხეთისა, თურქმენეთისა და რუმინეთის შემდეგ მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდება.

თუ გასული წლის მაჩვენებელსაც მივიღებთ მხედველობაში, საქართველო მე-13 ადგილზეა, ხოლო სამეზობლოში თურქეთს ჩამორჩება, რომელსაც გასულ წელს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემები ჰქონდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის კრიზისმა და ნავთობზე ფასის დაცემამ სომხეთი და აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.   შენიშვნა: ქვეყნების ეკონომიკის ზრდის წინასწარი მონაცემები ხშირად იცვლება. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება და პროგნოზების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში სტატიას შესაბამისად დააკორექტირებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი