საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა: „მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩემს დროს სიღარიბის მაჩვენებელი 50%-დან 20%-ზე ჩამოვიდა. დღეს 69% არის ღარიბი და 24% სიღარიბესთან ახლოს. კატასტროფა მოხდა სიღარიბესთან დაკავშირებით“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც თავად აღნიშნა, ეს მონაცემები მსოფლიო ბანკის სტატისტიკიდან მოიყვანა. 2016 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლებზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სიღარიბის შემცირების ტენდენციაზეა საუბარი. მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, სიღარიბის განსაზღვრა მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით ხდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როცა ადამიანი საკუთარ თავზე დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. სწორედ ამ მონაცემით ხდება ქვეყანაში სიღარიბის განსაზღვრა. თუმცა, არსებობს სიღარიბის სხვა კლასიფიკაციებიც. ზომიერ (moderate) სიღარიბედ მიიჩნევა, თუ ერთი ადამიანის ყოველდღიური მოხმარება 2.5-დან 5-დოლარამდეა. ხოლო, ვინც დღიურად 5-დან 10 დოლარამდე ხარჯავს, ის ღარიბად არ ითვლება, თუმცა შემოსავლების კლების მიმართ მოწყვლადია და სიღარიბის რისკ ჯგუფში ხვდება. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში, 2011-2014 წლებში, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. კვლევის თანახმად, 2010 წელს საქართველოში უკიდურესად ღარიბი იყო მოსახლეობის 46.7%, 2014 წელს (ჯერჯერობით, ბოლო სამი წლის მდგომარეობის ამსახველი კვლევა არ გამოქვეყნებულა) ეს მაჩვენებელი 32.3%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები, 2006-2014 წლები 1

სოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, საქართველოში ზომიერი სიღარიბის მაჩვენებელი 37%-ია, ანუ ეს ადამიანები დღიურად 2.5-დან 5 დოლარამდე ხარჯავენ. მოსახლეობის 24% კი შემოსავლების შემცირებისადმი მოწყვლადად მიიჩნევა და არის სიღარიბის რისკის ქვეშ, ისინი დღიურად 5 დოლარზე მეტს და 10 დოლარზე ნაკლებს მოიხმარენ. ხოლო, მოსახლეობის 7% დღეში 10 დოლარზე მეტს მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საშუალო ან მდიდარ ფენას მიეკუთვნებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას, დიდი ალბათობით, უკიდურესი სიღარიბის და ზომიერი სიღარიბის მაჩვენებლებს აჯამებს, რაც 69%-ია. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ უკიდურესი და ზომიერი სიღარიბის ჯამური მაჩვენებელი წინა ხელისუფლების პერიოდში გაცილებით მაღალი იყო. 2012 წლისთვის ეს მაჩვენებელი 78%, წინა წლებში კი კიდევ უფრო მაღალი იყო. 2013-2014 წლებში, 2012 წელთან შედარებით, ზომიერი სიღარიბის მაჩვენებელი 2% პუნქტით არის გაზრდილი. ასევე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი ვინც 5-დან 10 დოლარამდე, ან 10 დოლარზე მეტს მოიხმარენ. ამ მაჩვენებლების ზრდა ლოგიკურია, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავი დააღწიეს უკიდურეს სიღარიბეს, შემდგომ ჯგუფებში გადაინაცვლეს.

გრაფიკი 2: ღარიბი და შემოსავლების ცვლილებისადმი მოწყვლადი ჯგუფები, 2010-2014 წლები 2

სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესად შესაფასებლად, ჩვენ საქსტატის მაჩვენებლებიც გავაანალიზეთ. საქსტატის მონაცემებით,

საქართველოში 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 36.1% იყო, 2015 წლისთვის კი ის 20.3%-მდე შემცირდა. 2016 წელს კი, იმ მოსახლეობის წილი, რომელიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა.

გრაფიკი 3: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 3

დასკვნა მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2011-2014 წლებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2010 წელს იმ მოსახლეობის წილი, ვინც დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავდა 46.7% იყო, 2012 წელს 42.5%, 2014 წელს კი - 32.3%. სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებლად უნდა ვნახოთ ბოლო წლების სტატისტიკაც, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საქსტატს აქვს გამოქვეყნებული. საქსტატის მონაცემებით, 2011-2015 წლებში საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მცირედით (0.5% პუნქტით გაიზარდა). მიხეილ სააკაშვილი სიღარიბის „კატასტროფულ“ ზრდაზე მიუთითებს, რაც არასწორია. სიღარიბის მაჩვენებლები, როგორც მსოფლიო ბანკის, ისე საქსტატის მონაცემებით, დღეს გაცილებით დაბალია, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში იყო. ამასთან, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, წინა ხელისუფლების პირობებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 42.5%-მდე იყო ჩამოსული და არა 20%-მდე. მიხეილ სააკაშვილი სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას უკიდურესი და ზომიერი სიღარიბის მაჩვენებლებს აჯამებს, რაც ნამდვილად 69%-ია. თუმცა, თუ მონაცემებს ამგვარად დავაჯამებთ, გამოვა, რომ 2013 წლამდე უკიდურესი და ზომიერი სიღარიბის ერთობლივი მაჩვენებელი უფრო მაღალი - 78% იყო. ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი