პარლამენტის წევრმა, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ საქართველოში ხანძრების შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ხანძრის 300-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული და 4 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა განადგურებული“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით (რომელიც უწყებამ ambebi.ge-ს მიაწოდა) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით(გვ. 28), 2007-2017 წლებში (2017 წლის აგვისტოს შემთხვევების გამოკლებით) საქართველოში ტყის და ველის ხანძრის 300 შემთხვევა ფიქსირდება, რის შედეგადაც 3 769 ჰექტარი ფართობი განადგურდა.

ცხრილი 1:ტყის ხანძრის შემთხვევები 2007-2016 წლებში და განადგურებული ფართობი

წელი 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
ხანძრის რაოდენობა 6 32 7 21 4 11 35 69 62 43
განადგურებული ფართობი ჰექტრებში 3.9 1 277.5 717.4 371.1 7 198.95 87.62 705.14 169.4 212

რაც შეეხება 2017 წელს, ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ტყის ხანძრის 10 შემთხვევა დაფიქსირდა და 19 ჰექტარი ტერიტორია განადგურდა. ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა მიმდინარე წლის აგვისტოში. 20 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წლებში აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ტერიტორიაზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. ბორჯომის ხეობის აღნიშნული ნაწილი 6 დღის განმავლობაში იწვოდა და მისი ლოკალიზება დღეს, 26 აგვისტოს მოხერხდა. ჯერჯერობით, არ გამოქვეყნებულა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა ოდენობის ტყის ფართობია განადგურებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის 24 აგვისტოს განცხადების თანახმად, დაახლოებით 100 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი, თუმცა ზუსტი რიცხვის თქმა ჯერ ნაადრევია.

როგორც ბოლო შემთხვევებმა აჩვენა, საქართველო ბორჯომის ხეობის ხანძრის ლიკვიდაციისთვის მზად არ იყო, რადგან ქვეყანას არ აღმოაჩნდა საკმარისი ტექნიკა და სახანძრო თვითმფრინავები. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სტატისტიკა აჩვენებს, თუ როგორი მოწყვლადია ქვეყანა ხანძრების მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია მთავრობას დაგვიანებულ და არაკოორდინირებულ ქმედებებშიც ადანაშაულებს, თუმცა, ეს საკითხი ცალკე საფუძვლიან გაანალიზებას საჭიროებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოები დაეხმარნენ. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 3 007.6 ათას ჰექტარს შეადგენდა, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6 949.4 ათასი ჰექტარი) 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) უკავია 2 822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი). ქვეყნის ტყის ფონდის 680.7 ათასი ჰექტარი (22.6%) რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს (აფხაზეთი - 507.1 ათასი ჰექტარი; სამაჩაბლო - 173.6 ათასი ჰექტარი).

დასკვნა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში ტყის ხანძრის 300 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც განადგურდა 3 769 ჰექტარი მიწის ფართობი. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი მიმდინარე წლის აგვისტო აღმოჩნდა. ბორჯომის ხეობაში ტყის დიდი ფართობი დაიწვა, მით უმეტეს, რომ ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ერთხელ უკვე გადაწვა რუსეთის ფედერაციამ, 2008 წლის აგვისტოში. ქვეყანამ საკუთარი ძალებით ხანძრის ლიკვიდაცია ვერ მოახერხა, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოები დაეხმარნენ. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მონაცემი, თუ რა ფართობის ტყის მასივი განადგურდა ბოლოდროინდელი ხანძრების შედეგად, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ზარალი საკმაოდ დიდია.

ამდენად, სტატისტიკის და უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი