თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისში გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე ისაუბრა. „თბილისში უკვე გაცემულია 6.5 მილიონი კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა. ეს იცით, რა რაოდენობაა? ეს არის, დაახლოებით, კიდევ ერთი თბილისის აშენება

“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების გადამოწმებას შეეცადა.

ჩვენ თბილისში 2006 წლიდან დღემდე გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობით და ასაშენებელი ფართობით (იგულისხმება ასაშენებელი ობიექტების საერთო ფართი) დავინტერესდით.

ცხრილი 1: თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა და ასაშენებელი ფართობი (მ2) 2006-2014

წლებში

წელი 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014
რაოდენობა 656 891 1 075 1 316 3 859 6 093 4 151 4 715 4 558
ფართობი 1 181 615 1 884 683 2 421 293 1 428 354 1 010 785 3 933 260 4 494 893 5 957 076 4 626021
წყარო: საქსტატი    ცხრილი 2: თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა და ასაშენებელი ფართობი (მ2) 2015-2017

წლებში (თბილისის მოქმედი მერიის პირობებში)

წელი 2015 2016 2017 (6 თვე)
რაოდენობა 4 857 5 245 2 360
ფართობი 4 842 318 2 911 124 1 542 792
წყარო: საქსტატ

როგორც ცხრილებიდან ჩანს, 2006-2017 წლების განმავლობაში მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება სამშენებლო ფართს, ბოლო წლების განმავლობაში, 2013 წელს, ყველაზე დიდი რაოდენობით ფართზე, თითქმის 6 მილიონ კვ.მ-ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2014 წლიდან ძირითადად მცირდება იმ ობიექტების საერთო ფართობი, რომლებზეც სამშენებლო ნებართვები გაიცა.

აღსანიშნავია, რომ 2013-2017 (ექვსი თვე) წლებში, საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები (ფართობის მიხედვით) მთლიანად გაცემული ნებართვების 76% - 80%-ს შეადგენს.

ცხრილი 3:

თბილისში 2013-2017 (6 თვე) წლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები რაოდენობის და ფართობის მიხედვით

წელი 2013 2014 2015 2016 2017 (6 თვე) სულ
რაოდენობა 3 370 3 512 3 748 3 932 1806 16 368
ფართობი 4 531 773 3 689 501 3 889 860 2 230 779 1 182 929 15 524 842

რამდენად სასიკეთოა თბილისისთვის სამშენებლო ნებართვების და ასაშენებელი ფართის აღნიშნული რაოდენობა, ამის შეფასება თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორს, ურბანისტ მამუკა სალუქვაძეს ვთხოვეთ. მისი განმარტებით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმაც დაითვალა სამშენებლო ნებართვების რაოდენობა და ბოლო წლებში დაახლოებით 6.5 მილიონ კვადრატული მეტრის ფართზეა სამშენებლო ნებართვა გაცემული. აქედან, ნაწილის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

„რა თქმა უნდა, სამშენებლო ნებართვების აღნიშნული რაოდენობა ძალიან ბევრია თბილისის ხელა ქალაქისთვის (დღეისთვის თბილისში დაახლოებით 1 116 000 ადამიანი ცხოვრობს). რეალურად, ამდენი საცხოვრებელი სახლი თბილისს არ ესაჭიროება, ძირითადად ბინების  კაპიტალიზება ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბინებს ერთი და იგივე ადამიანები ყიდულობენ. ანუ ამ რაოდენობით საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნილება არ არის. დღეს მიმდინარე მშენებლობებზე ნებართვები უკვე გაცემულია და შეუძლებელია მათი შეჩერება, აკრძალვა ან რეგულირება გენერალური გეგმით. სამომავლოდ, სიტუაციის გაუმჯობესებისთვის, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თბილისის ცენტრალურ უბნებში განაშენიანების სიმჭიდროვე შეიზღუდა (ე.წ. კ2

კოეფიციენტი). დაიწყო ქალაქის დანარჩენი სივრცის ინტენსიური განვითარება. ამ შეზღუდვების შენარჩუნება გათვალისწინებულია გენერალურ გეგმაში. შესაბამისად, მჭიდრო და ინტენსიური განაშენიანება მომავალში აღარ გაგრძელდება და აქცენტი უფრო სხვა ტიპის განაშენიანებაზე გაკეთდება“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

  დასკვნა

თბილისში, 2006-2017 წლებში 39 776 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 36 234 214 კვ.მ ფართობს მოიცავს. ბოლო წლებში, კონკრეტულად კი 2015-2017 წლებში, სამშენებლო ნებართვები 9 296 234 კვ.მ ფართობზე გაიცა. მათი დიდი ნაწილი, 76%-80%, საცხოვრებელ ფართებზეა გაცემული.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში გაცემული სამშენებლო ნებართვების საერთო ფართობი ალეკო ელისაშვილის დასახელებულ რიცხვზე მეტიც კი არის. თუმცა, არც 6.5 მლნ კვ.მ ფართობი და არც 9 მლნ კვ.მ „კიდევ ერთი თბილისის აშენებას“ არ ნიშნავს. შესაბამისად, ამ კუთხით მერობის კანდიდატის შეფასება აშკარად გადაჭარბებულია. თუმცა, მეორეს მხრივ, დაურეგულირებელი მშენებლობის ასეთი ტემპი ქალაქისთვის შესაძლოა მართლაც დამაზიანებელი აღმოჩნდეს. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაზე ამბობს, მშენებლობების აღნიშნული რაოდენობა ძალიან ბევრია თბილისის სიდიდის მქონე ქალაქისთვის და იმედოვნებს, რომ სამომავლოდ გენერალური გეგმა დაარეგულირებს ქალაქში მშენებლობების ინტენსივობას.

სტატიაში განხილული სხვადასხვა წინააღმდეგობრივი საკითხის გამო, ცალსახა ვერდიქტის გამოტანა რთულია. შესაბამისად, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი