ოკუპაციასა და ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით გამართულ დებატებში პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა ფანიაშვილმა განაცხადა:

„135 სოფელი, რომელიც დღეს ოკუპირებულია, ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო და ხუთი წლის მანძილზე, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, არცერთი სოფელი არ დაგვიკარგავს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) დავუკავშირდით. უწყების ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთისა (22 სოფელი) და ცხინვალის რეგიონებში (103 სოფელი) მთლიანობაში 125 სოფელზე (და არა 135 სოფელი, როგორც განცხადების ავტორი ამბობს) დაკარგა კონტროლი (2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო საჩხერის რაიონის სოფელი პერევიც, იხ. რუკა). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ 103 სოფელზე დაკარგა კონტროლი. ომიდან სამი წლის შემდეგ, 2011 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ბორდერიზაცია (მავთულხლართების, ღობეების, ტრანშერების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი) დაიწყო და ახალი საოკუპაციო ხაზი კიდევ 32 სოფელში გაივლო (ჯამში დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული), პროცესი კი დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება თვითაღიარებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონტროლი ამ რეგიონის/კოდორის ხეობის 22 სოფელზე დაკარგა, 2013 წლიდან კი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. ბორდერიზაცია დაიწყო, თუმცა პროცესი მომდევნო წლებში შეჩერებული იყო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან  კი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მიმდებარედ კვლავ განახლდა და იგი დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს. მთლიანობაში, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 9 სოფელს შეეხო და მავთულხლართების, ღობეებისა და მიწათხრილების საერთო სიგრძე 48 კმ-ზე მეტია.

საბოლოოდ, დღეის მდგომარეობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საერთო ფართობი ცხინვალის რეგიონში 3.8 ათას კმ²-ს, ხოლო აფხაზეთში - 8.7 ათას კმ²-ს შეადგენს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 145 კმ-ს (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 1 839 კმ-ია) შეადგენს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერიოდული გამოცემების მიხედვით, ე.წ. აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი 148 კმ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის

კი - 390 კმ სიგრძისაა).

მამუკა ფანიაშვილის თქმით, ბოლო ხუთი წელია, საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზთან მდებარე არცერთ სოფელზე არ დაუკარგავს კონტროლი. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაქტ-მეტრს მოწერეს, რომ „ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ცენტრალურ ხელისუფლებას კონტროლი არცერთ სოფელზე არ დაუკარგავს, თუმცა საერთო ჯამში პროცესმა პირდაპირი ზიანი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 20 სოფელსა და დაახლოებით 200 ოჯახს  მიაყენა, ხოლო ირიბი ნეგატიური გავლენა დაახლოებით 1 000 ადგილობრივ ოჯახზე იქონია“. სუს-ის დოკუმენტაციით,

ე.წ. ბორდერიზაცია მთლიანობაში ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის მიმდებარე 41 სოფელს შეეხო.

დასკვნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთისა (22 სოფელი) და ცხინვალის რეგიონში (103 სოფელი) მთლიანობაში 125 სოფელზე დაკარგა კონტროლი. 2011 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, 2013 წლიდან კი აფხაზეთის  მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო და ის ჯამში 41 სოფელს შეეხო. საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე ასობით კილომეტრია.

მართალია, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 2008 წლის ომის შემდეგ კონტროლი არცერთ სოფელზე არ დაუკარგავს, თუმცა, საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაცია კვლავ საგანგაშოა. ოკუპანტი ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. საერთო ჯამში, ამ პროცესმა პირდაპირი ზიანი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 41 სოფელს და დაახლოებით 200 ოჯახს  მიაყენა, ხოლო ირიბი ნეგატიური გავლენა დაახლოებით 1 000 ადგილობრივ ოჯახზე იქონია. 2011 წლიდან დღემდე ოკუპირებული რეგიონების საზღვრისპირა სოფლებში ბორდერიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რუსული საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ავლებენ საოკუპაციო ხაზს და მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოველ ჯერზე რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ნაკვეთი ექცევა. ზემოაღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი მამუკა ფანიაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი