ყოველი არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2017 წელია.

სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. თუმცა, პროგრამას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. პოლიტიკური პარტიების განცხადებებში ხშირად შევხვდებით საარსებო შემწეობის ზრდის ან/და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდის შესახებ დაპირებებს. ოპოზიციური პარტიები აღნიშნული პროგრამის ხარჯზე დაპირებებს უხვად გასცემენ, თუმცა, რეალურად, ეს ბერკეტი უფრო სახელისუფლებო პარტიის ხელშია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ ასევე კლებისკენ. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდება. მოქმედი ხელისუფლების პირობებში,  არჩევნების შემდეგ დახმარების მიმღებთა რაოდენობა ძირითადად მცირდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების და მოქალაქეების რაოდენობა ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (ნოემბრიდან) საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო და ეს ტენდენცია 2017 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

ამ პერიოდში დახმარება 59 024 მოქალაქეს (24 114 ოჯახს) მოეხნა/შეუჩერდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც იზრდება. ზრდის ტენდენცია მაისში დაიწყო და დღემდე გრძელდება. აგვისტოს მონაცემებით,

სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა  36 232-ით არის გაზრდილი. თუ წინა საარჩევნო წლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ეს ტენდენცია მინიმუმ არჩევნების დასრულებამდე შენარჩუნდება.

გრაფიკი 1: 2016-2017

წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა

image001

რა ხდებოდა წინა საარჩევნო წლებში? 2013

წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა. არჩევნების შემდეგ, დახმარების მიმღებთა რაოდენობა კვლავ შემცირდა.

2014

წლის 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასაარჩევნო პერიოდში, მაის-ივნისში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა.ივლისიდან კი დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო.

გრაფიკი 2: 2013-2014

წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის  რაოდენობა

image002

წინა ხელისუფლების პირობებშიც, წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდებოდა.

2008

წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა, ზრდის ტენდენცია სექტემბრამდე შენარჩუნდა.

2010

წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ივლისამდე უწყვეტად იზრდებოდა.

2012

წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად, საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა. მცირედი კლება მხოლოდ მარტის თვეში დაფიქსირდა.

გრაფიკი 3: 2008, 2010, 2012

წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა

image003

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები: სოციალური მომსახურების სააგენტოში მუდმივად შემოდის ახალი განაცხადი სოციალური დახმარების მიღების თაობაზე და პროგრამას ახალი ბენეფიციარები ემატება. სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება გეოგრაფიული, დემოგრაფიული ან შემოსავლების ცვლილების გამო, შედეგად მათი ნაწილი კარგავს დახმარებას ან გადამოწმების პროცესში დროებით უჩერდება. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებას იწვევს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაც. დახმარების მიმღები ოჯახების ახალი ფორმულით გადამოწმება ხდება, ამ პერიოდში დახმარების მიმღებთა ნაწილს დახმარება უწყდება ან დროებით უჩერდება, სანამ გადამოწმების პროცესი დასრულდება.

თუ დახმარების მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ, და ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს, საინტერესოა, წლების განმავლობაში არცერთი ხელისუფლების პირობებში წინასაარჩევნო პერიოდში რატომ არასდროს დაფიქსირებულა დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება?

ჩვენ ამ თემაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, სოციალური მომსახურების სააგენტოში არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, რომ „სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი და სუბიექტური მექანიზმი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან მისი შემცირების“ (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

თუმცა, შესაძლებელია იმ მექანიზმების დროებით შეჩერება, რომელმაც შეიძლება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, ოჯახები, რომელთაც უწევთ გეგმიური ან/და ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება, წინასაარჩევნო პერიოდში არ გადამოწმდეს. ამით დახმარების მოხსნისთვის ან დროებით შეჩერებისთვის თავის არიდება შესაძლებელია. სამაგიეროდ, წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია, ოჯახებს, რომელთაც გადამოწმების გამო დროებით შეუჩერდათ დახმარება, საარსებო შემწეობა აღუდგეთ. ასევე, გადამოწმდეს ოჯახები, რომლებმაც დახმარების დანიშვნის თაობაზე განაცხადები შემოიტანეს.

ზემოაღნიშნულს, სოციალური მომსახურების სააგენტოში არ იზიარებენ. მათი განცხადებით:

„სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გადამოწმება ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, ერთი და იგივე ინტენსივობით. საარჩევნო პერიოდი არავითარ კავშირში არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესთან“.

თუმცა, ამავე სააგენტოს სტატისტიკური მონაცემები ჯიუტად აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა და იზრდება. ამასთან, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, არჩევნების დასრულების შემდეგ დახმარების მიმღებთა რაოდენობა მცირდება.

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი