„რუსთავი 2-ის“ ეთერში გამოსვლისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თამარ ჟვანიას ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხელფასის სახით 5 500 ლარს ვუხდით, დანამატის სახით 5 500 ლარს, პერმანენტულად, ის იწერს კიდევ დამატებით პრემიას, რომლის რაოდენობასაც ფაქტობრივად თვითონ განსაზღვრავს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ცენტარლური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 5 500 ლარს შეადგენს. თამარ ჟვანია აღნიშნულ თანამდებობას 2013 წლის სექტემბრიდან იკავებს. ამ თარიღიდან დღემდე მას მხოლოდ ხელფასის სახით 264 000 ლარი აქვს აღებული. გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის

 მეცხრე მუხლის თანახმად, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, ცესკო-ს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკო-ს აპარტის თანამშრომლების თანამდებობრივი სარგო ორმაგდება. შესაბამისად, არჩევნების პერიოდში თამარ ჟვანიას თანამდებობრივი სარგო 11 000 ლარამდე იზრდება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 15 სექტემბრის N44/2014  დადგენილებით

განისაზღვრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში პრემიის ოდენობის და გაცემის წესი. წესის მიხედვით, ერთჯერადად გაცემული პრემია არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ. ასევე, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით პრემია შეიძლება გაიცეს არა უმტეს წელიწადში სამჯერ. შესაბამისად, პრემიის გაცემის პერიოდულობა/სიხშირე განსაზღვრულია არა უმეტეს შვიდჯერ წლის განმავლობაში.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ აღებული პრემია-დანამატების გასაგებად ინფორმაცი

ა ცესკო-დან გამოვითხოვეთ.

ცხრილი 1: 

ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებული პრემია და დანამატი, 2014-2017 წლები

თვეები 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი
- პრემია დანამატი პრემია დანამატი პრემია დანამატი პრემია დანამატი
იანვარი 4 032 - 4 032 - 5 500 - 5 500 -
თებერვალი 5 040 - - - - 1 842 - -
მარტი - - 3 528 - 5 500 - 2 750 2 750
აპრილი 5 040 5 305 3 850 - 5 500 5 500 5 500
მაისი - 10 080 - 2 750 - 5 500 - 4 400
ივნისი - 10 080 5 500 - 5 500 - 5 500 -
ივლისი - 15 120 - - - 5 500 - -
აგვისტო 5 040 - 5 500 - 4 400 5 500 - -
სექტემბერი 5 040 114 - 5 500 - 9 900 - -
ოქტომბერი - 2 520 - 5 500 - 11 000 - -
ნოემბერი 5 040 - - 5 500 - 19 067 - -
დეკემბერი 5 040 - 5 500 - 5 500 - - -
სულ 34 272 43 219 27 910 19 250 31 900 63 809 19 250 7 150
წყარო: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

როგორც ცხრილშია ასახული, 2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, მხოლოდ პრემიის სახით ცესკო-ს თავმჯდომარეზე 19 250 ლარი გაიცა, ხოლო დანამატის სახით 7 150. ჯამში, მიმდინარე წლის ექვს თვეში თამარ ჟვანიამ 26 400 ლარი აიღო. რაც შეეხება 2016 წელს, ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ აღებულმა პრემიამ 31 900 ლარი შეადგინა, ხოლო დანამატმა 63 809 ლარი. 2015 წელს ცესკოს თავმჯდომარეზე გაცემულმა პრემია-დანამატმა ჯამში 47 160 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი, 77 491 ლარი.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა ცესკო-ს თავმჯდომარის სამივლინებო ხარჯების ოდენობით. ცესკო-ს მონაცემებით, 2014 წელს სამივლინებო ხარჯებმა 28 733 ლარი, 2015 წელს კი 22 751 ლარი შეადგინა. 2016 წელს ეს რიცხვი 12 946 ლარი, ხოლო  2017 წელს (ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით) 9 987 ლარი იყო. აღნიშნული მოიცავს მგზავრობის, სასტუმროს და საზღვარგარეთის ვიზის მოსაკრებლის ხარჯებს.

დასკვნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის ექვს თვეში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ აღებულმა პრემია-დანამატმა 26 400 ლარი შეადგინა, რაც თვეში საშუალოდ 3 800 ლარი გამოდის. 2016 წელს პრემია-დანამტის სახით 95 709 ლარი გაიცა, საშუალო თვიური მაჩვენებლი კი 8 000 ლარი იყო. 2015 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 47 160 ლარი დაიხარჯა, 2014 წელს კი 77 491 ლარი. რაც შეეხება თამარ ჟვანიას ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს, ის 5 500 ლარს შეადგენს. არჩევნების პერიოდში კი მისი თანამდებობრივი სარგო ორმაგდება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვერსია მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ ცესკო-დან გამოგვეხმაურნენ და მასში არსებული უზუსტობების შესახებ მიგვითითეს. როგორც აღმოჩნდა, სტატიაში, კერძოდ ცხრილ 1-ში, გაპარული იყო მექანიკური შეცდომა 2014 წლის სექტემბერში ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებულ დანამატთან დაკავშირებით. 114.55 ლარის ნაცვლად, ცხრილში მოცემული იყო 11 455 ლარი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეცდომას გავლენა არ მოუხდენია 2014 წელს ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ მიღებული დანამატის ჯამის დათვლისას და ეს მონაცემი (როგორც სტატიის პირველ ვერსიაშიც ეწერა) 43 219 ლარია. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ მექანიკურ უზუსტობას სტატიაში მოცემულ ჯამურ მაჩვენებლებზე და შესაბამისად სტატიის საბოლოო დასკვნაზე გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება მეორე შენიშვნას, სტატიის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ პრემია წელიწადში 6-ჯერ აიღო, ეს მონაცემი (პრემიების აღების სიხშირე) კანონით გაწერილ ზედა ზღვარს სცდება და აღნიშნული ზღვარი ყოველ წელს ირღვეოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ერთი წლის განმავლობაში პრემიის აღების სიხშირის მაქსიმალური ზედა ზღვარი შვიდს შეადგენს. ფაქტ-მეტრი მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ინფორმაციის არასწორად გავრცელების გამო და სტატიას შესაბამისად აკორექტირებს. ცესკო-ს კი, სტატიაზე რეაგირებისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ ორ უზუსტობას სტატიის საბოლოო დასკვნასა და ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის ვერდიქტი უცვლელი რჩება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი