როგორ არ მოვტყუვდეთ?

როგორ არ მოვტყუვდეთ ინტერნეტში ინფორმაციის მოხმარებისას?

არასწორი ინფორმაციის გამავრცელებელი და მსხვერპლიც შესაძლოა ყველა გავხდეთ. ბევრმა ადამიანმა შესაძლოა არასწორი ინფორმაცია მეგობრებსა და ახლობლებს გაუზიაროს, რადგან ჩათვალოს, რომ ეს ინფორმაცია მათ დაეხმარებათ. უნებლიედ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისას დახმარების ნაცვლად, შესაძლოა ჩვენ მეგობრებს საფრთხე შევუქმნათ. 

2015 წელს სტენფორდის ისტორიის საგანმანათლებლო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლა თუ როგორ მოიხმარმარდნენ ინფორმაციას კოლეჯის სტუდენტები, პროფესიონალი ფაქტების გადამმოწმებლები და ისტორიკოსები. აღმოჩნდა, რომ ფაქტების გადამმოწმებლებს, კვლევის სხვა მონაწილეებთან შედარებით, უფრო უკეთ შეეძლოთ განესაზღვრათ თუ რა იყო სანდო ინფორმაცია. სტენფორდის უნივერსიტეტმა ფაქტების გადამმოწმებლის მეთოდები შემდეგ სამ კითხვაში ასახა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ინფორმაცია კრიტიკულად გაიაზრონ:

  • ვინ დგას ინფორმაციის უკან? ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას?
  • ინფორმაციის დასადასტურებლად რა მტკიცებულებებია მოცემული?
  • რას ამბობენ სხვა წყაროები?

ვინ ავრცელებს ინფორმაციას?

ვებგვერდი

როდესაც სოციალურ ქსელში გვხვდება რომელიმე ონლაინ ვებგვერდის სტატია, მნიშვნელოვანია, რომ შევამწმოთ ინფორმაცია გამავრცელებელი ვებგვერდის შესახებ. ამისთვის თავად გამავრცელებელი ვებგვერდი დაგეხმარებათ. 

ფრთხილად თუკი ვებგვერდს არ აქვს მითითებული ინფორმაცია რედაქციის მისიის, სტანდარტების, მფლობელის ან მომუშავე ჟურნალისტების შესახებ! 

აღნიშნული ინფორმაციის არარსებობამ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი უნდა გაგვიჩინოს, რადგან, როგორც წესი, სანდო მედიასაშუალებები ამ ინფორმაციას საჯაროდ დებენ და მომხმარებელს მათ შესახებ ინფორმაციის არ უმალავენ.

ინფორმაცია რედაქციის შესახებ ხშირად მოთავსებულია სექციაში „ჩვენს შესახებ“.  თუკი ვებგვერდის ზედა მენიუში არ არის აღნიშნული სექცია, ქვედა მენიუ შეამოწმეთ. 

ვებგვერდის შესწავლისას მნიშვნელოვანია, შევამოწმოთ საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც გამოცემის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი/საფოსტო მისამართი უნდა იყოს მითითებული. 

ხშირია შემთხვევები, როდესაც დეზინფორმაციის გამავრცელებლი წყაროები სანდო მედიასაშუალებების სახელებს იყენებენ და ამ მეთოდით ცდილობენ, მომხმარებლების ნდობის მოპოვებას. მაგალითად, საქართველოში მოქმედებს ვებგვერდი სახელწოდებით - www.guardian.ge. 

ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს ის ბრიტანული „გარდიანია“, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მე-19 საუკუნიდან გამოიცემა. თუმცა, მათი მისამართი შემდეგნაირად გამოიყურება www.theguardian.com და ბრიტანული გაზეთი საქართველოში არ გამოიცემა.

არის შემთხვევები, როდესაც სატირული გამოცემის მიერ მომზადებული გამოგონილი ინფორმაცია ინტერნეტში ვრცელდება როგორც ნამდვილი ამბავი. 

მაგალითად, „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ „Barbie doll-ის კომპანიამ გამოაცხადა ახალი ორსული კენის თოჯინის გაყიდვების დაწყება“. ინფორმაციას თან ახლდა ვიდეო, რომელშიც მოცემული იყო ორსული მამაკაცის ფორმის თოჯინა. ერთი შეხედვით, ვიდეოში საეჭვო არაფერი ჩანდა და ინფორმაციის ნამდვილობის დამადასტურებლად მყარ მტკიცებულებას ქმნიდა. 

თუმცა, ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ როგორც ეს ვიდეო, ასევე ამბავიც ამერიკული სატირული გამოცემის „The Babylon Bee” მიერ იყო შექმნილი და მას საერთო არაფერი ჰქონდა სინამდვილესთან. 

სოციალურ ქსელში ინდივიდუალური მომხმარებელი, გვერდი ან ჯგუფი

სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამავრცელებელი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური მომხმარებელი, ან გვერდი. ინფორმაცია მათ გვერდზე ან ჯგუფში შეიძლება გაზიარდეს. 

მედიისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შემოწმება უფრო რთული შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა, იმის გასაგებად თუ ვინ დგას ამა თუ იმ გვერდის მიღმა, იგივე კითხვების დასმითაა შესაძლებელი, რასაც ვებგვერდების შემთხვევაში ვიყენებდით. 

მაგალითად, Facebook-ზე გვერდების შემთხვევაში მნიშვნელოვანია შევამოწმოთ „About” სექცია, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ გვერდის მიზნები, დაარსების თარიღი, მმართველი ადმინისტრატორების მდებარეობა, რეკლამირების ისტორია, სხვ. 

მაგალითისთვის ავიღოთ Facebook გვერდი სახელად „სიახლეების ბლოგი • Blog News“. აღნიშნულმა სახელმა მომხმარებლების უმრავლესობაზე შესაძლოა დატოვოს შთაბეჭდილება, რომ ის ახალი ამბების სააგენტოა.

 

გვერდის მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო შეიძლება გაგვიმყაროს. 

“About” სექციის შემოწმებისას შემდეგ ინფორმაციაა მოცემული:

Facebook გვერდი რეგისტრირებულია როგორც პერსონალური ბლოგი და მითითებული აქვს ვებგვერდის მისამართი, მსგავსი სახელწოდებით, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო დაგვაჯეროს, რომ ეს ახალი ამბების სააგენტოს Facebook გვერდია. 

თუმცა, ვებგვერდზე გადასვლისას აღმოჩნდება, რომ ის არ მუშაობს. სხვა საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ არის, მაგ. ტელეფონის ნომერი, მისამართი, სხვ.

“About” სექციაში მოცემულია ასევე “Page Transparency” (გვერდის გამჭვირვალობა) სექცია. 

ამ ველიდან ვიგებთ, რომ გვერდი 2021 წლის 30 ივლისს დაარსდა. „See All” ღილაკით კი შემდეგია ცნობილი:

გვერდმა სახელში ცვლილება შეიტანა შექმნის დღესვე. მას სამი ადმინისტრატორი ჰყავს საქართველოდან.

Facebook ასევე გვთავაზობს გვერდის მიერ გაშვებული რეკლამების შემოწმებას. 

რეკლამების ისტორიიდან ვიგებთ, რომ Facebook გვერდი გამოქვეყნებულ პოსტებს ხშირად ასპონსორებს, როგორც წესი >$100-ით. როგორც გამოქვეყნებული, ასევე დასპონსორებული მასალა, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებია ან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების მადისკრედიტირებელი მასალები.  

Facebook რეკლამის გაშვებისას გვერდების სთხოვს წარმოადგინონ მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალების ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლებს დამატებით ინფორმაციას აწვდის:

ამ შემთხვევაში, რეკლამის გამშვების ინფორმაციით ვიგებთ, რომ მათ აქვთ კვლავ მითითებული იგივე ვებგვერდი, რომელიც არ მუშაობს, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ტელეფონის ნომერზე დარეკვისას ავტომოპასუხის თანახმად, აღნიშნული ნომერი გამორთულია ქსელიდან. 

ამდენად, Facebook გვერდის მიერ მითითებული ინფორმაციის მიუხედავად, შეუძლებელია მათთან დაკავშირება. 

ერთი მხრივ, ცალმხრივად და შერჩევითად მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, ხოლო მეორე მხრივ, არარსებული ვებგვერდისა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის მითითება, ეჭვებს გვერდის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ზრდის. 

მსგავსი გვერდების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც საინფორმაციო სააგენტოები, თუმცა, გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, კიდევ უფრო კრიტიკულად უნდა მოვიხმაროთ.

სოციალურ ქსელში ასევე შესაძლებელია შეხვდეთ ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებელი ავრცელებს. სოციალურ ქსელში დარეგისტრირება უფასო და მარტივია, ამიტომ დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა შესაძლოა ყალბი ანგარიშები შექმნან. 

ხშირად გსმენიათ, ალბათ, ტროლებისა და ბოტების შესახებ. 

•  ტროლი - წარმოადგენს ინტერნეტ აქტივისტს, რომელიც ხშირად და განზრახ აქვეყნებს რადიკალური და პროვოკაციული შინაარსის მესიჯებს სოციალურ მედიაში და სხვა სახის ინტერნეტ ფორუმებზე. ტროლი შეიძლება ამას თავისი ნება-სურვილით აკეთებდეს, ზოგჯერ კი - გასამრჯელოს სანაცვლოდ. ტროლის მიზანია კონსტრუქციულ განხილვებში უთანხმოების შეტანა და ობიექტური სიმართლის დაჩრდილვა. 

•  ბოტი - წარმოადგენს კომპიუტერული პროგრამით მართულ ანგარიშს, რომელიც ასრულებს ავტომატურ და განმეორებით ბრძანებებს, ზოგჯერ კი ეწევა საზიანო ქმედებებს. სოციალური მედიის ბოტი შესაძლოა იყოს დაპროგრამებული ყალბი ანგარიში, რომელიც ტროლის (იხ. ზემოთ) მსგავს საშუალებებს იყენებს და იმავე მიზნებს ემსახურება. ბოტები, მათი მიზანმიმართული გამოყენებისას, ხშირად ერთიანდებიან ქსელებში (ბოტნეტები), რომლებიც ერთმანეთის ინფორმაციას იმოწმებენ, საკუთარი სანდოობის გაზრდის მიზნით

სოციალურ ქსელის მომხმარებლის შემოწმებისას მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ დემოგრაფიულ მონაცემებს, მათ სახელს, მეგობრების რაოდენობას, მეგობრების სახელებს, მათ გაზიარებულ და გამოქვეყნებულ მასალებს. იმისათვის, რომ ტროლი ავთენტურად გამოიყურებოდეს, ხშირად ტროლები იმეობრებენ რეალური ადამიანების ქცევებს, ჰყავთ მეგობრები (რომელთა ნაწილი ასევე ტროლია, ნაწილი რეალური ადამიანები, სხვ.) არის შემთხვევები, როდესაც ტროლები სულაც არასაჯაროდ ხდიან მეგობრების სექციას. თუმცა, ამ ინფორმაციის მოძიების მცდელობა მაინც დაგეხმარებათ განსაზღვროთ სანდოა თუ არა აღნიშნული წყარო. ბუნებრივია, ანგარიში, რომელსაც არარეალური სახელი აქვს, იდენტიფიცირებადი ფოტო ან სხვა სახის მასალა არ აქვს, საეჭვოდ გამოიყურება და მსგავსი მომხმარებლისგან გავრცელებული ინფორმაციაც გადამოწმების გარეშე არ უნდა მივიღოთ სიმართლედ. 

რა მტკიცებულებებია მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებლად?

მნიშვნელოვანი რჩევები:

არ ენდოთ მხოლოდ სათაურს

შეისწავლეთ სტატიის შინაარსი, რამდენად ემთხვევა სტატიის სათაური და შინაარსი

შეამოწმეთ სტატიის გამოქვეყნების თარიღი

რა წყაროებია მოყვანილი ინფორმაციის დასადასტურებლად

წაიკითხეთ სათაურს მიღმა! ხშირად დეზინფორმატორები სათაურით ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას. 

მაგალითად, ერთ-ერთმა ვებ-გვერდმა sport365.ge-მ გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით- „სხვა გზა არ დაგვრჩა, უნდა ჩავკეტოთ ისევ ყველაფერი...“- ახლახანს გამაოგნებელი განცხადება გაკეთდა“. რეალურად, სტატიის სათაური მის შინაარსთან არავითარ კავშირში არ ყოფილა და პანდემიის ფონზე, მოსახლეობას უქმნიდა განწყობას, თითქოს ქვეყანაში მთავრობა მორიგ კოვიდშეზღუდვებს აწესებდა. სინამდვილეში, სტატიის ძირითადი ტექსტში, აშშ-ში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი იყო მოცემული, რომელშიც ის საპარლამენტო არჩევნებსა და პანდემიას ეხმაურებოდა და ის ოპოზიციას ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებას ურჩევდა. 

შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ასევე, მაგალითად,  სოციალურ ქსელში Footballs.ge-მ სტატია შეცდომაში შემყვანი სათაურით გაავრცელა- „რა დაემართა იმ ხალხს, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა“.  სტატია სხვადასხვა Facebook-ჯგუფში ასევე შეცდომაში შემყვანი აღწერით გაზიარდა - „რა გამოიწვია აშშ-სა და კორეაში ადამიანებში ვაქცინის გაკეთებამ“. 

სინამდვილეში, Footballs.ge-ის სტატიის ბმულზე გადასვლისას ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბავი გვხდება, თუმცა არცერთი მათგანი სათაურს არ შეესაბამება. სტატიის პირველ ნაწილში აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) ანგარიშზეა საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ ვაქცინირებულთა ჯგუფიდან 4 მოხალისეს ბელის დამბლა ანუ სახის კუნთების დამბლა განუვითარდათ.  სტატიას თანდართული ფოტომასალიდან ერთ-ერთი სწორედ ის ფოტოა, რომელიც ბელის დამბლასა და ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ახლდა. ხოლო მეორე ნაწილი კი  სამხრეთ კორეელი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის, ფილტვს შეეხება, რომელიც ექიმებმა 2020 წლის ივლისში გაასაჯაროეს.  აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რაზეც საერთაშორისო მედიაც წერდა. თუმცა Footballs.ge-ის სტატიას თანდართული ფოტომასალიდან მეორე სწორედ ამ პაციენტის ფილტვია, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ფილტვის დაზიანება გამოიწვია. სინამდვილეში, ფილტვის აღნიშნულ ფოტოს კორონავირუსის ვაქცინასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, სტატიის სათაური თანდართულ ტექსტსა და ფოტომასალას არ ემთხვევა, რაც, საერთო ჯამში, მკითხველის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

გადაამოწმეთ თარიღი! შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილების შესაქმნელად  დეზინფორმაციის გამავრცელებელმა ძველი, თუმცა ნამდვილი ამბავი გაავრცელონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამბის თარიღისა და კონტექსტის შემოწმება. 

მაგალითად, ერთ-ერთმა საიტმა თბილისის მერის, კახა კალაძის ციტატა - „ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა“ გაავრცელა. 

აღნიშნული ფრაზა კალაძეს ნამდვილად ეკუთვნის, თუმცა ის მერმა 2018 წელს გაავრცელა, როდესაც ტაქსების რეფორმაზე საუბრობდა. 2020 წლის 29 ნოემბერს 2 წლის წინანდელი ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, თითქოს ის ქალაქის მერმა ახლახანს განაცხადა, მანიპულაციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2020 წლის 28 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით შემოღებული შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა, რის შედეგადაც დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა და გადაადგილება მხოლოდ პირადი ავტომობილით, ფეხით და ტაქსით იყო შესაძლებელი. შესაბამისად, 29 ნოემბერს ტაქსით მგზავრობის გაძვირების შესახებ კახა კალაძის ორი წლის წინ გაკეთებული განცხადების გავრცელება მანიპულაციური იყო და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

შეისწავლეთ ავტორი! დეზინფორმაციის გამავრცელებელმა წყაროებმა ინფორმაციის დამაჯერებლობის გასაზრდელად შესაძლოა სხვა ადამიანების, ექპერტების, სახელები გამოიყენონ. მაგალითად, უკრაინის ომის კონტექსტში რუსეთის მხარდამჭერი მედია ხშირად ციტირებს „დასავლელ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს“, რითიც ცდილობს აუდიტორიაში დეზინფორმაციისადმი ნდობა გააძლიეროს. მაგალითად, ისლანდიელი ჟურნალისტი ჰაკურ ჰაუკსონი, რუსული „ტვ ზვეზდას“ ეთერში სხვა „დასავლელ ჟურნალისტებთან ერთად“ დონბასში ე.წ პრეს-ტურზე აცხადებდა, რომ უცხოური მედია უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ შესახებ სანდო ინფორმაციას არ ავრცელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, როგორია რეალობა სინამდვილეში. უცხოური მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შორს არის სიმართლისგან. ჩვენ მივდივართ ხალხთან, ვხედავთ ნგრევას. დასავლური მედია სულ სხვა სურათს ხატავს, რუსული ინფორმაცია კი ბევრად უფრო ახლოსაა სიმართლესთან“, - განაცხადა ჰაუკსონმა.

სინამდვილეში, კი აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ჟურნალისტი არა დასავლურ სანდო მედიასაშუალებებში, არამედ რუსულ გამოცემაში მუშაობს, რომლის მფლობელიც დასავლეთის მიერ დასანქცირებული ევგენი პრიგოჟინია.

უფრო ვრცლად მსგავსი შემთხვევების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

რას ამბობენ სხვა წყაროები?

ინფორმაციის გადამოწმებისთვის მნიშვნელოვანია, ვნახოთ რას ამბობენ გავრცელებულზე სხვა წყაროები. ხშირად შესაძლოა დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა პინგ-პონგის მეთოდით რამდენიმე მედიასაშუალებაზე გამოაქვეყნონ არასწორი ინფორმაცია და ერთ-ერთს პირველწყარო უწოდონ.

აღნიშნულის სადემონტრაციოდ კარგი მაგალითია ოპერაცია INFEKTION, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში რუსეთში დაიგეგმა და მიზნად ისახავდა შიდსის შესახებ დეზინფორმაციებისა და კონსპირაციული თეორიების აშშ-ის წინააღმდეგ გამოყენებას. პირველად დეზინფორმაცია 1983 წელს, ინდურ გაზეთ „Patriot“-ში ინგლისურენოვანი სტატიაში დაიბეჭდა - „შიდსი შეიძლება შემოიჭრას ინდოეთში: მისტიური დაავადება, რომელიც გამოწვეულია აშშ-ში ჩატარებული ექსპერიმენტებისგან“. წერილი თითქოსდა ცნობილი ამერიკელი მეცნიერისა და ანთროპოლოგის მიერ იყო დაწერილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ შიდსი პენტაგონის ბიოლოგიური ექსპერიმენტების შედეგი იყო. 1985 წელს, მას შემდეგ რაც შიდსის გავრცელებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო, აღნიშნული საკითხი დასავლურ მედიაში გააქტიურდა. 1985 წელს „Patriot”-ის მიერ გამოქვეყნებული ეს სტატია სხვა გამოცემებში, მაგ. „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა. ააღნიშნულმა პროპაგანდამ შეძლო იმდენი, რომ შიდსზე დეზინფორმაციული კამპანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, კრიტიკის გარეშე, ისეთ ბრიტანულ გამოცემებში გავრცელდა, როგორებიცაა: Sunday Express და Daily Telegraph. აღსანიშნავია, რომ 1992 წელს, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, ყოფილმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი პრიმაკოვმა, აღიარა, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი (KGB) მონაწილეობდა. 

დააკვირდით თქვენს განწყობებს!

ეს საფეხური ყველაზე უცნაურად გამოიყურება, ალბათ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, ყველა ადამიანს საკუთარი წინასწარ განსაზღვრული განწყობა აქვს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტია მოგვწონდეს ან პირიქით, ძალიან არ მოგვწონდეს. 

როდესაც სოციალურ ქსელში პოლიტიკოსზე, რომელიც არ მოგვწონს, ნეგატიურ ამბავს ვხვდებით, შეიძლება არც კი დავფიქრდეთ ინფორმაციის ნამდვილობაზე და ჩვენი უარყოფითი განწყობების გათვალისწინებით გადამოწმების გარეშე დავიჯეროთ. ან პირიქით, ძალიან მოგვწონდეს პოლიტიკოსი და მასზე გავრცელებული ინფორმაცია ასევე გადამოწმების გარეშე სიმართლედ მივიღოთ. 

მაგალითად, Geonewest.com-ზე გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით- „მაისის ბოლომდე, ყოველ ოჯახს, ბიძინა ივანიშვილი ურიგებს ათას-ათას დოლარს“. კონკრეტული სტატია შემდგომ სოციალურ ქსელშიც გაზიარდა. სინამდვილეში, სტატიის ძირითად ნაწილში აღნიშნულია, რომ სათაურში გამოტანილი ციტატა შალვა ნათელაშვილს ეკუთვნის და მისი საპირველაპრილო ხუმრობაა.

ასევე, მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის სისხლში ტოქსიკოლოგიური დასკვნის შედეგად, ურანი აღმოაჩინეს. რეალურად, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სინამდვილეში, მედიაში გასაჯაროვებული ტოქსიკოლოგიური ანალიზის თანახმად, მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში თმისა და ფრჩხილის ანალიზით, ვერცხლისწყალი და დარიშხანი აღმოაჩინეს, რომელიც ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.

პოლიტიკოსებს, რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა თქვენ სკეპტიკურად იყოთ განწყობილი მაგალითად ვაქცინების მიმართ და ორგანიზებულმა ჯგუფებმა, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ ანტივაქცინურ დეზინფორმაციას, თქვენი წინასწარი განწყობით ისარგებონ. 

ამიტომ, გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს უჭერთ მხარს თუ როგორი განწყობები გაქვთ, თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ არასწორი ინფორმაციის სამიზნე. 

დაუკავშირდით მათ, ვინც ფაქტების გადამოწმებითაა დაკავებული!

ინფორმაციის გადამოწმება ხშირად დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ თუკი ზემოთ ჩამოთვლილი საფეხურების გავლისთვის დრო არ გაქვთ ან ვერ შეძელით ინფორმაციის მოძიება, დაუკავშირდით ფაქტების გადამმოწმებელ პროფესიულ ორგანიზაციებს, რომლებიც თქვენთვის მუშაობენ და გადაგიმოწმებენ ინფორმაციას, რომლის გადამოწმების დროც თქვენ არ გაქვთ. 

დაგვიკავშირდით „ფაქტ-მეტრის“ მესენჯერში, WhatsApp-ის ჩატბოტის საშუალებით ან ჩვენს ვებგვერდზე მოცემული ბმულით „გადაამოწმე შენი ფაქტი“. 

იხილეთ ყველა სტატია

პროპაგანდა

იხილეთ ვრცლად
5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი