„თბილისს უამრავი პრობლემა დაუგროვდა. ორ ათეულ წელზე მეტია, ეს პრობლემები  ერთმანეთს ემატება, მათ გადაჭრას კი რადიკალური, თამამი გადაწყვეტილებები და ერთ მუშტად შეკრული ძლიერი, პროფესიონალი გუნდი სჭირდება“, -  ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ფაქტ-მეტრთან თბილისის პრობლემებზე საუბრისას გააკეთა. კონკრეტულად რა პრობლემებს მიიჩნევს დედაქალაქისთვის მთავარ პრობლემად მმართველი გუნდის კანდიდატი, როგორ აპირებს ამ საკითხის გადაჭრას და როგორია მისი საარჩევნო გეგმები და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები, ამ საკითხებზე ფაქტ-მეტრი კახა კალაძეს ესაუბრა.   პირველი კითხვა, რაც მას დავუსვით  იყო, თუ რას თვლის ის საკუთარ უპირატესობად და   რატომ უნდა შეაჩეროს თბილისის მოსახლეობამ არჩევანი მის კანდიდატურაზე. კახა კალაძე:

 დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, არის რეალური გეგმები. ჩემი გუნდი ამ გეგმებს ამუშავებდა და მათ განხორციელებასაც დიდი შემართებით აპირებს.  თბილისს უამრავი პრობლემა დაუგროვდა, ორ ათეულ წელზე მეტია, ეს პრობლემები  ერთმანეთს ემატება, მათ გადაჭრას კი რადიკალური, თამამი გადაწყვეტილებები და ერთ მუშტად შეკრული ძლიერი, პროფესიონალი გუნდი სჭირდება. ახლა, როცა თბილისში არსებულ სიტუაციას ყველა ვხედავთ, პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის. არის მიზანი, არის ამ მიზნისკენ სავალი სწორად გათვლილი გზა და არის ხალხი, ვინც ამ გზას გაივლის.

  • ახლაც თქვენი გუნდელია თბილისის მერი და გამოდის, რომ პრობლემები, გადაჭრის ნაცვლად, მანაც დაუმატა და თქვენმა გუნდმა რადიკალური, მისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს? იქნებ მისი საქმიანობის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე გვესაუბრა, როგორ აფასებთ მის საქმიანობას?
კახა კალაძე:

 არა, ასე არ არის. ის, რაც 20 წელი ფუჭდებოდა, სამ წელიწადში ვერ გამოსწორდებოდა, ესაა რეალობა და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. დათო წესიერი, შრომისმოყვარე ადამიანია, ბევრი კარგი რამე გაკეთდა მისი მერობის დროს, უბრალოდ, არსებული განწყობისა და ინფორმაციის სიმწირის გამო, შეიძლება, ეს სიკეთეები არ გამხდარა თვალშისაცემი ისე, როგორც საჭირო იყო.

რაც მთავარია, ჩვენ დავინახეთ, რომ მხოლოდ დღევანდელი პრობლემების აღმოფხვრით თბილისს არაფერი ეშველება. საფუძვლიანად, რევოლუციურად უნდა შევცვალოთ ყველაფერი.

  • ჩამოთვალეთ 3 მთავარი პრობლემა, რომელიც თბილისის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს.
კახა კალაძე:

 მოკლედ ვიტყვი: ეკოლოგია, ქაოტური მშენებლობები, პარკირება.

  • როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? გაქვთ კონკრეტული გეგმა თითოეულთან დაკავშირებით?
კახა კალაძე:

სამივეს გამოსწორების ზუსტი სქემა და რეალური გეგმა გვაქვს პროგრამაში. პირველივე დღიდან, ამ სამ ფრონტზე ერთდროულად შევუტევთ. შედეგიც მალე დადგება.

  • კონკრეტულად?
კახა კალაძე:

ჩვენი პროგრამა ძალიან მალე გამოქვეყნდება და დეტალურად იქ იქნება ამაზე საუბარი.

  • რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩეველთათვის და როგორ აპირებთ მათ შესრულებას?  
კახა კალაძე: 

ჩვენ ამ დღეებში ვისაუბრებთ ამაზე დეტალურად, მაგრამ მსურს აღვნიშნო მთავარი - გადაწყვეტილებები იქნება შემტევი და სწრაფი. ისინი არ უნდა იკარგებოდეს ან ფერხდებოდეს სამსახურების ლაბირინთებში. სამივე გამოწვევა, რაც ზემოთ აღვნიშნე, არის უსწრაფესად დასაწყები და მუშაობის ტემპიდან გამომდინარე, წესით, თავიდანვე გამოჩნდება უკეთესობა და პროგრესი ამ მიმართულებებში.

  • არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? გაქვთ ამ მიმართულებით კონკრეტული სქემები?
კახა კალაძე:

ესეც პროგრამაში გვაქვს - ძირეულად შევცვლით მართვის სისტემას. მოქალაქეებს არა მხოლოდ აქტიური კომუნიკაცია ექნებათ მერიასთან, არამედ ჩართულები იქნებიან მერიის მუშაობაშიც. მეტსაც გეტყვით, თბილისელები უბნების მიხედვით განკარგავენ თავის ბიუჯეტს, ხოლო მერიის სამსახურების მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ. მერია არ უნდა იყოს მიუწვდომელი ციხესიმაგრე, მასთან ურთიერთობა კი დისკომფორტის შემქმნელი. ერთი ფანჯრის პრინციპი, ორმხრივი კომუნიკაცია და მობილურობა - ესაა ჩვენი გეგმა.

  • დედაქალაქის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა პარკირება. ამჟამინდელი მერი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნული ხელშეკრულების გასაუქმებლად 25 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ, რისი ფუფუნებაც დღეს დედაქალქს არ აქვს. თქვენ როგორ აპირებთ პარკირების პრობლემის მოგვარებას?
კახა კალაძე:

პარკირება გახდება მუნიციპალური. მოსახლეობის ფული წავა არა ვინმეს ჯიბეში, არამედ ბიუჯეტში და მოხმარდება მუნიციპალურ საჭიროებებს.

  • თბილისელებისთვის განსაკუთრებით შემაწუხებელი საცობების პრობლემაა. როგორ გესახებათ ამ პრობლემის მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ გადაჭრა მაინც?
კახა კალაძე:

საცობები, ზოგადად, ჩვენი ცივილიზაციის გამოწვევაა. მსოფლიოს დიდ ქალაქებში ეს პრობლემა მწვავედ დგას. მთავარია, საცობები არ იყოს ქაოტური და მუდმივი. ამ პრობლემას სწორად მართვა სჭირდება, რაც რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს: პარკირების დალაგებას, საერთო საგზაო რუკის შექმნას და მართვას, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგებას და გზების გამტარიანობის გამოთვლას. ამ კომპონენტების ერთდროულად მოწესრიგებით, საცობების პრობლემა მწვავე აღარ იქნება.

  • ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად დედაქალაქში თითქმის ორ მილიონ კვ/მ ფართობის სამშენებლო ნებართვა გაიცემა. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს ფაქტი პრობლემური და თავად როგორ დაარეგულირებთ ამ საკითხს ისე, რომ მოსახლეობის ინტერესიც იქნას გათვალისწინებული და დეველოპერებისაც?
კახა კალაძე:

რასაკვირველია, პრობლემურია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს საკითხი თბილისის გენერალური გეგმის ფარგლებში დარეგულირდება. როცა ქალაქს ექნება ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია, ნებართვების თემაც დაკარგავს ტრაგიკულ აქტუალურობას.

  • როგორც ვიცით, თბილისის განვითარების გენერალური გეგმა თითქმის მზად არის. თუმცა, მთავარია მისი აღსრულება. როგორ აპირებთ გენგეგმის პრაქტიკაში აღსრულებად რეგულაციად ქცევას?
კახა კალაძე:

მზადაა, თუმცა წინ არის განხილვები. ექსპერტების მხრიდან მსჯელობა, მთელი რიგი საკითხები. მას შემდეგ, რაც დამტკიცდება გენერალური გეგმა, ამოქმედდება ქალაქის ურბანული განვითარების ჩვენი სტრატეგია.

  • საკმაოდ მძიმეა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა (გამწვანების მიმართულებით, ჰაერის დაბინძურება). ევროპული სტანდარტის მიხედვით, ქალაქში გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვ/მ-ია მაშინ, როდესაც ჩვენ დედაქალაქში 4-5 კვ/მეტრს არ აღემატება. კვლევები აჩვენებს, რომ თბილისში უკვე სიცოცხლისთვის საშიში ჰაერია. როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა?
კახა კალაძე:

ერთიანი მწვანე ზონების სქემის შექმნა,  გამწვანების გონივრული განვითარება უბნებში, სამშენებლო ეკოლოგიის მოგვარება, ნაგავსაყრელების მოწესრიგება, ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება - ეს ყველაფერი ერთად თბილისის ეკოლოგიას გააუმჯობესებს.

  • ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ახლანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული მიზეზების გამო შეაჩერა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
კახა კალაძე:

გარკვეული - არა. იყო კონკრეტული მიზეზი - ეს იყო პრეზენტაციისთვის, საპიაროდ გამოტანილი თემა და არანაირი გათვლა, არანაირი რეალურად  გაანგარიშებული პროექტი არ არსებობდა. რკინიგზა უბრალოდ ვერ იქნებოდა იმ ზედაპირული პროექტის საფუძველზე. ამჟამად საპროექტო წინადადების სრულყოფილი, დაანგარიშებული პაკეტი გვაქვს, რაც იძლევა მისი რეალურად განხორციელების საფუძველს.

  • თბილისში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა იაფი საცხოვრებელი კორპუსები, ე.წ. ხრუშოვკები, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა კარგა ხანია, გაუვიდათ. თუ გაქვთ „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროექტი და ზოგადად, როგორ აპირებთ ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას?
კახა კალაძე: ჩვენ უკვე გავიარეთ მოლაპარაკებების სერია მთელ რიგ კომპანიებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტებთან ერთად იმუშავებენ ამ საკითხზე.  ჩვენ ვაპირებთ ხრუშოვკების, ზოგადად, გარკვეული ტიპის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესის დაწყებას, რაც წაადგება ქალაქსაც, კომპანიებსაც და, რაც მთავარია, ყველა იმ თბილისელს, ვინც ამჟამად დისკომფორტში ცხოვრობს. მეტიც, ბევრს უკვე სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევს ყოფნა. ეს იქნება ახალი ეტაპი ქალაქის, კონკრეტული უბნების განვითარებაში. მართლაც რომ ახალი სიცოცხლით აივსება, ძველი „ხრუშოვკების“ ნაცვლად აშენებული სახლები. სიახლე კი ყოველთვის პროგრესის საწინდარია. თბილისი გახდება ლამაზი, უსაფრთხო და კომფორტული ქალაქი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი