მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის მიერ ორგანიზებულ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესზე ისაუბრა და ორი მოსმენით მიღებული პროექტის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის განცხადებით: „ვენეციის კომისიას 23 რეკომენდაცია ჰქონდა, რომელთაგან 20 გავითვალისწინეთ. არის მხოლოდ სამი საკითხი, რომელსაც არ ჰქონდა დემოკრატიული სისტემისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისთანავე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო რეფორმების გატარება დააანონსა. იმავე წლის 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე, პრეზიდენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და პარლამენტს მაღალი პოლიტიკური ჩართულობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, კონსტიტუციის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნა შესთავაზა. თუმცა, აღნიშნული ინიციატივა არც პრემიერ-მინისტრის და არც პარლამენტის თავჯდომარის მიერ არ იქნა მოწონებული. საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

მართალია, პარლამენტის დადგენილებით კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლებიც მიიწვიეს (კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე), თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიაში ამ ფორმით მონაწილეობაზე უარი განაცხადა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიამ, რომლის დაკომპლექტებისა და მუშაობის ხარვეზიანობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ყურადღება არაერთხელ გაამახვილეს, ოთხთვიანი მუშაობის შედეგად, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი 2017 წლის 22 აპრილს, მხოლოდ უმრავლესობის („ქართული ოცნება“) მონაწილოებით მიიღო.

აღშნინულ ფაქტზე, ყურადღება საკუთარ ანგარიშში ვენეციის კომისიამაც გაამახვილა. „კანონპროექტმა ვერ მოიპოვა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობისა და სახალხო დამცველის მხარდაჭერა, მეტწილად იმიტომ, რომ ვერ იქნა მიღწეული თანხმობა რიგ ცენტრალურ საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო სისტემა და საპრეზიდენტო არჩევნები და უფლებამოსილებები“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში (გვ. 6).

2017 წლის 8 მაისს, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, იმ დათქმით, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა არცერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდებოდა და კომისიის მიერ გამოთქმულ ყველა სამართლებრივ რეკომენდაციას უპირობოდ გაიზიარებდა. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის მიერ პროექტის შესწავლის და რეკომენდაციების შემუშავების პარალელურად, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები მიმდინარეობდა, რამაც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩაიარა. საია-ს დაკვირვებით, „განხილვების პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა საზოგადოების დროული ინფორმირება და მათი აქტიურად ჩართულობა. ასევე საჯარო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირების მობილიზება ხდებოდა და ადგილი ჰქონდა წინასწარ დაწერილი კითხვების გადაცემას, რაც გარკვეულწილად შემდგომში საყოველთაო-სახალხო განხილვებზე დისკუსიის მმართველი გუნდის სასარგებლოდ წარმართვისკენ იყო მიმართული“. აღსანიშნავია, რომ სწორედ განხილვებზე გამოთქმული რამდენიმე შენიშვნა გახდა საბაბი უმრავლესობისთვის, რათა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ პროექტში არსებითი ცვლილებები შეეტანათ და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეცვლილი კანონპროექტი წარედგინათ (აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო ვრცლად თოთოეული რეკომენდაციის განხილვისას ვისაუბრებთ).

მიმდინარე წლის 19 ივნისს ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა. 23 ივნისისთვის კი საქართველოს პარლამენტს, რიგგარეშე სხდომებზე,115 ხმით(მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ – „ქართულმა ოცნებამ“) კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებკანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული ჰქონდა. ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება 26 სექტემბერსაა დაგეგმილი. ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს მხარს მხოლოდ უმრავლესობა უჭერს. პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მმართველ გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის განახლებისკენმოუწოდებს. ასევე, პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა შენიშვნების პროექტი ერთად შეადგინეს და „ქართულ ოცნებას“ გადაუგზავნეს. პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გვაქვს ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი, რომელიც საზოგადოების კონსენსუსის შედეგს არ წარმოადგენს. ქვეყნის ძირითადი კანონის მიღებისას კი საზოგადოების მაქსიმალურად მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც თავად კონსტიტუცია იწყება სიტყვებით, „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები“.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა ზეპირად და ასევე წერილობით მოსაზრებაშიც რამდენჯერმე არის ნახსენები, კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუციის პროექტის მომზადებას წარმოადგენს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებით: „ზოგადად, შემოთავაზებული ცვლილება დადებით შეფასებას იმსახურებს. იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის განვითარებას საპარლამენტო სისტემის მიმართულებით, რომელიც დაიწყო 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით და არის პოზიტიური წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის გასამყარებლად და გასაუმჯობესებლად, ეფუძნება, რა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ფუძემდებლური უფლებების დაცვის პრინციპებს. რაც შეეხება პროცესს, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ისწრაფვოდეს ამ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო რეფორმაში შეძლებისდაგვარად ფართო კონსენსუსის მიღწევისაკენ“ (პარ. 90).

სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ეს უმთავრესი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული და პლენარულ სხდომაზე ორ დღეში, დაჩქარებული წესით, ორი მოსმენით, მხოლოდ მმართველი ძალის მონაწილეობით განხილულ იქნა კანონპროექტი, რომელიც განსხვავდება სპეციალურად შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული პროექტისგან და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პროექტისგან, რომელზეც ვენეციის კომისიამ იმსჯელა და რეკომენდაციები გასცა. ასევე აღსანიშნავია, რომ კონსენსუსის არარსებობა არა მხოლოდ განსხვავებულ ჯგუფებს შორის, არამედ თავად უმრავლესობის შიგნითაც შეიმჩნეოდა. ამ ფაქტორმა თავი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპრორციულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით იჩინა.

კერძოდ, პლენარული სხდომების დაწყების წინ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა, ერთი შეხედვით ერთსულოვნად მიღებულ სრულად პროპორციული მოდელის შემოღებაზე აშკარა წინააღმდეგობა გამოთქვა. მმართველ პარტიაში არსებული განხეთქილება ასე ვთქვათ „კომპრომისით“ დასრულდა, რაც ახალი სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადავადებას გულისხმობს.

შესაბამისად, პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია, რაც კონსენსუსის მიღწევას გულისხმობდა ამ დრომდე შესრულებული არ არის. ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად შესრულდა ვენეციის კომისიის დანარჩენი რეკომენდაციები. როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის მხოლოდ 9რეკომენდაცია გაიზიარა, 11 კი არ გაიზიარა (იხ. ცხრილი). დანარჩენ რეკომენდაციებზე ან წარმოდგენილია ალტერნატიული ვერსია, ან ცალსახად ვერ შეფასდა ფაქტ-მეტრის მიერ. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები თითქმის სრულად იქნა გაზიარებული, იმართლეს არ შეესაბამება. ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით დეტალური კვლევა შეგიძლიათ ამბმულზე იხილოთ. konkon1kon2kon3 ავტორები: თამარ ქეცბაია, ელენე მჭედლიშვილი, ლაშა მაჭავარიანი

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი