მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელის, ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მიმართვას აქვეყნებს,

სადაც ის ონლაინ სივრცეში (კონკრეტულად კი ფეისბუქში) გავრცელებული ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის ტალღის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე საუბრობს. ფაქტ-მეტრი ფეისბუქის დამაარსებლის მოსაზრებებს და სამომავლო გეგმებს უცვლელად გთავაზობთ.

  მარკ ცუკერბერგი:

„სანამ დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი, ჩემს გუნდთან ერთად ძალიან დიდი დრო დავუთმე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს. შემდგომ განსახორციელებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დემოკრატიულ პროცესსა და მის მთლიანობას. ფეისბუქის მისიას ხალხისათვის სიტყვის თავისუფლების მიცემა და მათი დაახლოება წარმოადგენს. ჩვენ ვამაყობთ ამ დემოკრატიული ღირებულებებით და არ მინდა, რომ ვინმემ ჩვენი ინსტრუმენტები დემოკრატიისათვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენოს. ეს ის არ არის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით.

ჩვენი არჩევანის ხელშეუხებლობა მსოფლიო დემოკრატიისათვის აუცილებელ ფუნდამენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, შევქმენით გუნდი, რომლის წევრებიც დაიცავენ მთავრობებს არჩევნებში სხვა ქვეყნების ჩარევისაგან. ჩვენი გუნდის წევრებმა აღმოაჩინეს და დახურეს ათასობით ყალბი ანგარიში, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში მიმდინარე არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

ძალიან მინდა ვამბობდე, რომ შევძლებთ ყველანაირი სახის ჩარევის შეჩერებას, მაგრამ ეს არ იქნება რეალისტური. მსოფლიოში ცუდი ხალხი ყოველთვის იარსებებს, ვერც ყველა მთავრობას დავიცავთ გარეშე ჩარევებისაგან, მაგრამ შეგვიძლია ეს უკანასკნელი უფრო რთულად ხელმისაწვდომი გავხადოთ და ასეც მოვიქცევით.

დღეს მინდა გაგიზიაროთ ის ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ არჩევნების ხელშეუხებლობის დასაცავად და იმის დასამტკიცებლად, რომ ფეისბუქი დემოკრატიის დასაყრდენი ძალაა. მომავალი რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენ შემდეგ 9 საკითხზე ვიმუშავებთ:

1 -

ჩვენ აშშ-ის მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსულ ჩარევასთან დაკავშირებულ მიმდინარე გამოძიებაში. უკვე თვეებია, რაც აღნიშნულ საკითხს ვიძიებთ, თუმცა აქამდე არ გვქონდა ნაპოვნი რუსეთიდან გაშვებულ რეკლამებთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების მტკიცებულებები. ჩვენ ასეთი აქტივობის აღმოჩენისთანავე მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საბჭოს. გარდა ამისა, შევატყობინეთ კონგრესსაც. კანონმდებლობის თანახმად, შეზღუდული ვართ იმ საკითხებში, რომელთა განხილვაც სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ საზოგადოებასთან შეგვიძლია. ამიტომ, შეიძლება ყოველთვის ვერ შევძლოთ ჩვენი აღმოჩენების სახალხოდ გაზიარება. მთავრობისაგან ველით, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებენ კვლევის შედეგებს.

2 -

გავაგრძელებთ საკუთარ გამოძიებას ფეისბუქში მიმდინარე მოვლენებზე არჩევნების პერიოდში. შეიძლება კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა გავაკეთოთ. ჩვენ ვეძებთ უცხო აქტორებს, დამატებითი რუსული დაჯგუფებებისა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჩათვლით, ასევე კამპანიების მსგავს ორგანიზაციებს იმისათვის, რომ უფრო მეტი გავიგოთ მათ მიერ ჩვენი ინსტრუმენტების გამოყენების მეთოდების შესახებ. გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ საფუძვლიან კვლევას.

3 -

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ ის არის, რომ ვაპირებთ პოლიტიკური რეკლამირება უფრო გამჭვირვალე გავხადოთ. როდესაც ვინმე ტელევიზიაში ან სხვა მედიაში პოლიტიკურ რეკლამას ყიდულობს, მათ კანონი ავალდებულებს, რომ გაამხილონ გადამხდელის ვინაობა. ჩვენც ვაპირებთ, რომ ფეისბუქი გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტზე ავიყვანოთ. ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ის ინფორმაცია თუ რომელმა გვერდმა გადაიხადა რეკლამისათვის, არამედ შესაძლებელი იქნება რეკლამის დამკვეთის გვერდის მონახულება და იმის გაგება, თუ რა ტიპის რეკლამებს უშვებენ ფეისბუქის ნებისმიერი აუდიტორიისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ონლაინ პოლიტიკური რეკლამებისათვის გამჭვირვალობის ახალი სტანდარტის შექმნაზე.

4 -

ჩვენი ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენება კანონდარღვევის მიზნით, ყოველთვის ჩვენი პოლიტიკის საწინააღმდეგო ქმედება იყო. ამჟამად, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად კონტროლის ბევრ მექანიზმს ვფლობთ. თუმცა, მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი აპლიკაციებისა და ვებსაიტის მეშვეობით ყიდულობენ პროგრამულ რეკლამებს ისე, რომ რეკლამის განმცხადებელს ფეისბუქის არც ერთ თანამშრომელთან შეხება არ აქვს. აღნიშნული საკითხის გამოსწორება შეგვიძლია. ნამდვილად არ ვაპირებ იმის თქმას, რომ სისტემაში არსებულ ყველა უარყოფით კონტენტს წავშლით. გულახდილად რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უნდოდეს ხალხის მიერ გაკეთებული განცხადებების შემოწმება. თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ რამის თქმამდე არ უნდა იყოს საჭირო ნებართვის აღება და საუბრობდე ყველფერს, რასაც გინდა. თუმცა, ჩვენი სტანდარტების ან წესების დამრღვევები საკუთარი ქმედების შედეგების პირსიპირ დადგებიან. ყველას დაუყოვნებლივ ვერ დავიჭერთ, მაგრამ გავართულებთ ჩარევის შესაძლებლობებს.

5 -

ვზრდით ინვესტიციას უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით არჩევნების ხელშეუხებლობის მიმართულებით. მომავალ წელს გაორმაგებული ძალებით ვიმუშავებთ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. საერთო ჯამში ჩვენი გუნდი გაიზრდება 250 ადამიანით, იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება.

6 -

გავაფართოვებთ პარტნიორობას საარჩევნო კომისიებთან მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ხალხს ხმის მისაცემად დარეგისტრირებაში და აღნიშნულ საკითხში გათვიცნობიერებაში. უკვე ვთანამშრომბლობთ ბევრი ქვეყნის საარჩევნო კომისიასთან. გარდა ამისა, ვაპირებთ არხის დაარსებას, რომლის საშუალებითაც საარჩევნო კომისიებს მივაწოდებთ ინფორმაციას კონკრეტული არჩევნების დროს ჩვენ მიერ გამოვლენილი ონლაინ რისკების შესახებ.

7 -

ჩვენ უკვე ვაზიარებთ ინფორმაციას ინტერნეტში არსებული უარყოფითი აქტორების შესახებ ისეთი პროგრამების მეშვებოთ, როგორიცაა „THREATEXCHANGE”. ამჟამად ვეძებთ ახალ გზებს, რათა გავავრცელოთ მეტი ინფორმაცია ნებისმიერ პირზე, ვინც ეცდება არჩევნებში ჩარევას. მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურმა კომპანიებმა ითანამშრომლონ აღნიშნულ საკითხზე. ვინაიდან, ცხადია, რომ ნებისმიერი აქტორი, რომელიც შეეცდება ფეისბუქის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, სხვა ინტერნეტ პლატფორმებსაც გამოიყენებს.

8 -

პროაქტიულად ვმუშაობთ დემოკრატიზაციის პროცესის გასაძლიერებლად. გარდა საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლისა, ჩვენ შევქმნით მეტ სერვისს იმისათვის, რომ დავიცვათ პოლიტიკურ დისკურსში ჩართული ჩვენი საზოგადოება. მაგალითად, ვაპირებთ ანტიბულინგის სისტემის შექმნას. ასევე, მასშტაბებს ვუცვლით საარჩევნო ბიულეტენების საინფორმაციო ინსტრუმენტებს, რომ დავეხმაროთ ხალხს საკითხის სათანადოდ გაგებაში.

9 -

ვმუშაობდით გერმანიის არჩევნების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად: ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარება, ხელისუფლების ისეთ საჯარო ორგანოებთან პარტნიორობა, როგორიცაა ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, კანდიდატებთან და პარტიებთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრაქტიკის გაზიარება. გარდა ამისა, ვამოწმებთ ჩვენ მიერ წაშლილი ანგარიშების აქტივობებს.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ უფრო პირდაპირი და დიდი როლი, რასაც ფეისბუქი არჩევნებში თამაშობს - ეს ეფექტები 100x ან 1000x -ზე უფრო დიდ მასშტაბებზე მოქმედებს, ვიდრე ჩვენ აქ განვიხილავთ. 2016 წელს ადამიანებს ჰქონდათ მილიარდობით ინტერაქცია და დისკუსია ფეისბუქზე, რაც რეალურ (არა ონლაინ) სივრცეში შეიძლება არასოდეს მომხდარიყო. კანდიდატებს ჰქონდათ პირდაპირი არხები იმისათვის, რომ დაკავშირებოდნენ ათობით მილიონ მოქალაქეს. ონლაინ რეკლამებში ათობით მილიონი დაიხარჯა. გარდა ამისა, ორგანიზება გავუკეთეთ “get out the vote”-ს, რომლის მეშვეობითაც ის 2 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა ხმის მისაცემად, ვინც სხვა შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ზემოაღნიშნული ფაქტები და კიდევ არაერთი მსგავსი დინამიკა ახალი სიტყვა იყო არჩევნებში.

ჩვენ ახალ სამყაროში ვართ. ინტერნეტ საზოგადოებისათვის ახალ გამოწვევას წარმოადგენენ სახელმწიფოები, რომლებიც არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. მზად ვართ, რომ ამ ყველაფერს წინ აღვუდგეთ. ჩვენი უნარი, გავუმკლავდეთ მსგავს საფრთხეებს, სწრაფად იზრდება და ვითარდება. იმისათვის, რომ დავადგინოთ რუსული ჩარევის სრული მოცულობა, გავაგრძელებთ მთავრობასთან თანამშრომლობას და შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, არამედ იმისათვის, რომ ყველას მივცეთ სიტყვის თავისუფლება და ვიყოთ დასაყრდენი დემოკრატიისათვის“.

ფაქტ-მეტრისთვის მასალა მოამზადა მარიამ ქვათაძემ

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი