პარტია „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „TV პირველში“ სტუმრობისას თბილისში პენსიის გაზრდის შესაძლებლობაზე (მერიის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე) ისაუბრა და ამ მიზნისთვის თანხების დაზოგვის კონკრეტულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. „მაგალითად [თბილისის მერიაში], საწვავის ხარჯი არის რვაჯერ გაზრდილი, რბილი ავეჯის ხარჯი ორჯერ”, - განაცხადა ხოშტარიამ.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების გადამოწმებას შეეცადა.

პოლიტიკოსთან განცხადების დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ მან ერთმანეთს თბილისის 2015 და 2016 წლების ბიუჯეტის ხარჯები შეადარა.

საწვავისა და რბილი ავეჯის ხარჯი ბიუჯეტში „საქონელი და მომსახურების“ მუხლშია გაწერილი. თბილისის მერიის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საქონლის და მომსახურების შეძენაზე 114 269 500 ლარი დაიხარჯა, 2016 წელს კი - 126 130 200 ლარი.

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებულმა ხარჯმა 221 600 ლარი შეადგინა. 2016 წელს, ამავე დანიშნულებისთვის მერიის ხარჯი 565 300 ლარი იყო. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი წინა წელთან შედარებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი.

რაც შეეხება საწვავის ხარჯს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში აღნიშნული ხარჯი ცალკე გამოყოფილი არ არის და ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯებში შედის. 2015 წელს მერიის ტრანსპორტის ხარჯმა 2 370 500 ლარი შეადგინა, 2016 წელს კი იგივე ხარჯი 2.3-ჯერ არის გაზრდილი და 5 593 200 ლარია.

რადგან ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში რბილი ავეჯის და საწვავის ხარჯი ცალკე გამოყოფილი არ არის, აღნიშნული ინფორმაცია მერიისგან გამოვითხოვეთ.

თბილისის მერიამ მხოლოდ 2013 და 2015 წლებში შესყიდული რბილი ავეჯის ხარჯების ოდენობა მოგვაწოდა. ამ ინფორმაციის

მიხედვით, მერიამ 2013 წელს რბილი ავეჯის შესაძენად 27 086 ლარი დახარჯა, 2015 წელს კი 8 118.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთლიანი მუხლის ხარჯი, რომელშიც რბილი ავეჯის ხარჯიც შედის 221 600 ლარი იყო. როგორც მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გაირკვა, აქედან რბილი ავეჯის ხარჯი 8 118 ლარია. შესაბამისად, 2015 წელს 213 482 ლარი უნიფორმის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები იყო.

მერიის ინფორმაციის მიხედვით, 2013-2016 წლებში საწვავის ხარჯი შემდეგნაირია:

ცხრილი 1:

მერიის საწვავის ხარჯი 2013-2016 წლებში

2013 2014 2015 2016
ლიტრი 759 359 854 128 699 313 739 700
ლარი 1 443 623 1 600 424 1 169 317 1 036 404

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წლიდან საწვავის ხარჯი ლარებში შემცირებულია. თუმცა, 2016 წელს მოხმარებული საწვავის რაოდენობა წინა წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია.

რადგან ელენე ხოშტარია ზოგადად მერიის ადმინისტრაციულ ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას, ჩვენ მერიის 2015-2017 წლის ადმინისტრაციული ხარჯითაც დავინტერესდით.

  ცხრილი 2:

თბილისის მერიის ადმინისტრაციული ხარჯები (ლარებში)

2015 2016 2017 (გეგმა)
შრომის ანაზღაურება 42 343 500 94 307 200 87 670 200
საქონელი და მომსახურება 114 269 500 126 130 200 126 964 400
სულ 156 613 000 220 437 400 214 634 600

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წელს შრომის ანაზღაურების მუხლი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ზრდა სახაზინო რეფორმის გატარებამ გამოიწვია, რის გამოც მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების შრომის ანაზღაურების ფონდი თბილისის ბიუჯეტის მთლიან სახელფასო ფონდში აისახა, რაც მანამდე არ ხდებოდა.

რაც შეეხება საქონელი და მომსახურების ხარჯს, 2016 წელს 11 860 700 ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, 9.4%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წელს, ჯამურად, ადმინისტრაციული ხარჯი 2016 წელთან შედარებით 17 882 500 ლარით (7.6 %-ით) არის შემცირებული.

  დასკვნა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის  მიხედვით, 2016 წელს რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენის და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებულია ხარჯი 2015 წელთან შედარებით 2.5-ჯერ, ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯი (რომელში საწვავის ხარჯიც შედის) კი 2.3-ჯერ არის გაზრდილი.

უშუალოდ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რბილი ავეჯის ხარჯი მხოლოდ 2013 და 2015 წლებშია და 2015 წელს აღნიშნული ხარჯი თითქმის სამჯერ არის შემცირებული. 2015-2016 წლებში საწვავის ხარჯიც შემცირებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერიის 2016 წლის მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯი 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ამის მიზეზად სახაზინო რეფორმაა დასახელებული, რის გამოც მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების შრომის ანაზღაურების ფონდი თბილისის ბიუჯეტის მთლიან სახელფასო ფონდში აისახა, რაც მანამდე არ ხდებოდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2016 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯი 7.6%-ით არის შემცირებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი