თბილისში ე.წ. „ხრუშჩოვკების“ მშენებლობა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის შენობები ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის არ შენდებოდა, ისინი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით სწრაფად და იაფად დასაკმაყოფილებლად იყო განკუთვნილი და 25-30-წლიანი სარგებლობის ვადა ჰქონდა.

მცირე საექსპლუატაციო ვადის მიუხედავად, „ხრუშჩოვკები“ 21-ე საუკუნის თბილისის არქიტექტურის შემადგენელ ნაწილად რჩება. თუმცა, პერიოდულად ქალაქის ხელისუფლება მათ ჩანაცვლებაზე, „ხრუშჩოვკების“ დანგრევასა და მათ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე იწყებს საუბარს.

2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისის საკრებულოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერა. მემორანდუმით, ინვესტორი 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემოტანას გეგმავდა, რომელსაც აშშ-დან მოიზიდავდა. პირველ ეტაპზე ძველ თბილისში არსებული „ხრუშჩოვკები“ უნდა დანგრეულიყო და მათ ნაცვლად 15-სართულიანი კორპუსები უნდა აშენებულიყო.

სპეციალისტთა უმრავლესობა ამ წამოწყებას სხვადასხვა მიზეზის გამო თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა და ეს ეჭვები გამართლდა კიდეც - მემორანდუმის გაფორმების იქით მაშინ საქმე არ წასულა და „ხრუშჩოვკები“ კვლავ ხელშეუხებელი დარჩა.

„ხრუშჩოვკების“ თემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც გახდა აქტუალური. მაშინაც თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ ჯაბა სამუშიამ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის დაწყება დააანონსა (მედიაპორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. სამწუხაროდ, პრესკონფერენციის ამსახველი ვიდეო აღარ იძებნება). მისი მაშინდელი ინფორმაციით, ჩანაცვლება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან დაიწყებოდა და მთლიანად კი 56 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდებოდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფაქტ-მეტრთან საუბარში ჯაბა სამუშიამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს და საერთოდაც ეს თემა მის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა და მერიაში გადაგვამისამართა. ჩვენ მაშინ თბილისის მერიასაც დავუკავშირდით. უწყების ინფორმაციით, იმ დროისთვის მერია „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს არ ახორციელებდა და მსგავსი პროექტი არც მომავლისთვის იგეგმებოდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკითხიც „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების თემაა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, არის ამორტიზებული და მიშენება-დაშენებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური.

ფაქტ-მეტრი შეეცადა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატისგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა. ჩვენ უშუალოდ დავუკავშირდით მას და „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ. კახა კალაძე ჩვენთან საუბარში მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა. კონკრეტულად პროექტის დეტალებზე არ უსაუბრია.

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი თბილისი მერობის სხვა კანდიდატებმაცშეაფასეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაჭრას განსაზღვრულ ვადებში ვერც ერთი მერობის კანდიდატი სრულად ვერ მოახერხებს და "ხრუშჩოვკების" ახალი კორპუსებით ჩანაცვლება პოპულიზმის სფეროს განეკუთვნება. „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ხრუშჩოვკებს“, როგორც ცალკე არსებულ პრობლემას არ გამოყოფს და ავარიული სახლების პრობლემასთან აერთიანებს. ცალკე "ხრუშჩოვკების" თემის წინ წამოწევა ელენე ხოშტარიასაც პოპულიზმად მიაჩნია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისში არსებობს ისეთი ნაგებობები, რომლებიც „ხრუშჩოვკებზე“ ცუდ მდგომარეობაშია. „თბილისში არის 2 000-მდე ავარიული კორპუსი და 12 000-მდე ავარიული სახლი. ზოგიერთი "ხრუშჩოვკა" კონსტრუქციულად უფრო მყარია, ვიდრე 25 წლის წინ აშენებული კორპუსი“, - აცხადებს ელისაშვილი.

„ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივი ჩანაცვლების პროექტს სოციალურ ქსელში ეკონომისტი მიხეილ დუნდუა გამოეხმაურა და პროექტის განხორციელება შესაძლებლად მიიჩნია. მისი გათვლებით, თბილისში არსებული 512 „ხრუშჩოვკის“ ჩასანაცვლებლად, სადაც დაახლოებით 12 000 ოჯახი ცხოვრობს, მაქსიმუმ 1 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო (ერთ ოჯახზე დაახლოებით 80 000 დოლარი).

„თუ კალაძე მერობის პირველ 4 წელიწადში „ხრუშჩოვკების“ 1/3-ის ჩანაცვლებას გადაწყვეტს, 333 მილიონი დოლარის მობილიზება კერძო სექტორიდან უნდა მოახერხოს. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 4 წელიწადში ხრუშჩოვკების 1/3-ის ჩანაცვლების ხარჯი თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.3% იქნება“, - წერს დუნდუა.

„ხრუშჩოვკების“ საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცალკე ბლოკად არის გამოყოფილი და ამ კორპუსების კომპლექსური რეკონსტრუქციის ჩატარებას გულისხმობს. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ ჯერ „ხრუშჩოვკების“ ინვენტარიზაცია განხორციელდეს და მხოლოდ თითოეული კორპუსის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ გადაწყდეს, კორპუსების რეკონსტრუქცია განხორციელდეს თუ სრული დემონტაჟი.

ჩვენ „ხრუშჩოვკების“ პროექტთან დაკავშირებით შევეცადეთ სპეციალისტების აზრიც გაგვერკვია. ამ მიზნით ფაქტ-მეტრი არქიტექტორ გვანცა ნიკოლაიშვილს ესაუბრა. ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, “ხრუშჩოვკების“ და ზოგადად თბილისში ავარიული კორპუსების ზუსტი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, არ განხორციელებულა აღნიშნული კორპუსების ინვენტარიზაცია (აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტ-მეტრმა მერიისგან გამოითხოვა ინფორმაცია თბილისში "ხრუშჩოვკების" რაოდენობის შესახებ, რაზეც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული სტატისტიკა დედაქალაქის მერიას არ მოეპოვება).

გვანცა ნიკოლაიშვილისვე განმარტებით, "ხრუშჩოვკების" საკითხისადმი ორგვარი მიდგომა არსებობს. აღმოსავლეთ გერმანიაში "ხრუშჩოვკებს" ფრთხილი რეკონსტრუქციის თვალსაზრისით უდგებიან, როცა ხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, ინფრასტრუქტურის გათვალისწინება და კვლევების საფუძველზე ხდება ფრთხილი ჩარევა. „დემონტაჟს მიმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც შენობა აღარ ექვემდებარება არანაირ რეკონსტრუქციას და საფრთხის შემცველია“, - აცხადებს ნიკოლაიშვილი. მისივე ინფორმაციით, განსხვავებული მიდგომაა მოსკოვში, სადაც „ხრუშჩოვკების“ მთლიან დემონტაჟს ახორციელებენ და აღმოსავლეთ ევროპისგან განსხვავებით, ამოსავალი წერტილი ფინანსური სარგებელის მიღებაა.

„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტთან დაკავშირებით კახა კალაძემ მოგვიანებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „სამწუხაროდ, "ხრუშჩოვკების" ინვენტარიზაცია არ არის გაკეთებული, ამიტომ ჩვენი პირველი მიმართულება იქნება ზოგადად ავარიული სახლების ინვენტარიზაცია“.

როგორც გაირკვა, დედაქალაქში „ხრუშჩოვკების“ და ზოგადად ავარიული კორპუსების ინვენტარიზაცია არ არის ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად არ ვიცით, რამდენი "ხრუშჩოვკაა" თბილისში (მიახლოებით 500-ზე მეტი) და არც ამ კორპუსების ტექნიკური მდგომარეობაა შესწავლილი.

სპეციალისტების და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაც არის, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში კორპუსების გამაგრება მოხდეს და არა დემონტაჟი. მეორე საკითხია პროექტის ფინანსური მხარე. როგორ აპირებს კალაძე დეველოპერების საკმაოდ ძვირიანი პროექტით დაინტერესებას, ჯერჯერობით უცნობია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი