"ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ დედაქალაქისთვის ოთხი მთავარი პრობლემაა დაუყოვნებლივ მოსაგვარებელი და ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. ის მოქმედ ხელისუფლებას ამ ნების არარსებობაში ადანაშაულებს.  კონკრეტულად რა პრობლემებია თბილისში, მათ შორის რა უნდა მოგვარდეს პირველ რიგში, როგორ და რა ვადებში, ამ საკითხებთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი ელენე ხოშტარიას ესაუბრა.  
  • რატომ უნდა შეაჩეროს თბილისის მოსახლეობამ არჩევანი თქვენზე? რა უპირატესობა გაქვთ სხვასთან შედარებით?
ელენე ხოშტარია: 

პირველ რიგში, ყველამ იმას უნდა შეხედოს, რას სთავაზობენ კანდიდატები და, რაც მთავარია, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ. „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ძალიან ბევრ ტყუილს ამბობს, ტრადიციულად. ვხედავთ, რომ კალაძე ლაპარაკობს ხეების დაცვაზე და მწვანე საფარის აუცილებლობაზე. ამის პარალელურად კი ხეები იჭრება და რეალურად, „ქართული ოცნების“ სანდოობა არის ძალიან დაბალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და, რა თქმა უნდა, მე მაქვს იმედი, რომ ის შეთავაზება, რაც მაქვს მოქალაქეებისთვის, იქნება საფუძველი იმისა, რომ მომცენ ხმა. საბოლოო ჯამში, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ.

  • ოპოზიციის კანდიდატებს შორის რა უპირატესობა გაქვთ?
ელენე ხოშტარია: 

ჩემს უპირატესობაზე საზოგადებამ იმსჯელოს და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ მათ დავანახო, რომ საუკეთესო შეთავაზებას ვუკეთებ. ჩემი აზრით, პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ყველაზე კონკრეტული, რეალისტური და ასახავს იმ პრობლემებს, რაც არის საზოგადოებაში. ეს არ არის რაღაც ზოგადი ნაშრომი. არის ძალიან კონკრეტულად გათვლილი პროგრამა, რომელიც მოიტანს ცვლილებებს თბილისშიც და მთელ ქვეყანაშიც.

  • როგორ შეაფასებთ მოქმედი მერის საქმიანობას, კონკრეტულად რომ ვისაუბროთ პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე
ელენე ხოშტარია: 

საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რომ ნარმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მერი და აქ არის რამდენიმე პრობლემა. პირველი პრობლემა არის ის, რომ ის ემსახურებოდა არა ქალაქს, არამედ პოლიტიკურ გუნდს და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად, „პანორამას“ შემთხვევაში როგორ იქცეოდა მერია, ასე ვთქვათ სწრაფად და ეფექტიანად, რათა ივანიშვილის სურვილი აესრულებინა და, თუ შევადარებთ როგორ იქცეოდნენ და იქცევიან ყველა სხვა შემთხვევაში, თუ რა გაკეთდა ქალაქისთვის, ვნახავთ, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი იყო ივანიშვილის და პოლიტიკური გუნდის მსახურება და არა ქალაქის. მეორე პრობლემა არის ის, რომ კორუფცია და არაკომპეტენტურობა გახდა საზოგადოებაში ჩვეული სიტყვები და როდესაც ხელისუფლებას ეკონტაქტები ზედაპირზე დევს, რა დამოკიდებულება აქვთ ხალხთან, კაბინეტიდან კაბინეტში ატარებენ, პასუხებს არ სცემენ. ფაქტობრივად კონსენსუსი არსებობს, რომ ნარმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური მერი.

- რაიმე პოზიტიური არსებობს თუ ყველაფერი ნეგატიური იყო? ელენე ხოშტარია:

მე ნარმანიას საქმიანობის ჟამთააღმწერელი არ ვარ, მაგრამ საერთოდ თუ შევაფასებთ, რა შედეგი მოუტანა ქალაქს, საზოგადოებაში არის იგივე შეფასება, რაც მე მაქვს და რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

- თბილისელებისთვის დღეს სამი მთავარი პრობლემა რა არის? ელენე ხოშტარია:

პირველი არის უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და გაჭირვება, უპერსპექტივობა. მეორე არის, რა თქმა უნდა, უმუშევრობა და მესამე არის მოუხერხებელი გარემო. ამ უკანასკნელში იგულისხმება  გარემო პირობები - სად ცხოვრობ, სად დადიხარ. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში მოუხერხებელი გარემო არის ავარიული სახლებიდან დაწყებული, მოუხერხებელი ტრანსპორტით გაგრძელებული და დაბინძურებული ჰაერით დამთავრებული.

ამ ყველა საკითხს ცალკ-ცალკე რომ შევხედოთ, პრობლემა იმაში კი არ არის, რამდენად ღარიბები ვართ და ამ პრობლემებს ვერ მოვერევით ან ვერ დავძრავთ, არამედ იმაში, რომ მოგვარების ნება არ არსებობს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთ თვეში ვერ მოგვარდეს, მაგრამ იმ რესურსებითაც კი, რაც გვექნება, ყველა ამ მიმართულებით ბევრად უფრო სერიოზული პროგრესის მიღწევა შეიძლება.

- როგორ აპირებთ ამ პროგრესის მიღწევას, რაიმე კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ? ელენე ხოშტარია:

ჩვენი გეგმა არის ის, რომ უნდა მოგვარდეს ამავე პრიორიტეტების მიხედვით. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მძიმე სოციალური ფონის პარალელურად ძალიან ბევრი ფული იფლანგება ბიუროკრატიასა და მაღალჩინოსნებზე. ამიტომ, ეს ხარჯი, რომელიც ჩვენი გათვლებით არის დაახლოებით 200 მილიონი, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ პენსიონერებს მოვუმატოთ პენსია 50 ლარით და სოციალურად დაუცველებს 70 ლარით. ეს, ცხადია, საკმარისი არ არის სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯი იქნება სწორედ იმ სოციალური უსამართლობის გამოსასწორებლად, რაც არის დღეს.

მეორე არის სამუშაო ადგილები და სამუშაო ადგილები იქნება სწორად წარმართული პროექტების მიხედვით. მაგალითად, თუ დავთვლით, სატვირთო რკინიგზის გადატანა რამხელა ინვესტიციას მოიტანს, დაახლოებით გამოიწვევს 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას. აქ შედის რკინიგზის სადგურების მშენებლობა, სავაჭრო ცენტრების გაჩენა და ა.შ. მაგრამ ამას სჭირდება სწორი დაგეგმვა. რკინიგზას თუ გადაიტან და კორპუსების ტყეს ააშენებ, რა თქმა უნდა, ეს ქალაქისთვის დამაზარალებელი იქნება, მაგრამ სწორად გააზრებული ურბანული განვითარება თუ იქნება, ეს მოიტანს სამუშაო ადგილებს. მაგალითად, ქალაქში საფეხმავლო სივრცეების გაჩენა იწვევს სამუშაო ადგილების გაჩენას მცირე ბიზნესის მიმართულებით - კაფეების, სავაჭრო ცენტრების, მათ შორის მოწესრიგებულ გარევაჭრობას და ა.შ. ეს კი უკვე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, რაც  საერთო ჯამში უკვე ეკონომიკის განვითარებაზე აისახება. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდით, ამ პროექტებით, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, დაახლოებით 30-35 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რასაც პირველადი ეფექტიც ექნება და ქალაქის ეკონომიკისთვის გრძელვადიან შედეგსაც მოიტანს.

რაც შეეხება გარემოს, აქაც ძალიან სწორი გააზრება გვჭირდება. გარემოში ვგულისხმობ იგივე პარკინგის პრობლემას, მანქანების გადატვირთულობის, საცობების პრობლემას და ამ ყველაფერს კომპლექსურად თუ არ მიუდექი და მხოლოდ ზედაპირულად იფიქრე, მხოლოდ ის თუ იძახე, მიწისქვეშა პარკინგებს გავხსნიო, ეს პრობლემას არ მოაგვარებს.

- კომპლექსურად მოგვარებაში რას გულისხმობთ, რას აპირებთ? ელენე ხოშტარია:

უნდა გატარდეს კომპლექსური სატრანსპორტო რეფორმა, რაც გულისხმობს გზების, როგორც საფეხმავლო, ისე სამანქანო გზების დაგეგმარებას, ასევე მთლიანად სატრანსპორტო სისტემის დაგეგმარებას ისე, რომ ქალაქში მანქანას გაუჩნდეს ალტერნატივა. დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მანქანის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია გადაადგილება. ამისთვის მე ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ამ მიმართულებით ჩვენი გეგმაა, რომ უნდა შეიქმნას ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკი. ჩვენი პრიორიტეტია ელექტრო ავტობუსების შემოყვანა, თუმცა  შუალედურად უნდა მოხდეს დღევანდელი ავტოპარკის განახლება. მეორე არის ტრამვაის პროექტი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. აქ შედის საბაგიროს გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით და საფეხმავლო სივრცეების შექმნა, რაც საბოლოო ჯამში მაოგვარებს ამ პრობლემას. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განიხილება მიწისქვეშა პარკინგიც, რომელიც მიბმული იქნება საათობრივ სისტემასთან. ყველა ეს კომპონენტი თუ განხორციელდა, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ტიპის ქალას მივიღებთ, სადაც გადაადგილება მოხერხებული იქნება.

ასევეა ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც გარკვეულწილად ვისაუბრეთ. დაახლოებით 20 მილიონი იხარჯება წელიწადში ამ კუთხით და პრობლემა არ გვარდება, იმიტომ, რომ ხდება არა რეაბილიტაცია, არამედ ე.წ. გამაგრება, რაც არის პრობლემის არა მოგვარება, არამედ გადადება. აქ მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მერია განზე დგას და არ არის მედიატორი ინვესტორსა და მოსახლეს შორის, არ არის გარანტორი ქალაქის და ინვესტორის ინტერესების. მერია უნდა იყოს წამყვანი, მან ინვესტორებს საინვესტიციო წინადადება წინასწარ უნდა შესთავაზოს, სადაც ასახული იქნება მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილება, რომ ადამიანებს უსაფრთხო სახლი ჰქონდეთ. სხვადასხვა მიდგომა სჭირდება ავარიულ სახლებს, მაგალითად, ჩუღურეთსა და მესამე მასივში. უბნის სპეციფიკა უნდა გაითვალისწინო, შეიმუშაო  საინვესტიციო წინადადებები, ჩაუდგე გარანტორად და ეს გამოიწვევს უკვე თანმიმდევრულ საინვესტიციო სამუშაოებს, რაც,თავის მხრივ, მოიტანს ქალაქში გარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას.

- რადგან მშენებლობებზე ვსაუბრობთ, ე.წ. "ხრუშჩოვკების" პრობლემის, რომელთა ექსპლუატაციის ვადა გასულად ითვლება, როგორ აპირებთ? ელენე ხოშტარია:

ჩვენს ქალაქში "ხრუშჩოვკების" პრობლემა კი არა გვაქვს, არამედ გვაქვს ავარიული შენობების პრობლემა. არის "ხრუშჩოვკები", რომლებიც პრობლემურია და, რომლებიც ნაკლებად პრობლემურია. 1980-იან წლებში აშენებული კორპუსებია ზოგი ისეთი ავარიული, რომ "ხრუშჩოვკებზე" უფრო პრიორიტეტულია. ამიტომ საკითხი უნდა იყოს ავარიული სახლების რეაბილიტაცია და არა ე.წ. "ხრუშჩოვკა", რადგან ეს არის პოპულისტური განცხადება. თუ გახსოვთ, შიხიაშვილს ჰქონდა "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების რაღაც იდეა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ავარიული სახლების რეაბილიტაცია მოხდეს უბნების სპეციფიკის გათვალისწინებით. ურბანული, ანუ მშენებლობების საკითხი უნდა გადაიჭრას ურბანული ამოცანებიდან გამომდინარე, ანუ ყოველთვის უნდა იყოს გათავლისწინებული ეკოლოგიის ინტერესი, გადაადგილების ინტერესი და არ შეიძლება, რომ სადაც ეტევა სახლი, ყველგან ჩადგა იმიტომ, რომ სახლს შემდეგ სჭირდება მანქანის დასაყენებელი ადგილი, გადასაადგილებელი ადგილი, კომუნიკაციებისთვის საჭირო სივრცე, ტრანსპორტმა უნდა გაიაროს და ა.შ. მეორე მხრივ კი, არ შეიძლება დეველოპმენტის დემონიზირება იმიტომ, რომ დეველოპმენტი გვჭირდება, რადგან სახლები გვჭირდება.

- თბილისის განვითარების გენერალური გეგმა თითქოს მზად არის, მაგრამ აღსრულება არ დაწყებულა. თქვენ როგორ აპირებთ ამ გეგმის აღსრულებას? ელენე ხოშტარია:

ამ გეგმაში ძალიან ბევრი საინტერესო იდეაა, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ამაში ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა და ჯერ შედეგი არ გვაქვს. დოკუმენტი სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს, მისი თაროზე შემოდება არ შეიძლება. ქალაქის დღევანდელ დინამიურ ცხოვრებაში გენგეგმის სიცოცხლისუნარიანობის პრობლემა არის ის, რომ ცალკეა გენგეგმა და ცალკეა ქალაქში ცოცხალი პროცესი. მე ამ გეგმას დეტალურად გავეცანი და ბევრი საინტერესო იდეაა, მაგრამ მექანიზმი, როგორ აამუშაო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არ ჩანს.

- თქვენ თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა აამუშაოთ? ელენე ხოშტარია: 

მე ვფიქრობ, რომ ზოგადად გადაწყვეტილების სწორი მექანიზმი უნდა შეიქმნას და უნდა იყოს  სამსახური, სადაც პროფესიით ურბანისტები მუშაობენ, რომლებიც ყოველთვის შეძლებენ, რომ ეს გეგმა რეალურად გამოიყენონ. საფიქრალი არის ის, იქ რაც კარგი წერია, რეალობად როგორ ვაქციოთ.

- შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით როგორია თქვენი დამოკიდებულება? ელენე ხოშტარია:

ამ საკითხზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება უნდა გავაკეთო, რომ მე ვსაუბრობ სატვირთო რკინიგზის გადატანაზე და პირველად პროექტში სატვირთო და სამგზავრო რკინიგზის გადატანაზე იყო საუბარი. ქალაქიდან სამგზავრო რკინიგზის გატანას მე არ ვეთანხმები. მეტიც, მე მიმაჩნია, რომ სამგზავრო მატარებელი უნდა იყოს ასევე დამაკავშირებელი რუსთავის, გარდაბანის, მცხეთის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ქალაქში სამგზავრო რკინიგზა, მაგრამ სატვირთო რკინიგზის გადატანაზე, ფაქტობრივად, სრული კონსენსუსია. ეს რკინიგზა დღეს არის დაბინძურების წყარო და არამხოლოდ ლიანდაგები და ის ოცი შემადგენლობა, რაც საშუალოდ დღეში დადის, არამედ ის სარკინიგზო მეურნეობა, რომელიც თან მიჰყვება ამ რკინიგზას. ეს არის ასევე ქალაქის შემაფერხებელი. რომ  შეხედოთ კუკიას, ნაძალადევს, ჩუღურეთს, დიდუბეს, აქ განვითარება ძირითადად შეფერხებულია და იგივე ავარიული სახლების რეაბილიტაცია ვერ ხდება და ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ  ეს შენობები სწორედ ამ რკინიგზის გასწვრივ არის განლაგებული. ამიტომ ჩვენ სატვირთო რკინიგზის გადატანა მოგვიტანს როგორც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას, ასევე მოგვცემს საშუალებას, რომ ურბანულად გავაფართოვოთ ცენტრი, ახალი სტიმული ჰქინდეს ქალაქს და მათ შორის ეკონომიკურ განვითარებას. მე ვგეგმავ, რომ ამ გადატანილი სატვირთო რკინიგზის ადგილას ცენტრალური პარკი გავაკეთოთ, დაახლოებით 10-20 ჰექტარზეა საუბარი. ზუსტ ფართბზე, ცხადია, ახლა ვერ ვილაპარაკებ და ეს დაახლოებითი გათვლებია. ეს პრიორიტეტი აუცილებელია და ყველა გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სიმწვანის შექმნა უნდა იყოს. გარდა ამისა, ჩვენ არ უნდა დავუშვათ  ის შეცდომა, რომ რკინიგზის გამოთავისუფლებულ ადგილზე უბრალოდ კორპუსები ჩავდგათ. ჩემთვის ასევე პრიორიტეტია საფეხმავლო სივრცეების არსებობა ქალაქში, რაც ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია და გარემოსაც უფრო მოხერხებულს ხდის. ამიტომ ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, სატვირთო რკინიგზის გადატანა ჩვენ მოგვიტანს ბევრად უფრო კომფორტულ და ასევე ეკონომიკურად მომგებიან ქალაქს.

- გადატანის პროექტი რა ვადაში უნდა განხორციელდეს? ელენე ხოშტარია: 

ფაქტია, რომ ეს ოთხი წელი, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, გაყინული იყო და, რა თქმა უნდა, ოთხი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ საგრძნობი ცვლილებები განხორციელდეს. ცხადია, რომ ოთხ წელში მთლიანი ურბანული განვითარება ვერ მოხდება, მაგრამ გადატანის პროცესში დიდი ნაწილი გაკეთებული იყო  და პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში მთლიანი გადატანა  სრულიად შესაძლებელი იქნება.

  • „სითი-პარკია“ ასევე პრობლემატური, რადგან ხელშეკრულების გაწყვეტისთვის მერიამ ბიუჯეტიდან 25 მილიონო უნდა გადაიხადოს. ამ პრობლემის მოგვარებას როგორ აპირებთ?   
ელენე ხოშტარია: 

„სითი-პარკი“ რომ პრობლემაა, ეს ფაქტია. იმ პირობებით, რითიც არის დადებული ხელშეკრულება, „სითი-პარკი“ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. აქ არის საჭირო ბიზნესმოლაპარაკება ან პირობების შეცვლაზე, ან იმაზე, რომ პირობები გაიწეროს სამომავლოდ ჩანაცვლებაზე. აქაც არის პოლიტიკური ნების საკითხი. არ შეიძლება ოთხი წელი იძახდე, რომ „სითი-პარკი“ ცუდია და იძახდე, რომ ვერაფერს ვერ ვიზამ. ფაქტია, რომ პირობების გადახედვა ამ თანხის გადახდის გარეშე ვერ მოხდება, მაგრამ პრობლემა უნდა მოგვარდეს და ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ „სითი-პარკის“ შეცვლა ჩევნ პრობლემას ვერ მოგვიგვარებს, თუ გონივრული პოლიტიკა არ გვექნება. აქ არის პრობლემის გადაჭრის ძალიან კონკრეტული ორი გზა, რომელიც პირობებში უნდა ჩაიდოს. ეს არის ერთი - მიწისქვეშა პარკირების სისტემის აშენება და ამას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ მერე კერძო უნდა გახდეს. ანუ, სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა უნდა მოამზადოს და მერე კერძო უნდა გახდეს და მეორე - საათობრივი პარკირების სისტემა. თუ ამას არ შემოვიღებთ,  პარკირების პრობლემას ვერც ერთი კომპანია ვერ მოაგვარებს.

  • საკმაოდ მძიმეა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა (გამწვანების მიმართულებით, ჰაერის დაბინძურება). კვლევები აჩვენებს, რომ თბილისში უკვე სიცოცხლისთვის საშიში ჰაერია. როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა?
ელენე ხოშტარია: 

ეკოლოგიური პრობლემა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. ერთია მანქანების გადატვირთული მოძრაობა და ამის ალტერნატივა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ეს არის გადატვირთული მშენებლობები და აქაც ვთქვით, რომ  ბეტონების ტყეების კონცეფციიდან უნდა გადავიდეთ გონივრულ ურბანულ განვითარებაზე. მესამე არის სატვირთო რკინიგზა, რომელიც ასევე არის დაბინძურების წყარო და მეოთხე  არის მწვანე საფარის არარსებობა. გარდა იმისა, რომ ეს მაჩვენებელი, რაც თქვენ  ახსენეთ, ძალიან დაბალია, რაც გვაქვს, იმასაც კი არ ვუვლით და მეორე პორბლემაა, რომ ამ მწვანესთან მისადგომი არ გვაქვს და ვერ ვიყენებთ. მაგალითად, ხუდადოვის ტყე, რომელიც არის ქალაქის ფილტვი, მაგალითად, თბილისის ზღვის გარშემო არსებული ტყე არის ძალიან კარგი რესურსი, მაგრამ ამას მოვლა და მისადგომი ტრანსპორტი სჭირდება. ამასთან, ქალაქში არათანაბრად არის სიმწვანე გადანაწილებული, არის მეტად მწვანე უბნები და არის ბევრად ნაკლები. ეს უნდა იყოს გააზრებული, სად გვაკლია სიმწვანე ყველაზე მეტად და იქ უნდა შევქმნათ და მოვუაროთ. ნარმანიას „მილიონი ხის“ პროექტი იმიტომ იყო პოპულისტური და ზედაპირული, რომ მილიონი ხე კი არ სჭირდება ქალაქს, აღრიცხვა სჭირდება, სად რა არის, სად გვაკლია და სჭირდება ამ სიცარიელის შევსება და იმის მოვლა და გამოყენება, რაც გვაქვს. ამიტომ, აქაც კომპლექსური პრობლემაა და მოგვარებაც კომპლექსურად სჭირდება.

  • ბოლოს, რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ აპირებთ მათ შესრულებას? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.
ელენე ხოშტარია: გრაფიკზე ახლა საუბარი არასერიოზული იქნება, მაგრამ გეტყვით მთავარ დაპირებებს. ეს არის სოციალური პენსიის ზრდა 50 ლარით, სოციალური დახმარების 70 ლარით გაზრდა პირველ თვეში; ოთხ წელში დაახლოებით 35 ათასი სამუშაო ადგილის გაჩენა და სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც ოთხ წელში საგრძნობი იქნება, თუმცა უფრო გრძელვადიანია. მთლიანობაში რომ მივიღოთ ისეთი სატრანსპორტო სისტემა, როგორიც ქალაქს სჭირდება, ამისთვის მეტი დროა საჭირო, მაგრამ საგრძნობი იქნება 4 წელში ამის შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია ავარიული სახლების პრობლემის მოგვარება, სარეაბილიტაციო პროექტები, რომელიც ასევე 4 წელში საგრძნობი იქნება, მაგრამ მის დასრულებას უფრო დიდი ხანი დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია