21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თელავის მუნიციპალიტეტში კენჭს მერობის ცხრა კანდიდატი იყრის. ფაქტ-მეტრი ძირითადი საარჩევნო სუბიექტების პროგრამითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა. მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმის განვითარება, სოციალური ფონის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტები, სასმელი წყლის, მაწანწალა ძაღლების და ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება იქნება.   რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?

ლელა მენთეშაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს გუნდს, პარტიას გააჩნია ნათელი და კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა განვავითაროთ და გავაძლიეროთ ადგილობრივი თითმმართველობა. ჩვენს გუნდს, პარტიის ლიდერებს ასევე გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება ქვეყნის მშენებლობის და განვითარების.

რაც შემეხება პირადად მე, გამაჩნია მრავალწლიანი შრომითი გამოცდილება. დამთავრებული მაქვს პედაგოგიური ფაკულტეტი (ფიზიკა-მათემატიკური) და ეკონომიკური ფაკულტეტი (ბიზნესადმინისტრირება და მართვა). ორივე სპეციალობით მაქვს მუშაობის გამოცდილება, მათ შორის  მენეჯერად მუშაობის.

შოთა ნარეკლიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

დავიბადე და გავიზარდე თელავში, ვცხოვრობ აქ და ვიცი ის პრობლემები, რაც აწუხებს თელავს და თელავის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს. ასევე, ვარ მოქმედი ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი და ის ძირითადი პრობლემებში, რაც დგას ქალაქის და მუნიციპალიტეტის წინაშე ამ კუთხითაც ვარ ჩახედული.

თამარ ლამაზოშვილი („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“)

სამოქალაქო პლატფორმა - „ახალი საქართველო“ არის ახალი ადამიანების ძალა. აქ არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ახალი ინოვაციური იდეები, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს დიდი ამბიცია, რომ საქართველო იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. რაც შეეხება თელავს და ჩემი მერობის კანდიდატურას, მე ვთვლი, რომ მაქვს ისეთი პროგრამა, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. ეს არის პროგრამა, რომლითაც შევცვლით მოქალაქეების მდგომარეობას კეთილდღეობისკენ.

ნიკოლოზ ვარდოშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

ქალაქის პირველი პირი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკოსი, რადგან ის არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და მე, პოლიტიკაში ყოფნის 14 წლიანი გამოცდილება მაქვს. პოლიტიკოსთან ერთად ის აუცილებლად უნდა იყოს მეურნე და უნდა ჰქონდეს თვითმმართველობაში მუშობის გამოცდილება. იცით, რომ 2014 წელს, მე ამირჩიეს თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ვარ ფრაქციის თავმჯდომარე და ზუსტად ვიცი, რა ვერ კეთდება და არ კეთდება აღმასრულებელ ორგანოში. სწორედ ამიტომ ვთვლი და მაქვს სურვილი, რომ გადავინაცვლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

  როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები   გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

სამწუხაროდ, გამიჭირდება მოქმედი მერის საქმიანობის პოზიტიური შედეგების ჩამოთვლა და შეფასება. იმ დროს, როდესაც თელავის საკრებულო "ზემოდან" დავალებით განიხილავდა თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხს, არ მახსოვს არც ერთი მისი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა სტატუსის შენარჩუნების მხარდასაჭერად, პირიქით, მისი განცხადება იყო "გაპრავება" იმ არასწორი გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ, არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის დავალებით და შემდგომ შემსრულებელი გახდა თელავის ქალაქის და თემის საკრებულო.

გაზრდილი ნეპოტიზმის და კორუფციის ფონზე ძნელია  ოპტიმიზმის შენარჩუნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, თვითმმართველობის სათავეში კომპეტენტური გუნდის მოსვლით თელავი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი, როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ლელა მენთეშაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

მოქმედი მერის საქმიანობას ვერ შევაფასებ ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობის ქვეშ არ ყოფილა თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებებში, ამიტომ გამიჭირდება რაიმე ვთქვა მოქმედ მერზე.

შოთა ნარეკლიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

მე არ შემიძლია შევაფასო სხვა პიროვნებების საქმიანობა. თუმცა, გეტყვით, რომ ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ეს მოქმედი მერია და საკრებულოა, შესაძლებლობების ფარგლებში მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქალაქ თელავისთვის. ეს იყო ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში რაც შეეძლო ქალაქს მაქსიმალურად მოხდა ყველა იმ დანაპირების და პროექტის შესრულება, რაც იყო დაგეგმილი ამ წლებში.

თამარ ლამაზოშვილი („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“) 2014

წელს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო და თელავმა აირჩია ქალაქის მერი, პლატონ კალმახელიძე, მაშინ მან გასცა ძალიან ბევრი დაპირება და ყველაზე მწვავე, რაც მოსახლეობას ახსოვს, უნდა აშენებულიყო ცხოველთა თავშესაფარი, რაც არ მომხდარა. დღეს, მაწანწალა ძაღლები ისევ პრობლემად რჩება ჩვენს ქალაქში. ასევე, გზები არის გადათხრილი. მხოლოდ რამდენიმე გზა არის გაკეთებული. სადაც გზა გააკეთეს, არ არის ფეხით სავალი ბილიკები მოწყობილი. გვპირდებოდნენ, რომ ერეკლეს მუზეუმი უნდა დასრულებულიყო. ყოველ წელს გვეუბნებიან, რომ შემოდგომაზე სრულდებაო და ის შემოდგომა ჯერ ვერ მოვიდა სამი წელია. ძალიან ბევრი დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა. დადებითად ჩავთვლიდი იმ საკითხს, რომ დღევანდელი მერი არის ძალიან კომუნიკაბელური, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხალხისგან მოსმენილს არ იყენებს საქმეში.

ნიკოლოზ ვარდოშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

პოზიტიური იყო ძირითადად ის პროექტები, რაც რეგიონული განვითარების და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან ფინანსდებოდა. რაც შეეხება ნეგატიურ საქმიანობას, პარკირების პრობლემის მოგვარება დაიწყეს ჩვენი შენობის წინ, სადაც საშვთა სისტემა დააწესეს და „რიგით მოკვდავს“ არ შეუძლია იქ გაჩერება. აქ მანქანის გაჩერება შეუძლია გუბერნატორს, მის მოადგილეებს, მერს, გამგებლებს, და აშ. მე ვთვლი, რომ თუ პრობლემა ვერ გადავჭერით ქალაქში, ვერ უნდა გადაგვეჭრა ვერც ჩვენთვის, რადგან როგორც რიგით თელაველს ექმნება პრობლემა, ისევე უნდა შეექმნას გუბერნატორსაც, მერსაც და ა.შ. ამ პრობლემას აბრალებენ, რომ ძალიან ბევრი ტაქსია ქალაქში და ამიტომ არის პარკირების პრობლემა გადაუჭრელი. მართლაც ბევრი ტაქსია ქალაქში, გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური ფონი ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე. თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ რომ აესრულებინა თავის დანაპირებები, ქარხნების ნაწილში, 100 ქარხნის აგუგუნებას რომ გვპირდებოდნენ, დამიჯერეთ, ეს პრობლემა თავისთავად მოგვარდებოდა.

ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივად, მოწესრიგდა რამდენიმე ქუჩა და თეატრის ფასადი. ერთადერთი ადგილობრივი ბიუჯეტიდან რაც გაკეთდა, ქალაქში, რამდენიმე გზაჯვარედინზე შუქნიშნით რეგულირების მოწესრიგებაა.

ფულს ვხარჯავდით ათას სისულელეზე, ააიპ-ებზე. სპორტში გვქონდა რამდენიმე ააიპ-ი სხვადასხვა მიმართულების. რა შედეგები დავდეთ ამით, ვერაფერი. უბრალოდ, ეს იყო დასაქმების საშუალება ვიღაცის ძმაკაცის, ვიღაცის სიდედრის დაქალების და აშ.

ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

თელავის  მუნიციპალიტეტის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ტოტალური უმუშევრობაა. თუმცა, კახეთს და კონკრეტულად თელავს, სხვა ბევრი პრობლემაც აქვს.  შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მთავარი შემოსავალი  სოფლის მეურნეობით მიღებული შემოსავალია, თუმცა ეს შემოსავალი ხარჯზე ნაკლებია და მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. ბაზრის არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უჩენს გლეხს, რომელსაც აღარ აქვს შესაძლებლობა და სურვილი აწარმოოს პროდუქტი, რომლის რეალიზაციასაც ვერ შეძლებს.

პრობლემებია როგორც ქალაქში ასევე სოფლებში, ქალაქს რომელსაც აქვს შანსი გახდეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ასევე უცხოელი ტურისტისთვის, ამ მხრივ არაფერი კეთდება. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს თელავს აწუხებს ეს არის სასმელი წყალი, რომლის პროექტიც ასე მავნებლურად გაიწელა. ეს არის პროექტი რომრლიც დაიწყო 2008 წელს და უნდა დასრულებულიყო 2014 წელს, რის შემდეგაც თელავს ექნებოდა 24 საათიანი წყალმომარაგება, თუმცა დღეს თელავში არის უბნები, სადაც თელავის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს და დღეები ისე გადის საეთოდ არ მიეწოდება სასმელი წყალი.

მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს რეგიონში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენებითაა გამოწვეული და დამანგრეველ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, ამიტომაც აუცილებელია კონკრეტული გარემოსდაცვითი პროგრამის შემუშავება.

სწორედ ეკოლოგიურ პრობლემებთანაა ბმაში არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები - მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა.

ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის საკითხების გადაჭრას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით და ამ ეტაპზე არსებული საბიუჯეტო სახსრების სრული მობილიზაციით, ასევე საერთაშირისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება.

ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა, რომელთან დაკავშირებითაც მე მაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ჩემი გეგმის მიხედვით ამ პრობლემის მოგვარებას არ სჭირდება საბიუჯეტო სახსრები.

ლელა მენთეშაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

დღეს უამრავი პრობლემა აწუხებს მთლიანად თელავის მუნიციპალიტეტს: სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც მოუგვარებელ პრობლემად იქცა, მიუხედევად იმისა, რომ ყოველ წელს დიდი ფული იხარჯება ბიუჯეტიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად; შიდა და ცენტრალური გზების პრობლემა, რომელიც აწუხებს ყველა სოფელს, მთლიანად ქალაქს; ნეპოტიზმი; სოციალური გაჭირვება; მაწანწალა ძაღლები (თელავში); მოუწესრიგებელი მანქანის სადგომები.

კიდევ სხვა უამრავი პრობლემა არსებობს და ამ პრობლემის მოგვარების გზას წარმოადგენს ბიუჯეტის ეფექტურად განაწილება და სწორი მიმართულებით დახარჯვა. მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართულობა არის ეფექტური მეთოდი აღნიშნული პრობლემების დასაძლევად. ასევე ვაპირებ თელავის მუნიციპალიტეტის მერია დავაკომპლექტო კვალიფიციური კადრებით.

შოთა ნარეკლიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც აწუხებს არამხოლოდ ქალაქს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება სოფლებს, ჩვენ ამ კუთხითაც გვაქვს გარკვეული გეგმები. არის ინფრასტრუქტურული პროექტები განსახორციელებელი და აუცილებლად ჩვენ თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობას მივაწვდით სასმელ წყალს.

თამარ ლამაზოშვილი („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“)

მთავარი პრობლემაა, რომ სოციალური, ერთჯერადი დახმარებები გაიცემა ნეპოტიზმით. ახლა, წინასაარჩევნოდ, ეჭვი მაქვს ძალიან ბევრს გასცემენ. პრობლემაა, რომ გზები არ არის, წყალი არ გვაქვს, პრობლემაა მაწანწალა ძაღლები, ასევე, თელავს არ აქვს ფუნქცია. რამდენჯერმე იყო შეხვედრა გუბერნიის და მერიის წარმომადგენლებთან, სადაც შევთავაზე კონკრეტული განვითარების გეგმა, როგორ უნდა მივანიჭოთ თელავს ფუნქცია, რომ ტურიზმი განვითარდეს, მაგრამ მოგვისმინეს და ყურად არ იღეს.

ნიკოლოზ ვარდოშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

ჩვენი ქალაქისთვის მთავარი პრობლემა უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის არარსებობაა, რომელიც ვერ მოგვარდა ამდენი ხნის განმავლობაში და ყოველწლიურად, ანტირაბიული აცრების რაოდენობას კატასტროფულად იმატებს ჩვენ ქალაქში. მოგეხსენებათ, ეს ვაქცინა მთლიანად ანგრევს ადამიანის იმუნურ სისტემას. ამიტომ აუცილებელი იყო, რომ ეს პრობლემა გადაგვეჭრა. ასევე, 21-ე საუკუნეში, ცივილიზებულ ქალაქობაზე გვაქვს პრეტენზია და ერთი ავტობუსიც არ დადის თელავში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ იყოს, შესაბამისად, ტაქსზე მოთხოვნა მოიკლებს და ეს ვერ გავაკეთეთ. პრობლემად რჩება წყალმომარაგება. თქვენ იცით, ყოფილი გუბერნატორი და ახლა დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი რა პოპულისტურ და სულელურ განცხადებებს აკეთებდა მოსვლის დღიდან, რომ თელავს ექნებოდა 24 საათიანი წყალმომარაგება. დაიწყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ შვილობილმა კომპანიამ. გადათხარეს მთელი ქალაქი, ასფალტი, ქვაფენილები მთელ ძველ თელავში. ვერანაირ ვადებში ვერ ჩაეტივნენ, უგრძელებდნენ და უგრძელებდნენ ხელშეკრულებებს ამ კომპანიას და დღემდე დაუსრულებელია ეს სამუშაოები. შედეგად მივიღეთ გადათხრილი ქვაფენილები, რომელიც სესხით გვაქვს გაკეთებული 2010 წელს და ეს სესხი დაფარულიც არ არის. სესხი არ დაგვიფარია და გაკეთებული გავაფუჭეთ.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) აპირებთ მათ შესრულებას? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი საარჩევნო პროგრამა მოიცავს როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან გეგმებს. შესაბამისად, პრიორიტეტებისა და სპეციფიკის მიხედვით მოხდება კონკრეტული გეგმის განხორციელება. ამ გეგმას მე ვერ დავარქმევდი წინასაარჩევნო დაპირებას, ვინაიდან ჩვენ მუდმივად, როგორც ხელისუფლებაში,  ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს, ვცდილობდით ვყოფილიყავით ჩვენი ამომრჩევლების ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. დაფინანსდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები; ამუშავდება პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება  სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე; პრიორიტეტების მიხედვით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

ლელა მენთეშაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

პირველი დაპირება ამომრჩეველთან არის ის, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია იქნება ორგანო, რომელიც აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების პირობები მაქსიმალურად სწრაფად გაუმჯობესდეს.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის მერია განვითარდება ტურისტული მიმართულებით. ინვესტორებთან აქტიური მუშაობის საფუძველზე და ინვესტიციების მოზიდვით გაჩნდება უამრავი სამუშაო ადგილი.

შოთა ნარეკლიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

პირველი დაპირება იქნება ის, რომ ნებისმიერი პრობლემის და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მოხდება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით. ჩვენი მიზანია, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უფრო მეტად გავაძლიეროთ თვითმმართველობა. ამ მიმართულებით მთავრობაც გეგმავს სოფლებში გარკვეული ადგილობრივი ჯგუფების შექმნას, რომლებიც წარმოადგენენ უშუალოდ თავიანთი სოფლის ინტერესებს და მათთან ერთად მოხდება ამ პროექტებზე მუშაობა და პრიორიტეტების განსაზღვრა. მოხდება გზების რეაბილიტაცია, გარეგანათებების მოწყობა, (სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს საუბნო გზებზე, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში). ერთ - ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის მუნიციპალური ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. ეს საკმაოდ დიდ თანხებით არის დაკავშირებული, მაგრამ ვეცდებით, რომ გამოვნახოთ უახლოეს პერიოდში გარკვეული გზები. ერთიანი მუნიციპალიტეტი იქნება და ეს მოიცავს როგორც სოფლებთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას როგორც ქალაქში, ასევე სოფლად. ყველაფერს სამწუხაროდ ერთად ვერ გავაკეთებთ და ამ პრიორიტეტების განსაზღვრის შედეგად დაიწყება იმ პრობლემის მოგვარება.

თამარ ლამაზოშვილი („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“)

უმთავრესი პრობლემა არა მხოლოდ თელავში, არამედ მთელ საქართველოში არის მაღალი ბიუროკრატია. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ბიუროკრატიის შემცირება. ჩვენ გვინდა, რომ არსებული მერიები და გამგეობები ჩავანაცვლოთ მუნიციპალური იუსტიციის სახლებით. ეს არის სრულიად ახალი მოდელი სახელმწიფო წყობის განვითარების, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის და სოფლის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას. ჩვენი პროგრამის მიხედვით, არსებული მერია და საკრებულო მუნიციპალური იუსტიციის სახლებად უნდა გადავაკეთოთ, სადაც 700 თანამშრომლიდან დარჩება 40- 50 თანამშრომელი, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან განცხადების მიღებაზე და პასუხის დაბრუნებაზე. მთლიანად გადავდივართ ელექტრონულ სისტემაზე. მაგალითად, ერთჯერადი დახმარებების გაცემაზე იქნება კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი. განაცხადი როდესაც შევა, დამუშავდება ელექტრონულად და ადამიანის ფიზიკური ჩარევა, ანუ სუბიექტური ფაქტორი იქნება გამორიცხული. ახლაც არიგებენ შეშის ვაუჩერებს, მაგრამ ამას აძლევენ „ოცნების“ კორდინატორებს და მხარდამჭერებს. ამ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონული იქნება ეს ყველაფერი ფიზიკურად შეუძლებელი იქნება სუბიექტური ფაქტორების გამოყენება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი გაკეთდება შემდეგი 4 წლის ვადაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტულ მართვაზე გადავალთ. კონკრეტული მოქალაქე, რომელსაც აწუხებს პრობლემა, შეეძლება, რომ პატარა მონახაზი - რა პრობლემაა, მისი გადაჭრის გზები და შედეგები დაწეროს, (სრულყოფილ პროექტს არ მოვითხოვთ რა თქმა უნდა) შემოიტანს მუნიციპალურ იუსტიციის სახლებში, სადაც ამ პროექტს არასამთავრობო სექტორისგან, აქტიური მოქალაქეებისგან და პროფესიონალებისგან შემდგარი კომისია განიხილავს და დააფინანსებენ. მაგალითად, როდესაც მე, ჩემ უბანში სკვერი არ მაქვს, ამაზე შევიტან პროექტს, დამაფინანსებენ და მე ვიქნები ამაზე პასუხისმგებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამაღლდეს. ასე უფრო მეტი საქმე გაკეთდება და მარტივი იქნება დავინახოთ ადამიანების საჭიროებები.

ნიკოლოზ ვარდოშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

თუ მოსახლეობა დამიჭერს მხარს და გავხდები თელავის მერი, არჩევიდან პირველივე კვირაში დავიწყებ სხვა მუნიციპალიტეტების მერებთან მოლაპარაკებას, რომ ერთობლივად გავაკეთოთ რეგიონული ცხოველთა თავშესაფარი. ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა ადგილობრივმა მარტო ჩვენმა ბიუჯეტმა ვერ დაძალოს. ეს პრობლემა არამარტო თელავის, მთლიანად კახეთის პრობლემაა. მეორე პრობლემა ეს გახლავთ, პარკირების პრობლემა, რომელიც 2014 წელსვე იყო ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა და მესამე პრობლემა, აუცილებლად მოვიძიებ თანხას იმისთვის, რომ შევიძინო ქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც თავისთავად გადაჭრის პარკირების პრობლემას. ამ საკითხებზე მუშაობა ჩემი არჩევიდან პირველივე კვირაში დაიწყება და მოგვარდება ჩემი უფლებამოსილების პირველივე წელს.

არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)

გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქმედებები თანხვედრაში იყოს ჩვენს დაპირებებთან და მოსახლეობის დაკვეთასთან. მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს თავისი საჭიროებიდან გამომდინარე. ვინაიდან კარგად ვიცნობ თელავის პრობლემებს, ჩვენ ხალხს სწორედ იმას ვთავაზობთ, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა მოსახლეობასთან კონსულტაციებით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდება. შესაბამისად,  მე არ ვიქნები მერი, რომელიც კაბინეტიდან განახორციელებს თავის უფლებამოსილებას. ჩვენი გუნდი იმუშავებს მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტისა და ინტერაქციის რეჟიმში.

ლელა მენთეშაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

პირველ რიგში ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები იმას, რომ ვიქნები მათი მერი და არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების. თელავის მერია იქნება თავისუფალი, გამჭვირვალე ორგანო, რომელიც ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის და მათი აქტიური მონაწილეობის საფუძველზე მოხდება ბიუჯეტის დაგეგმვა.

შოთა ნარეკლიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

არ მექნება განსაზღვრული სამუშაო საათები. მე ვიქნები მათ მიერ არჩეული ქალაქის და მუნიციპალიტეტის მერი და ჩემი პირდაპირი მოვალეობა იქნება მათთან უშუალო კონტაქტი. ასე რომ ჩემი სამუშაო ოთხის კარი ღია იქნება ყოველთვის თითოეული მაცხოვრებლისთვის.

თამარ ლამაზოშვილი („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“)

კაბინეტური სისტემა არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი და ეს აბსოლუტურად უნდა მოისპოს და ჩვენი მუნიციპალური იუსტიციის სახლების პროექტი ამას თავისთავად აუქმებს. არანაირი კაბინეტი არ იქნება. ეს იქნება ღია სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს შეუძლია მივიდეს და დაელაპარაკოს მერს და კომპეტენტურ ადამიანებს. მთავარია, ერთი რამ უნდა გავითავისოთ, მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით იმართება სახელმწიფო, ისინი არიან ჩვენი დაქირავებულები - ეს უნდა გაითავისოს ყველა მოქალაქემ.

ნიკოლოზ ვარდოშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

მე მოქალაქეებს ყოველდღიურად ვხვდები ახლაც. მე ვიქნები ის მერი, რომელსაც არ ექნება მიღების დღე. თელავი ძალიან პატარა ქალაქია და არ არის საჭირო ეს ზედმეტი ბიუროკრატია დავაწესო, რომ ორშაბათს მოვიდეს მოქალაქე და სამშაბათს არ მოვიდეს. ნებისმიერ დროს, როცა მე ვიქნები თავისუფალი მოქალაქეებს შეეძლებათ მოვიდნენ და გამიზიარონ თავისი გულისტკივილი.

თუ გაქვთ გეგმა, რომელიც მერად გახდომის შემთხვევაში 18:00 საათის შემდეგ მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის პრობლემას მოაგვარებს?   გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2008

წელს, გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, ჩემი ინიციატივით მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანა თელავში, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქალაქს, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში ამ მიმართულებით არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, პირიქით განადგურდა არსებული ტრანსპორტი და ჯართად გაყიდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მაქვს კონკრეტული გეგმა ამ მიმართულებით და აღნიშნული პრობლემის მოგვარება მოხდება ეტაპობრივად. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამის მოგვარებასაც შევძლებთ.

ლელა მენთეშაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე მოვიძიებთ ფინანსურ წყაროებს, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის შექმნას.

შოთა ნარეკლიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

მუნიციპალური ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვეცდებით, რომ გამოვნახოთ უახლოეს პერიოდში გარკვეული გზები. ერთიანი მუნიციპალიტეტი იქნება და ეს მოიცავს როგორც სოფლებთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას როგორც ქალაქში, ასევე სოფლად. მოსახლეობასთან ერთად მოხდება ქალაქშიც და სოფლებშიც პრიორიტეტების დასახვა.

თამარ ლამაზოშვილი („გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“)

მუნიციპალური ტრანსპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხშირად დავდივართ ევროპულ ქალაქებში, რომ ეს გამოცდილება ავიღოთ და მოვარგოთ ქართულ რეალობას. აქ ქალაქის დაგეგმარებასთან გვაქვს პრობლემა და რა თქმა უნდა მუნიციპალური ტრანსპორტიც უნდა გაჩნდეს. არ შეიძლება 2017 წელს, ადამიანი იყოს დროში შეზღუდული. არამარტო სოფლებში, თელავშიც 5 საათის შემდეგ ფიზიკურად არ არის ტრანსპორტი, რომ გადაადგილდე. ამიტომ აუცილებლია პირველ ეტაპზე გადავიდეთ 11 საათიან გრაფიკზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იყოს ეკოლოგიურად სუფთა. ჩვენ ელექტროტრანსპორტის შემოყვანას ვგეგმავთ, რადგან ევროსტანდარტებში უნდა იყოს ეს ყველაფერი მორგებული.

ნიკოლოზ ვარდოშვილი („ლეიბორისტული პარტია“)

ამ კითხვაზე ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ. სოფლები დიდია მასშტაბით. ეს უნდა დავითვალოთ, გავაანალიზოთ და შევჯერდეთ რამდენად შეუძლია ამის მოგვარება ადგილობრივ ბიუჯეტს.

ფაქტ-მეტრმა ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მერობის კანდიდატებს განსხვავებული კითხვებით მიმართა. შოთა ნარეკლიშვილს 4 წლის წინ, „ქართული ოცნების” მიერ გაცემული ის წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენა, რომელიც არ შესრულდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს კი თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნების შესახებ გაცემული დაპირების შესახებ ჰკითხა.   თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი დაპირება თელავში 24 საათიან წყალმომარაგება და უპატრონო ცხოველებისთვის თავშესაფრის აშენება იყო. თუმცა, 4 წლის შემდეგ ქალაქში მთავარ პრობლემად კვლავ წყალმომარაგება და უპატრონო ცხოველები რჩება. რატომ არ შესრულდა დაპირება და თუ გაქვთ გეგმა, რომლითაც ამ პრობლემების გადაჭრას შეძლებთ მერად არჩევის შემთხვევაში?   შოთა ნარეკლიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)

გეთანხმებით, მაწანწალა ძაღლების პრობლემა ისევ აქტუალურია ჩვენ ქალაქში. ამ საკითხზე ვფიქრობთ, მეზობელი მუნიციპალიტეტების ჩართვას და ერთობლივი თავშესაფრის მოწყობას. წელს დასრულდა თელავის ზედა ნაწილის სასმელი წყლის ქსელის სრული რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ჩართული. 2018 წლიდან იგეგმება თელავის ქვედა ნაწილის და კურდღელაურის სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. ამ პროეტის დასრულების შემდეგ თელავს და კურდღელაურს მოეხსნება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა.

თქვენი მერად წარდგენის დღეს ერთ-ერთი მთავარი დაპირება თელავისთვის თვითმმართველი სტატუსის დაბრუნება იყო. როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას?

გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მე მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა თელაველების წინაშე. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო თელავს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ბუნებრივია, ეს საკმაოდ მტკივნეულია მუნიციპალიტეტისათვის და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თელავს აღვუდგინოთ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ფუნქციური თვალსაზრისითაც. ამისათვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც არსებული ერთპარტიული მმართველობის პირობებში რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. მე ღრმად მწამს, რომ ხალხის ნება ყველაზე დიდი ძალაა და სწორედ ამ ძალის კონსოლიდაციით ჩვენ შევძლებთ

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი