„ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგნენლებზე მიმდინარე ზეწოლაზე ისაუბრა. იმამყულიევმა განაცხადა:

„მარნეულის სოფლების 90%-ში არის ასეთი მიდგომა გამგებლის რწმუნებულების მიმართ, რომ თუ ისინი ვერ მოიგებენ ადგილზე არჩევნებს, ვერ დარჩებიან სამსახურში“.

იმამყულიევი ინფორმაციის წყაროდ ადგილობრივ მოსახლეობას ასახელებს. ამბობს, რომ გამგებლის რწმუნებულები დახმარებას ნათესავებს სთხოვენ, უხნიან რა, რომ თუ ისინი ხმას მმართველი პარტიას არ მისცემენ, წარმომადგენლები სამსახურს დაკარგავენ.

„ჩემთან პირად საუბარში ეს რწმუნებულებს არ უთქვამთ, მაგრამ მე მათი ნათესავებისგან და მოსახლეობისგან გავიგე. ამას ადასტურებს ისიც, რომ ყველა ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მე 2016 წელს არჩევნები მოვიგე, გამგებლის რწმუნებულები გაუშვეს. კონკრეტულად, ვსაუბრობ ყიზილაჯლოს თემის, შულავერის და დამია გეურახის თემის წარმომადგენლებეზე. მათ ხელშეკრულება აღარ გაუფრომეს, სწორედ ამის გამო“, - განაცხადა ახმედ იმამყულიევმა.

მარნეულის გამგეობაში აცხადებენ, რომ ყიზილაჯოსა და შულავერის თემში გამგებლის წარმომადგენლებმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღეს მიმდინერე წლის ივნისში. „რაც შეეხება დამია გიურახში გამგებლის წარმომადგენელს ჰეიდარ მუსაევს,

 ისიც პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, რადგან არჩევნებში მონაწილეობას იღებს როგორც „ქართული ოცნების“ კანდიდატი“, - განგვიცხადეს მარნეულის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამ დროისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გამოუვლენია გამგებლის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები. მარნეულისგან განსხვავებით, რწმუნებულებზე ზეწოლაზე დმანისის მუნიციპალიტეტში განცხადება „მრავალეროვანმა საქართველომ“ 4 სექტემბერს გააკეთა. ორგანიზაციის ადგილობრივი გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით, დმანისის გამგებელმა თავისი ორი წარმომადგენელი გაანთავისუფლა, რადგან მათ პარტიული ხასიათის დავალება არ შეასრულეს. აღნიშნული უარყო დმანისის გამგებელმა

და განაცხადა, რომ რწმუნებულებთან დადებულ ხელშეკრულებას მოქმედების დრო გაუვიდა, მოსახლეობაც არ იყო ამ ადამიანებით კმაყოფილი და, შესაბამისად, არ გააგრძელა მათთან თანამშრომლობა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონმა საჯარო დაწესებულებები დაავალდებულა, რომ 1 ივლისამდე დაწესებულებაში არსებული ყველა თანამდებობა ახალი კანონით გათვალისწინებულ რანგებში გადაენაწილებინა. კანონის 125-ე მუხლის 1 და მე-2 პუნქტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობა გულისხმობს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებითი ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას, იგი იქნება შტატიდან ამოღებული, ხოლო ამ პოზიციაზე მომუშავე პირებთან დაიდება შრომის ხელშეკრულება.

„აქამდე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლის წარმომადგენლები დანიშნული იყვნენ საჯარო კონკურსის მეშვეობით უვადოდ, მათ უმრავლესობას (ცალკეულ რეგიონებში) ატესტაციაც ჰქონდა გავლილი. შრომითი ხელშეკრულებით მათი დასაქმებისას კი, ისინი დაინიშნებიან გამარტივებული კონკურსით (რაც მხოლოდ გამგებელთან გასაუბრებას შეიძლება გულისხმობდეს), ხოლო ხელშეკრულება იქნება ვადიანი, რომლის გასვლისას მისი გათავისუფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იქნება შესაძლებელი” - აცხადებენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

ორგანიზაცია მიიჩნევს,

 რომ ამ კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების საკადრო პოლიტიკა გამგებლების წარმომადგენლეთან დაკავშირებით კანონთან შეუსაბამოა. გარდა ამისა, მსგავსი ცვლილებების განხორციელება, განსაკუთრებით კი არჩევნებამდე პერიოდში, ქმნის მაღალ რისკებს იმისა, რომ გამგებლის წარმომადგენლის პოზიციის საშტატო ნუსხიდან შრომით ხელშეკრულებებზე გადაყვანა ხელისუფლების მიერ მათზე ზეწოლისა და საარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება ახმედ იმამყულიევის განცხადებას, რადგან მისი ცალსახად დადასტურება ან გამორიცხვა შეუძლებელია, ფაქტ-მეტრი მას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი