2017 წლის 21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა მეტნაკლებად მშვიდ გარემოში ჩაიარა. თუმცა, ცალკეულ დარღვევებთან ერთად, ახალი და არასასიამოვნო ტენდენცია გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარია საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენლების მიერ (ძირითადად „ქართული ოცნების“) სარეგისტრაციო მაგიდასთან მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის დაფიქსირებასა და სპეციალურ ფურცელზე მის აღრიცხვაზე, რაც არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის და ოპოზიციური პარტიების

მიერ ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლის მცდელობაც შეფასდა.

„სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირისა, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ამასთან, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებულ იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისათვის“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში. მმართველი პარტიის შეფასებით კი აღნიშნული ქმედება კანონთან სრულ შესაბამისობაში მოდიოდა და ის მხოლოდ ამომრჩეველთა აქტივობის მონიტორინგს ისახავდა მიზნად. თუმცა, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა აქტივობის შეფასებისას რიგითი ნომერის ცოდნას, ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით: „საჯაროდ იყო გაკეთებული განცხადება ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა. სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს, შეუძლია აწარმოოს აღრიცხვა, გარეთ თუ შიგნით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“.

დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ამოწერის/დაფიქსირების ფაქტს ცენტრალური საარჩევო კომისია დილიდანვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ცესკო-ს განცხადებით,

„დამკვირვებლებს და ასევე სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება. უფრო მეტიც, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს დაკვირვების უფლების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება“.

თუმცა, კითხვაზე, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ქმედება, პარტიის წარმომადგენლებს პასუხი არ გააჩნდათ. მეტიც, თავდაპირველად მათ არც ის იცოდნენ თუ რამდენად შეესაბამებოდა მათი ქმედება კანონს. შესაბამისად, შედარებით უფრო მოკრძალებულად და შეუმჩნევლად ცდილობდნენ ნომრების ამოწერას. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით წახალისებულებმა, დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო აქტიურად და დაუაფარავად განაგრძეს თავიანთ წიგნაკებში არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერა.

შესაძლოა, ჩვენს მკითხველთა დიდ ნაწილს თავადაც გადახდა  მსგავსი რამ, ზოგმა შეიძლება ყურადღებაც არ გაამახვილა, რადგან ეს ნორმალურ მოვლენად მიიჩნია, თუმცა, დიდი ალბათობით უმრავლესობა მაინც შენიშნავდა მათ სარეგისტრაციო მაგიდასთან მდგომ ფურცელმომარჯვებულ დამკვრვებელს. აღნიშნული სურათის აღდგენის მიზნით გთავაზობთ იმ შემთხვევის აღწერას, რომელსაც ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში N 62-ე უბანზე, პირადად ამ სტატიის ავტორის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

ხმის მისაცემად მისულს, რეგისტრატორმა პირადობის მოწმობა გამომართვა და ჩემი რიგითი ნომერი მკითხა. აღნიშნული კითხვაზე პასუხს, გარდა რეგისტრატორისა, ასევე მის გვერდით მდგომი, ფურცელ და კალამ მომარჯვებული ქალბატონი ელოდა. სამწუხაროდ, მისი მოლოდინები ვერ გავამართლე და ცოტა საქმეც გავურთულე, რადგან რიგითი ნომერი ზეპირად არ ვიცოდი, რითაც რეგისტრატორიც გავანაწყენე, რომელსაც ამდენ ამომრჩეველში ჩემი რიგითი ნომრის მოძებნა არც ისე სასურველ საქმედ მიაჩნდა, რის გამოც საქმის გაადვილების მიზნით, იქვე პლანშეტით შეიარაღებულ დამკვირვებელს ხმამაღლა ჩემი პირადი ნომერი გადასძახა და რიგითი ნომრის მოძებნა სთხოვა. სულ რამდენიმე წამში, დამკვირვებელმა მას ასევე ხმამაღლა აცნობა ჩემი რიგითი ნომერი, რომელიც როგორც რეგისტრატორმა ასევე იმ ქალბატონმაც ჩაიწერა, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას (სულ მცირე რიგით ნომრებს) პარტია „ქართული ოცნების“ სახელით  აკვირდებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა ჩემი გაკვირვება გამოიწვია და ვკითხე, თუ რის საფუძველზე და რა მიზნით ჩაიწერა მან ეს მონაცემები, რაზეც ქალბატონმა მომიგო, რომ მას დავალებული ჰქონდა აღნიშნული მონაცემების აღრიცხვა და მხოლოდ რიგითი ნომერი ჩაიწერა, რითაც კანონს არ არღვევდა. თუმცა, ჩემს მითითებაზე, რომ რიგითი ნომრით მას რეალურად ძალიან მარტივად შეეძლო დამატებითი პირადი ინფორმაციის მოპოვებაც, მან განმიცხადა, რომ აღნიშნულზე პასუხი არ გააჩნდა და მოკლე ტექსტური შეტყობინება მაჩვენა (ჩემთვის დაუდგენელი პირის მიერ მიწერილი), რომლითაც მას აუწყებდნენ, რომ ტელევიზიით გავრცელებული ცესკო-ს განცხადების თანახმად, ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას და, შესაბამისად, მას თავისუფლად შეეძლო ამომრჩეველთა აღრიცხვის გაგრძელება. აღნიშნული ფაქტები სახალხო დამცველმა პერსონალურ მონაცემთა შეგროვებად შეაფასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლების შეზღუდვის რისკებზეც გაამახვილა ყურადღება. განცხადებაში

ვკითხულობთ: „აღნიშნული მონაცემები პერსონალურია, იმისდა მიუხედავად, თუ რა რეჟიმია დადგენილი მათი ხელმისაწვდომობისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შეგროვება ხორციელდებოდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა არღვევდეს საქართველოში არჩევნების ძირითად პრინციპსაც - ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვას“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებით,

„დამკვირვებელს აქვს უფლება, დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩევლებზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის“.

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან განსხვავებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, სარეგირსტრაციო მაგიდაზე არსებულ სიებზე დაკვირვება კანონის დარღვევად შეაფასა. მათ საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლზე მიუთითეს, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს საჯარო სიებს (რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას არის გამოკრული) და სამაგიდო სიას, რომელიც, მათი განცხადებით,   ცესკოს 2012 წლის N42 დადგენილების

თანახმად (მუხლი 1.3), არ არის საჯარო და მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.

საია-ს განცხადებაში

ასევე ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსია (2002) მოხმობილი, რომლის თანახმადაც, უნდა ქვეყნდებოდეს ამომრჩეველთა სიები და არა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა სიები. ანა ნაცვლიშილის განცხადებით, კონსტიტუციით აღიარებული პრინციპის თანახმად (კენჭისყრის ფარულობა), არავისთვის არ უნდა იყოს გასაგები არა მხოლოდ ის, თუ ვის მისცა კონკრეტულმა პირმა ხმა, არამედ ისიც საერთოდ გადაწყვიტა თუ არა ადამიანმა განეხორციელებინა თავისი უფლება და მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.

„მსგავსი ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ უბანზე მოსული ამომრჩევლების ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში (რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა)“, - ნაქვამია საია-ს განცხადებაში.

ასევე, არ არის გამორიცხული, აღნიშნული სიების შედგენა, არა მხოლოდ პირველ ტურში ამომრჩეველთა მობილიზებას, არამედ უფრო მეტად მეორე ტურისთვის სათანადო მომზადებას ისახავდა მიზნად. რადგან, სწორედ აღნიშნული სიებით ადვილი დასადგენი იქნებოდა თუ ვინ არ მივიდა არჩევნებზე, რომელთა ჩართულობასა და მობილიზებას მეორე ტურში გადამწყვეტი როლი შეიძლება ეთამაშა.

დასკვნა

კენჭისყრის დღეს დამკვირვებელს/სუბიექტის წარმომადგენელეს შეუძლია შეუზღუდავად გადაადგილდებოდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. თუმცა, კანონში არ არის მითითება, თუ რამდენად ჯდება დამკვირვებლის მიერ ალტერნატიული სიების შედგენა და, შესაბამისად, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის დამუშავება დამკვირვებლის უფლებამოსილებაში და მისი დაკვირვების თავისუფლების საზღვრებში.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი ერთმანეთისგან მიჯნავს ორი სახის სიებს. საჯარო სიებს, რომლებიც ყველა დაინტერესებული პირისთვის თანაბრად არის ხელმისაწვდომი და ასევე სამაგიდო სიებს, რომლებიც არ არის საჯარო და რომელზე წვდომაც მხოლოდ კომისიის წევრებს აქვთ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნული სიების კონტროლი და მეტიც, დამკვირვებლის მიერ ამომრჩევლის აღწერის პარალელური პროცედურის წარმოება, კანონთან სრულ შესაბამისობაში იყოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრის კედელზე საჯაროდ განთავსებულ სიასთან შედარებით შესაძლებელია ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის დამუშავება. მოცემულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დამუშავებას არ გააჩნია კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მისი ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნით გამოყენების შესახებ. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე და მის ქცევაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან მოხდეს არა ამ ქმედების წახალისება, არამედ სათანადო ზომების მიღება, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული პარტიების მიერ ამომრჩეველთა აღწერისა და მათი ნების კონტროლის მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი