რამდენიმეთვიანი წინასაარჩევნო მარათონი დასრულდა და 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველომ თვითმმართველობის კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარა. არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში წარიმართა. საარჩევნო პროცესში გამოკვეთილი ძირითადი დარღვევის შესახებ კი ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს უკანასკნელი ორი (2014 და 2017 წლები) თვითმმართველობის არჩევნები და პარტიების რეიტინგები შეადარა.

2017 წელს 3 440 123 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 1 570 563 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც საერთო რაოდენობის 45.65%-ია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, მოსახლეობის აქტივობა გაზრდილია - ამომრჩევლების საერთო რაოდენობიდან (3 429 748 ამომრჩეველი) 2014 წელს საარჩევნო უბნებზე 1 485 372 მოქალაქე (43.31%) გამოცხადდა. 2017

წელს, რეგიონების მიხედვით, ყველაზე აქტიური რაჭა-ლეჩხუმი იყო, სადაც ამომრჩეველთა 60.2% მივიდა საარჩევნო უბნებზე. 2014 წელსაც, იგივე მაჩვენებლით, კვლავ რაჭა-ლეჩხუმი ლიდერობდა - 61.2%-ით.

ისევე როგორც 2014 წელს, 2017

წელსაც არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. საქართველოს მასშტაბით, ხმების რაოდენობა 5-6 ძირითად პარტიას შორის გადანაწილდა.

გრაფიკი 1:

პარტიების რეიტინგი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (%)

image001 erti

გრაფიკი 2:

პარტიების რეიტინგი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე (%)

image003ori

როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკებიდან ჩანს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე გაზრდილია. ამავე დროს, შემცირებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ დაარსებულ „ევროპულ საქართველოს“ მოქალაქეთა 10%-მა ნდობა გამოუცხადა. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის პრორუსულ პარტიას, მას მხარდაჭერა მკვეთრად შეუმცირდა, თუმცა, გაზრდილია „პატრიოტთა ალიანსისადმი“ ამომრჩეველთა ნდობა.

ცხრილი 1:

 "პატრიოტთა ალიანსის" შედეგები ბოლო სამი არჩევნების მიხედვით

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 66 805 (4.72%) 88 097 (5.01%) 98 585 (6.56%)

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე მეტად გამოირჩევა პოპულისტური მესიჯებით და დაპირებებით, რომელთა უმრავლესობა რეალობისგან შორსაა და ხშირად წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესთან. მაგალითისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ახალქალაქის მერობის კანდიდატი სამველ პეტროსიანი, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას სომხეთის გენოციდის აღიარებას ჰპირდებოდა. აღნიშნული დაპირება, ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას და ეროვნულ ინტერესებს, გამომდინარე იქიდან, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება საქართველოს მხრიდან კიდევ უფრო დაძაბავს რეგიონში არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა, საქართველო ახლო ურთიერთობაშია აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აღნიშნულს. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება ერიდებოდა ამ მიმართულებით თამამი განცხადებების გაკეთებას. საქართველოს და სომხეთს გენოციდის აღიარების გარეშეც მყარი პარტნიორული ურთიერთობები აქვთ. პეტროსიანის შედეგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ახალქალაქში და შეადგენს 32.32%-ს. ასევე, ირმა ინაშვილი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღებოდა თბილისში რეფერენდუმის  ჩატარების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ თბილისში რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია. რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში

 ვკითხულობთ: „რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”. იგივე კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი 3 შემთხვევაში: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის  და არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნის შემთხვევებში. აღნიშნული დაპირება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა იყო.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მოუხშირა მოსკოვში ვიზიტებსაც. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რას ლაპარაკობენ ისინი ოკუპანტ ქვეყანასთან. ამ ამბების ერთადერთი წყარო თავადვე არიან, შესაბამისად, დიდია შანსი, რომ ისინი საუბრობენ საკითხზე, რომელზე საუბრის მანდატიც არ გააჩნიათ და საზოგადოებას უყვებიან იმას, რაც თავისი შეხედულებით მართებულად მიაჩნიათ. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს აღნიშნული პარტიის მიერ გაცემულ დაპირებებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე და მიეწოდოთ ამომრჩევლებს საპირწონე ალტერნატიული ან/და სახელმწიფოებრივი ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი