ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ 5 წლიანი მოღვაწეობა შეაფასა და მათ ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სასჯელაღსრულების სისტემაში მკვეთრად გაუმჯობესებული მდგომარეობა დაასახელა. „ჩვენ ჩავატარეთ რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი წელიწადში იყო 244 და ჩვენ შევამცირეთ წელიწადში 12-მდე“, - განაცხადა

თალაკვაძემ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2010 წლამდე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება არ ხორციელდებოდა. 2006-2011 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა მოყვანილია სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში (გვ. 598). რაც შეეხება 2012-2017 (7 თვე) წლებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკას, მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკისა და ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ყოველთვიური ანგარიშებიდან

გთავაზობთ.

  ცხრილი 1: 2006-2017 (8

თვე)  წლებში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა

  წელი იან. თებ. მარ. აპრ. მაი. ივნ. ივლ. აგვ. სექტ. ოქტ. ნოე. დეკ.   სულ
2006 6 3 10 6 3 5 8 12 14 6 10 6 89
2007 10 12 10 9 7 7 11 6 6 8 8 7 101
2008 5 3 8 5 12 16 9 6 6 6 7 7 90
2009 12 9 7 3 14 10 4 3 5 6 7 11 91
2010 7 12 7 10 13 10 13 15 15 14 12 14 142
2011 11 12 21 10 14 9 7 14 11 8 14 9 140
2012 9 10 10 8 7 6 3 5 0 4 2 3 67
2013 3 1 3 2 2 1 1 3 1 2 2 4 25
2014 2 1 3 0 1 2 1 3 5 2 3 4 27
2015 1 0 2 0 2 0 3 2 1 0 1 0 12
2016 1 3 1 3 0 1 0 3 0 1 2 2 17
2017 1 2 0 4 0 2 2 0 - - - -  

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2010-2012 წლების სტატისტიკურ მონაცემებსა და სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ ამავე პერიოდის მონაცემებს  შორის  გარკვეული შეუსაბამობაა. კერძოდ, 2010 წელს საქსტატის მონაცემებით სულ გარდაცვალების 74 შემთხვევა დაფიქსირდა, ნაცვლად სახალხო დამცველის მიერ აღრიცხული 142 შემთხვევისა. 2011 წელს - 114 შემთხვევა, ნაცვლად 140-სა, ხოლო 2012-ში 62 შემთხვევა 67-ის გარდაცვალების ფაქტის ნაცვლად. ჩვენთვის უცნობია, რამ განაპირობა აღნიშნული განსხვავება. რაც შეეხება 2013 წლიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, მონაცემებს შორის შეუსაბამობა არცერთ საანგარიშო თვეს აღარ ფიქსირდება.

პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ევროპის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ყოველ 10 ათას პატიმარზე გარდაცვლილთა რაოდენობით გამოითვლება.

ცხრილი 2:

სიკვდილიანობის მაჩვენებელი (10 000 პატიმარზე) საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (2006-2016 წლები)

 წელი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა სიკვდილიანობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (10 000 პატიმარზე)
2006 15 465 89 57.5
2007 18 309 101 55.1
2008 18 659 90 48.2
2009 21 239 91 42.8
2010 23 684 142 60.0
2011 24 114 140 58.1
2012 19 349 67 34.6
2013 9 093 25 27.5
2014 10 372 27 26.0
2015 9 716 12 12.3
2016 9 334 17 18.2

თუ ყოველ 10 ათას პატიმარზე დაფიქსირებულ გარდაცვალებათა შემთხვევებს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ 2006 წლიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2010 წელს იყო (60.0). რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება  დეპუტატის მიერ დასახელებული რიცხვისაგან. აღნიშნული სხვაობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ არჩილ თალაკვაძე არა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, არამედ გარდაცვლილთა რაოდენობას გულისხმობდა, თუმცა, რიცხვებს ამ შემთხვევაშიც არასწორედ ასახელებს და 102 ერთეულით ცდება რეალობას. კერძოდ, როგორც პირველი ცხრილიდან ჩანს, პატიმართა გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა (142 შემთხვევა) 2010 წელს დაფიქსირდა.

  დასკვნა

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში  პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი 2015 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა (12 შემთხვევა).

მართალია, არჩილ თალაკვაძის განცხადების ზოგადი კონტექსტი, რომ  წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდთან შედარებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მკვეთრი გაუმჯობესებაა, რაც გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის შემცირებითაც დასტურდება,  სიმართლეს შეესაბამება, თუმცა თალაკვაძე არასწორედ ასახელებს რიცხვებს. კერძოდ, მის მიერ დასახელებული (244 გარდაცვალების შემთხვევა) ან მასთან მიახლოებული რიცხვი 2006-2017 წლებში არასდროს არ დაფიქსირებულა. მეტიც, ყველაზე მეტ შემთხვევას ადგილი 2010 წელს ჰქონდა (142 შემთხვევა), რაც 102 ერთეულით ჩამორჩება დეპუტატის მიერ დასახელებულ რიცხვს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის ბოლოს მოვიდა, რა დროსაც სიკვდილიანობის რაოდენობა 2010 წელთან შედარებით ორჯერ იყო შემცირებული, შესაბამისად, ახალი ხელისუფლების პირობებში სიკვდილიანობის რაოდენობა არა 142-დან 12-მდე, არამედ 67-დან 17-მდე შემცირდა (2012-2016 წლები).

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია