ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „საქმიან დილაში“ ქუთაისის მოსახლეობის კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას გოგი წულაიამ ადგილობრივი აბონენტებისთვის წყალმომარაგების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქუთაისში ყოველთვიურად 400 ოჯახს უწყდება წყლის მიწოდება გადაუხდელობის გამო.

„400 ოჯახს ყოველთვიურად ეჭრება წყალი [გადაუხდელობის გამო]... ბევრი აბონენტი საერთოდ არ არის გამრიცხველიანებული და ამის ფონზე ეს 400 არის კატასტროფული ციფრი“, – განაცხადა წულაიამ (2:50 წთ-დან).

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქუთაისის მოსახლეობის წყალმომარაგებას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს,  რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 70 038 აბონენტი ჰყავს. აქედან დიდი ნაწილი - 65 899, საყოფაცხოვრებო მომხმარებელია.

წყალმომარაგების კომპანიის მიერ ფაქტ-მეტრისთივს მოწოდებული მონაცემებით

ირკვევა, რომ წყალმომარაგების ქსელი ქუთაისში ნაწილობრივ არის გამრიცხველიანებული.

65 899

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლიდან თითქმის ნახევარს, 31 309 აბონენტს (დაახლოებით 47.51%), უდგას მრიცხველი, ხოლო დანარჩენი წყალს მრიცხველის გარეშე მოიხმარს (34 590 აბონენტი).

წყლის ტარიფიც გამრიცხველიანებული და უმრიცხველო აბონენტებისთის განსხვავებულია. ის აბონენტები, ვისაც წყლის მოხმარების რაოდენობას მრიცხველი უფიქსირებს, 1 კბმ წყლის მოცულობისთვის, ჯამში, მიწოდებისა და წყალარინებისთვის 0.499 ლარს იხდიან, ხოლო უმრიცხველო აბონენტებისთვის ტარიფი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით ითვლება, რაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2.155 ლარს შეადგენს. ასევე, ცალკე ტარიფი მოქმედებს კორიდორული კორპუსების აბონენტებისთვის, რაც ერთ სულ მოსახლეზე 1.501 ლარია.

კომპანიისვე ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში (09.2016 - 08.2017) გადაუხდელობის გამო გათიშული აბონენტების საერთო რაოდენობამ 8 145 შეადგინა, თვეში – საშუალოდ 677. აქედან, ფიზიკური პირები, ვისაც წყლის მიწოდება ეზღუდება, საშუალოდ, 634 აბონენტია, საიდანაც 491 გამრიცხველიანებულ აბონენტებზე მოდის. ეს უწყლოდ დარჩენილი აბონენტების საშუალოთვიური მაჩვენებლის დაახლოებით 73%-ს შეადგენს. შესამჩნევია, რომ ამ მონაცემის მიხედვით, ქუთაისში წყლის გადასახადის გადახდა გაცილებით მეტ გამრიცხველიანებულ აბონენტს უჭირს, ვიდრე სულადობის პრინციპით გადამხდელ ოჯხებს.

ასევე, კომპანიის ინფორმაციით, მოცემული დროის მონაკვეთში გამრიცხველიანებული აბონენტების საშუალოთვიური დავალიანება, რის გამოც მათ წყლის მიწოდება შეუწყდათ, დაახლოებით 18.4 ლარია.

დასკვნა

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ქუთაისში წყლის მიწოდებას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გადაუხდელობის გამო თვეში საშუალოდ 634 ფიზიკურ პირს უწყვეტს. ამათგან უმეტესობას (491) გამრიცხველიანებული აბონენტები შეადგენენ.

რაც შეეხება ქსელის გამრიცხველიანების მაჩვენებელს – ქუთაისში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების (ფიზიკური პირების) თითქმის ნახევარია გამრიცხველიანებული (დაახლოებით 48%).

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოგი წულაიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი