2013

წლის 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ,  ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა: „არსებობს მოთხოვნა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომლის წევრი ვართ და რომლის კონვენციებს ვართ მიერთებული (ფუნდამენტურ კონვენციებზეა ლაპარაკი), ეს მოთხოვნა არის ის, რომ დაუსაბუთებელი დათხოვნა სამსახურიდან არის აკრძალული.“

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა ალექსანდრე ბარამიძის განცხადება სიმართლეს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (

ILO), როგორც ერთა ლიგასთან არსებული ავტონომიური ორგანიზაცია, 1919 წელს ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე შეიქმნა. 1946 წლიდან ის, როგორც გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება (სააგენტო), მოქმედებს. მისი ძირითადი საქმიანობაა, შრომითი სტანდარტები კონვენციებისა და რეკომენდაციების სახით ჩამოაყალიბოს.

ამჟამად, ორგანიზაციის წევრია 178  სახელმწიფო. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მასში ამ სახელმწიფოების პროფკავშირებისა და მეწარმეთა დელეგატები მონაწილეობენ. შრომითი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, ორგანიზაციას (ILO) შემუშავებული აქვს 190 კონვენცია, აქედან წევრ სახელმწიფოთათვის მხოლოდ 8 ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე კონვენციის აღიარებაა (რატიფიცირება) სავალდებულო. დანარჩენი კონვენციების აღიარება სავალდებულო არ არის. აღიარების საკითხი წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს (პარლამენტი) გადასაწყვეტია, რომელმაც წარმოდგენილი კონვენციის მიზანშეწონილობა და საჭიროება

 თავად უნდა განსაზღვროს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია კონვენციებთან ერთად რეკომენდაციებსაც აქვეყნებს, სადაც კონვენციაში შემავალი თითოეული მუხლის სამართლებრივი მნიშვნელობა დაწვრილებითაა განმარტებული. რეკომენდაციები რჩევითი ხასიათისაა, მათი გათვალისწინება წევრ სახელმწიფოთათვის სავალდებულო

არ არის.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველო 1993 წელს შეუერთდა და ამ დროისათვის 16 კონვენცია

აქვს რატიფიცირებული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  #166 -ე რეკომენდაციაში, რომელიც ორგანიზაციის (ILO) #158-ე  კონვენციას შეეხება,

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესზეა საუბარი. რეკომენდაციაში #158-ე კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლებია განმარტებული, სადაც  დასაქმებულის  სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზები და დასაბუთების აუცილებლობაა მითითებული.

კერძოდ:

  • დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ობიექტურ მიზეზებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
  • დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზი დაასაბუთოს.

ამავე რეკომენდაციაში აღნიშულია, რომ ამ ეტაპზე ხუთი სახელმწიფო ამ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. ესენია: აშშ, ავსტრია, საქართველო, იაპონია, ზამბია. თუმცა, აღნიშნული რეკომენდაციის მიხედვით, ყველა ამ სახელმწიფოს დაცვის მექანიზმები გააჩნია, რათა სამსახურიდან დასაქმებულის უსაფუძვლო და უსამართლო  გათავისუფლება თავიდან აიცილოს.

როგორც აღვნიშნეთ, დღეისათვის საქართველოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ 16 კონვენცია აქვს რატიფიცირებული. მათ შორის #158 კონვენცია არ არის, რაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს განსაზღვრავს.

თუმცა, საქართველოს ახალი შრომის კოდექსი,

რომელიც პარლამენტმა 2013 წლის 12 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #166 რეკომენდაციის იმ ნაწილს ითვალისწინებს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს განსაზღვრავს.

ახალი შრომის კოდექსის 38-ე მუხლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება, რომლის მიხედვითაც:

  • დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული სამსახურიდან მხოლოდ კანონში მითითებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში გაათავისუფლოს;
  • დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, დამსაქმებელს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს;
  • დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წერილობით დაასაბუთოს.

დასკვნა

საქართველოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #158-ე კონვენცია, რომელიც  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესს განსაზღვრავს, რატიფიცირებული არ აქვს. შესაბამისად, მას არ აქვს ვალდებულება ამ კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულოს. თუმცა, საქართველოს ახალი შრომის კოდექსი ILO-ს  #166 რეკომენდაციის იმ ნაწილს ითვალისწინებს, რომელიც ორგანიზაციის #158-ე კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლებს შეეხება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #158-ე კონვენციის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია,  დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტური მიზეზი დაასაბუთოს, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციის მიხედვით, დაუსაბუთებელი დათხოვნა სამსახურიდან აკრძალულია“.

მართალია,  #158-ე კონვენციაში სიტყვა „აკრძალულია“ ნახსენები არ არის, მაგრამ ამავე კონვენციის საფუძველზე, დამსაქმებელს დასაბუთების ვალდებულება ნამდვილად აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართლებრივი დავის საფუძველი სწორედ სამსახურიდან დაუსაბუთებელი დათხოვნა გახდეს.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ალექსანდრე ბარამიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი