2018 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წარდგენისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივ სარგოზე ისაუბრა და განაცხადა:

„ზუსტად ვიცი, რომ 2021 წლამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შეზღუდულია ხელფასების ზრდა, ანუ რაც წელს გვექნება, ის ექნებათ 2021 წლისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მხოლოდ, 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი ის, რომ მათ აუმოქმედდეთ კოეფიციენტები“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობები, როგორც სახელმწიფო სამსახურის მაღალი რანგები, განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“. აღნიშნული კანონით, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წევრი და მისი მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და მთავრობების წევრები, მათი მოადგილეები სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან.  სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე კი - თანამდებობის პირები (მუხლი 3; პუნქტი თ,ი). ამავე კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და სახელფასო დანამატები (მუხლი 58; პუნქტი 2) განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. თუმცა, „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ რეგულაცია ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტის

სახით არსებობს და შესაბამისი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, გარდამავალი დებულებების ნაწილში (თავი XV) ჩადებულია ამ კანონის ამოქმედებამდე მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტი. აღნიშნული დათქმა არ შესრულდა და ისე ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, რომ 2016 წლის 1 სექტემბრამდე მთავრობის მხრიდან არ მოხდა კანონპროექტის ინიცირება. რეალურად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის გადავადების (2017

წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე) ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ვერ ესწრებოდა რიგი ნორმატიული აქტების შემუშავება, თუმცა, საბოლოოდ, კანონი ისევ არასრული აქტების პირობებში ამოქმედდა.

ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების“ შესახებ. პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 4-20 ნოემბერი განისაზღვრა, აღსანიშნავია, რომ განხილვა ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, იგი პოლიტიკური თანამდებობების პირების (არამხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის, არამედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განსაზღვრული ყველა რანგის სახელმწიფო მოსამსახურის) თანამდებობრივ სარგოს ზღვრულ მაჩვენებელს აწესებს და შესაბამისი ანაზღაურება შემდეგ უკვე მინიჭებული კოეფიციენტებით დგინდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში 

ვკითხულობთ, რომ იგი უნდა ამოქმედდეს 2021 წლიდან, ხოლო 2018-2020 წლებში სახელმწიფო პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება არაუმეტეს კანონის ამოქმედებისათვის არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობით (გვ. 9).

  დასკვნა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის 2021 წლამდე შეზღუდულია ხელფასების ზრდა და რაც წელს ექნებათ გასამრჯელო, იგივე ექნებათ 2021 წლამდე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ამბობს, რომ სახელმწიფო მოსამსახურეთა ანაზღაურება უნდა განსაზღვროს საქართველოს კანონმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“. თუმცა, აღნიშნული ჯერჯერობით მხოლოდ კანონპროექტია.

ამ კანონპროექტში დათქმა ნამდვილად არსებობს, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების ზრდა 2021 წლამდე არ მოხდება, თუმცა, გამოსაყოფია მნიშვნელოვანი გარემოებები: „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის პროექტში საპარლამენტო განხილვების დროს შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს, გაჩნდეს ახალი დათქმები და პირობები. ვიდრე ამ კანონს არ ექნება იურიდიული ძალა, მანამდე მასში არსებული მუხლები ვერ იქნება რაიმე რეალობის გარანტია. გარდა ამისა, პროექტი ჯერ არ გასულა პლენარულ სესიაზე, მისი განხილვების დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე საკმაო დროა დარჩენილი, შესაძლებელია, არსებული ანაზღაურებები შემცირდეს ან გაიზარდოს.

კანონპროექტის განხილვის და დამტკიცების შემდეგ, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი