მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა:

„თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოში კვარტალურად შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსულმა პუი-ს მოცულობამ 594.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17.6%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მესამე კვარტალში პუი-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელსაა დაფიქსირებული - 729.4 მლნ დოლარი.

სამი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, ჯამურად, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1 346.5 მლნ დოლარის ინვესტიციაა შემოსული.

საქსტატი საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 1997 წლიდან ითვლის. სამი კვარტლის ჯამური მაჩვენებლებით 2017 წელს შემოსული ინვესტიციები გასული წლებთან შედარებით რეკორდულია. თუმცა, ეს რეკორდულობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საქსტატმა წინა წლების ინვესტიციების მოცულობები შეცვალა, მათ შორის, 2007 წლის (აქამდე ინვესტიციების რეკორდული მოცულობა სწორედ 2007 წელს ფიქსირდებოდა) მონაცემი 265 მლნ დოლარით შეამცირა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშის

მიხედვით, მიმდინარე ფაქტობრივ მაჩვენებლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, რომელიც პუი-ს მონაცემების გადასინჯვასა და საქტატისა და ეროვნული ბანკის ნიშნულებს შორის შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებს. მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ფაქტ-მეტრისთვის ამ დროისთვის უცნობია, უფრო დეტალურად რას გულისხმობდა ხსენებული რეკომენდაცია და რამდენადაა გამოწვეული ხსენებული კორექტირება აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით. და თუ მონაცემები არასწორი იყო, რატომ გაირკვა ეს 10 წლის შემდეგ. ამ საკითხის დაზუსტების მიზნით ჩვენ საქსტატს შესაბამისი კითხვებით მივმართეთ და პასუხების მიღების შემდეგ მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.

რაც შეეხება ინვესტიციების პროცენტულ ზრდას, 3 კვარტლის მონაცემების მიხედვით, პუი-ს მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. საყურადღებოა, რომ აღნიშნული ზრდა 2016 წელს 5% იყო, ხოლო საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდა 2014 წელს, 72%-ის სახით დაფიქსირდა.

გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2007-2017 წლებში, სამი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით (მლნ დოლარი)

image001 წყარო: საქსტატი

საქსტატის მიხედვით, 2017 წლის სამ კვარტალში პუი-ის ყველაზე დიდი რაოდენობა აზერბაიჯანიდან შემოვიდა და 378 მლნ შეადგინა. ინვესტიციების მოცულობით აზერბაიჯანის შემდეგ თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და აშშ მოდიან. მნიშვნელოვანია, რომ ტოპ ინვესტორი ქვეყნების ათეულში რუსეთი არ შედის. გარდა ამისა, 2017 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან დსთ-ის სახელმწიფოებთან შედარებით საქართველოში 29 მლნ დოლარით მეტი ინვესტიცია შემოვიდა.

ზოგადად, რამდენად ბევრი ან ცოტა ინვესტიცია შემოდის ქვეყანაში, ამას ნომინალურ რიცხვებზე უკეთ ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) ფარდობა უჩვენებს, რადგან რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, განვითარებისთვის სულ უფრო მეტი ინვესტიცია ესაჭიროება. გრაფიკი 2-დან ჩანს, რომ პუი ყველაზე მაღალი მშპ-ის მიმართ 2006-2008 წლებში იყო, 2009-2013 წლებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2014-2016 წლებში საშუალოდ 11%-ის დონეზე იყო. 2017 წლის 3 კვარტლის პუი მშპ-ის დაახლოებით 11.5%-ია.   გრაფიკი 2:

საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-ის მიმართ

image002

დასკვნა

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 594.5 მლნ დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ჯამურად, 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყანაში შემოდინებული ინვესტიციების ოდენობა 1 346 მლნ დოლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ ნიშნულზე 3%-ით მეტია და წინა წლებში დაფიქსირებულ ყოველ მსგავს მაჩვენებელს აღემატება. თუმცა, ეს ფაქტი განპირობებულია იმით, რომ საქსტატმა 2007 წლის მონაცემები 265 მლნ დოლარით შეამცირა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტიციის რეალურ სიდიდეს მისი მშპ-თან თანაფარდობა უჩვენებს და არა ნომინალური გამოსახულება. ამ მხრივ 2006-2008 წლებში გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, ვიდრე 2017 წელს გვაქვს.

ფაქტ-მეტრი ცდილობს საქსტატისგან მიიღოს კონკრეტული და ამომწურავი პასუხი, თუ რატომ შემცირდა წინა წლების მონაცემები, განსაკუთრებით 2012 წლამდე დაფიქსირებული მონაცემები (წინა ხელისუფლების დროს შემოსული ინვესტიციები). ამ ეტაპზე კი, მამუკა ბახტაძის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი