პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სახელისუფლებო გუნდს მიმართა და განაცხადა: „ხუთი წლის განმავლობაში, მილიარდერი ხელისუფალის პირობებში, ლარით არ გაგიზრდიათ პენსია“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2012 წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარი იყო (60 წლიდან 67 წლამდე ასაკის ქალებისა და 65 წლიდან 67 წლამდე ასაკის მამაკაცებისათვის 110 ლარი, ხოლო 67 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 125 ლარი). 2013 წლის აპრილიდან პენსიის ოდენობა ყველა პენსიონერისთვის 125 ლარი გახდა, 2013 წლის სექტემბრიდან კი 150 ლარამდე გაიზარდა. ასაკობრივი პენსია 2014 წელს არ გაზრდილა. 2015 წლის სექტემბრში 10 ლარით გაიზარდა. 2016 წლის 1 ივლისიდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით (180 ლარამდე) გაიზარდა. 2017 წელს პენსია არ გაზრდილა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსიის ზრდა არც 2018 წელს არ იგეგმება.

გრაფიკი 1: ასაკობრივი პენსიის ოდენობა 2010-2017 წლებში 235 წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

2015 წელს საქართველოს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი მიიღო, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სოციალური შეღავათებია გათვალისწინებული. 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდათ, მათი პენსია 216 ლარს შეადგენს.

დასკვნა 2012 წელს ასაკობრივი პენსიის ოდენობა 110 ლარს და 125 ლარს შეადგენდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია რამდენჯერმე გაიზარდა. 2013 წელს პენსია ყველა პენსიონერისთვის ჯერ 125 ლარი გახდა, შემდეგ კი 150 ლარამდე გაიზარდა, 2015 წელს 10 ლარით (160 ლარამდე) გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან ასაკობრივი პენსია 180 ლარი გახდა. შემდეგ პენსიის ზრდა არ დაფიქსირებულა. პენსიის ზრდა არც მომავალ წელს არ იგეგმება. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარია. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი