საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა:

„საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70% საერთოდ არ არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ქვეყანაში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე. ასევე, საგრძნობლად გაზრდილია ბავშვებში ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა სქოლიოზი, ჭარბწონიანობა, მხედველობასთან დაკავშირებული დაავადებები და სხვა. საყურადღებოა ასევე თამბაქოს მოხმარების მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, მწეველთა პროცენტული თანაფარდობა მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. თვალსაჩინოდ დაბალია იმ პირთა რიცხვი, რომლებიც მასობრივ სპორტში არიან ჩართულნი. ასეთია დაახლოებით 100 000 ადამიანი“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სპორტში ჩართულობის მონაცემებზე საუბრისას განცხადებაში მიხეილ ყაველაშვილი 2013 წელს საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას

ეყრდნობა. გამოკითხვაში, შემთხვევითი შერჩევის გზით, 1 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოში მოსახლეობის სპორტის მიმართ დამოკიდებულების ანალიზი არ ჩატარებულა, შესაბამისად, განახლებული მაჩვენებლები ხელმისაწვდომი არ არის.

გრაფიკი 1:

სპორტული აქტივობა საქართველოს მოსახლეობაში

image001 წყარო: სოციალური და მარკეტინგული კვლევის ცენტრი

როგორც გრაფიკიდან ჩანს, გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 23.1% მაღალი სპორტული აქტივობით გამოირჩევა. საშუალო და მცირე სპორტული აქტივობა მოქალაქეების, შესაბამისად, 3.3% და 5.1%-ისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო 68.5% სპორტულ აქტივობებში ჩართული არ არის.

სპორტში პროფესიონალური ჩართულობის სტატისტიკას აქვეყნებს

სპორტის სამინისტროც. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 105 ათასი სპორტსმენია, საიდანაც 72 პარასპორტსმენია, ხოლო კაცი სპორტსმენების რაოდენობა ქალებისაზე დაახლოებით 3.5-ჯერ მეტია.

მიხეილ ყაველაშვილი განცხადებაში დაბალ სპორტულ აქტივობას არაგადამდები დაავადებების გავრცელების პირდაპირ მიზეზად განიხილავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015 წელს გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს

მიხედვით, სპორტში ჩართულობის გაზრდა არაგადამდები დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია. გარდა ამ მიდგომისა, ამ ავადმყოფობებით სიკვდილიანობის რიცხვის შესამცირებლად საჭიროა ალკოჰოლისა და სიგარეტის, ასევე მარილის მოხმარების შემცირება, არტერიული წნევის რეგულირება და პერიოდული სამედიცინო დიაგნოსტიკა.

მიხეილ ყაველაშვილმა მოცემულ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ბავშვებში მომატებული ავადმყოფობის რაოდენობაზეც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016

წელს საქართველოში 14 წლამდე ბავშვებში პირველადი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების ჯამური რიცხოვნობა 580 ათასი იყო. ეს რაოდენობა 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 15 ათასით ჩამოუვარდება, თუმცა, 2012 წელთან შედარებით 132 ათასით არის გაზრდილი. ზრდის ტენდენციაა ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობების და ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების მიმართლებით, ხოლო 2014 წლის შემდეგ შემცირების ტენდენციაა თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობებში.

  ცხრილი 1: 0-14

წლის ბავშვებში პირველადი დიაგნოზით რეგისტრირებული ავადმყოფობის სტატისტიკა (ათასი ბავშვი)

2012 2013 2014 2015 2016
პირველადი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების ჯამური რიცხოვნობა 449 473 526 596 581
ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები 5.2 5.5 6.1 7.9 6.8
თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები 11.4 14.1 21.6 16.9 14.2
ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები 2.3 3.3 3.6 4.4 4.4
წყარო: საქსტატი

თამბაქოს მოხმარების ნაწილში მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაჩვენებლებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 28.8% რაიმე სახის თამბაქოს მაინც მოიხმარს. აქედან მწეველი ქალების 5.3%, ხოლო მამაკაცების 55.7%-ია. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად საქართველოს პარლამენტმა გასული წლის გაზაფხულზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი

აამოქმედა. კანონის მიხედვით, გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ოდენობა, რაც მწეველთა რაოდენობის კლებაში უნდა გამოიხატოს. ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და შესაბამის ანალიზს მკითხველს მალე შესთავაზებს.

  დასკვნა

სოციალური და მარკეტინგული კვლევის ცენტრის მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 68.5% სპორტული აქტივობით დაკავებული არ არის. საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში მასობრივ სპორტში ჩართული 105 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

თავის მხრივ, ფიზიკური პასიურობა არაგადამდები დაავადებების გამოწვევის რისკს ზრდის, თუმცა ასპორტულობა არაგადამდები ავადმყოფობების წარმოშობის პირდაპირ წინაპირობად არ შეიძლება განვიხილოთ. ბოლო წლებში 0-14 წლის ბავშვებში პირველადი დიაგნოზით რეგისტირირებულ დაავადებებს ზრდის ტენდენცია აქვს.

რაც შეეხება მწეველთა რაოდენობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობის 28.8% მოიხმარდა რაიმე სახის თამბაქოს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი