პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,

რომ მოგების გადასახადით მიღებული დანაკლისის შესავსებად შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯი და გაიზარდა აქციზის განაკვეთი საწვავზე, თამბაქოსა და სათამაშო ბიზნესზე.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან ე.წ. „ესტონური მოდელი“ ამოქმედდა.

ახალი საგადასახადო სისტემა მეწარმეებს მოგების გადასახადისგან იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ისინი მოგებას ბიზნესში დააბრუნებენ და მას განვითარებისთვის დახარჯავენ. ბიზნესიდან გატანილ მოგებაზე გადასახადი 15%-ს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ინფორმაციით, 2017

წელს მოგების გადასახადით მიღებულმა შემოსავალმა 756 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 300 მლნ ლარით ჩამოუვარდება. შესაბამისად, დანაკლისი, რომელზეც გიორგი კვირიკაშვილი განცხადებაში საუბრობს, 300 მლნ ლარია.

გრაფიკი 1:

მოგების გადასახადის წილი საბიუჯეტო შემოსავლებში 2013-2017 წლებში (მლნ ლარი)

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოგების გადასახადის გაუქმებამ დადებითი გავლენა იქონია ქვეყანაში რეინვესტირების მაჩვენებელზე და იგი ბუნებრივად გაზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017

წლის 3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44% რეინვესტიცია იყო. 2017 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, რეინვესტიციამ 591 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (318 მლნ დოლარი) თითქმის ორჯერ აღემატება.

2017

წელს მოგების დაბეგვრის გაუქმებით მიღებული საბიუჯეტო დანაკლისი ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით არ დაბალანსებულა. სახელმწიფო ადმინისტრაციულ ხარჯს ბიუჯეტში საქონელისა და მომსახურებისა და შრომის ანაზღაურების მუხლების ჯამი ქმნის. 2017 წელს სახელმწიფო ადმინისტრირებისთვის საჭირო საქონელისა და მომსახურების შეძენაზე 1 248 მლნ ლარი დაიხარჯა, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 130.7 მლნ-ით მეტი. შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი კი 1 385 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 2016 წლის მონაცემს 67 მლნ ლარით ჩამოუვარდება. ჯამში, 2017 წელს, სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯი 64 მლნ ლარით გაიზარდა და 2 633 მლნ ლარი გახდა.

გრაფიკი 2:

სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯი 2013-2017 წლებში

image002 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გარდა ადმინისტრაციული ხარჯისა, გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით, 630 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური ოდენობაც და 9.4 მლრდ ლარი შეადგინა. ხარჯთან ერთად 1.2 მლრდ ლარით მოიმატა საბიუჯეტო შემოსავლებმაც, საიდანაც 1 მლრდ ლარი გადასახადებისგან მიღებული თანხით მობილიზდა. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდილ მაჩვენებელზე გავლენა ჰქონდა 2017 წელს საქართველოში არსებულ 7%-იან ინფლაციას, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 3% პუნქტით აღემატებოდა (ფაქტ-მეტრი ამ თემაზე წერდა).

ამდენად, მოგების გადასახადისგან მიღებული შემოსავლის 300 მლნ ლარით კლების მიუხედავად, სხვა გადასახადების აკრეფისგან სახელმწიფომ გასულ წელთან მიმართებით 1.3 მლრდ ლარით მეტი მიიღო. აქედან, 370 მლნ ლარით (გასული წლის მონაცემთან შედარებით 36%-ით მეტი) გაიზარდა აქციზისგან მიღებული შემოსავალი, რაც რაოდენობრივად მოგების გადასახადისგან მიღებულ დანაკლისს აკომპენსირებს.

ცხრილი 1:

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2016-2017 წლებში (მლნ ლარი)

2016 2017
გადასახადები 7987 8991
საშემოსავლო გადასახადი 1978 2526
მოგების გადასახადი 1056 756
დამატებითი ღირებულების გადასახადი 3286 4123
აქციზი 1070 1451
იმპორტის გადასახადი 70 72
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო  

დასკვნა 2016

წელთან შედარებით, 2107 წელს მოგების გადასახადისგან მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი 300 მლნ ლარით მცირე იყო. მოგების გადასახადით მიღებული დანაკლისი (300 მლნ ლარი) სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით არ დაბალანსებულა. შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 67 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯის მოცულობა 64 მლნ ლარით გაიზარდა.

მოგების გადასახადისგან მიღებული შემოსავლის კლების პარალელურად გაიზარდა სხვა გადასახადებისგან მიღებული შემოსავალი. თამბაქოზე, საწვავსა და ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდით ბიუჯეტში 370 მლნ ლარით მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე 2016 წელს. ამდენად, მოგების გადასახადისგან მიღებული დანაკლისი როგორც აქციზის, ასევე სხვა გადასახადებისგან მიღებული შემოსავლების მატებამ აანაზღაურა.

მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების მიზნით საგადასახადო შემოსავლის ნაწილზე უარი თქვა, თუმცა, პარალელურად, ბიუჯეტში თანხების მობილიზება სწორედ ამ გზით, სხვა გადასახადის ზრდის ხარჯზე მოახდინა. ასევე, მთავრობის შენახვის ხარჯები გაზრდილია, ინფლაციის გავლენის გაუთვალისწინებლად, 490 მლნ ლარით არის გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების ჯამური ოდენობაც, რაც ესტონური მოდელის ეფექტს ამცირებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია