საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა სახელმწიფო საწარმოებზე ისაუბრა

და განაცხადა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა ერთი წლის მანძილზე 240 მლნ ლარით იზარალეს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017

წლის 1 დეკემბრამდე არსებული მდგომარეობით, აქტიურ სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 3 576-ია, აქედან ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში 2 895 საწარმო, მუნიციპალიტეტის კი - 681.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, ფისკალური რისკების ანალიზის მიზნებისთვის შერჩეულია 270 სახელმწიფო საწარმო. აღნიშნული საწარმოების ზედამხედველობას სამინისტროები ახორციელებენ, მაგრამ, მათ შორის 20 საწარმოს საპარტნიორო ფონდი მართავს. ჩვენ ფინანსთა სამინისტროდან ყველა სახელმწიფო საწარმოს აგრეგირებული ფინანსური მაჩვენებლები გამოვითხოვეთ, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ამიტომ, განცხადების გადამოწმებისას გამოყენებულია 2017-2021 წლების ფისაკლური რისკების ანალიზის დოკუმენტი

და მასში წარმოდგენილი მონაცემები.

ფინანსთა სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტის მომზადებისთვის გამოყენებულია 84 მსხვილი საწარმოს ფინანსური ანგარიშები, რომელთა წილი მთლიანი სახელმწიფო საწარმოების ფინანსურ მაჩვენებლებში 96%-ია. აღნიშნულ 84 საწარმოს აგრეგირებულმა ზარალმა 2016 წლისთვის 440.4 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2015 წელს 756.6 მლნ ლარი იყო.

 ბიუჯეტის თანდართული დოკუმენტის მიხედვით, ზარალის მეტი წილი მოდის შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის", შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" და შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაზე". ამ კომპანიებიდან მარაბდა-კარწახის შემთხვევაში, ის შემოსავლებს არ იღებს და მხოლოდ ხარჯებს გასწევს, რადგან რკინიგზის მშენებლობის ეტაპი მიმდინარეობს, ხოლო სხვა კომპანიების ზარალის მიზეზად ლარის გაუფასურება და წყლის მიწოდების დაბალი ტარიფია დასახელებული.

შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" ჩათვლით, 84 სახელმწიფო საწარმოს შემოსავლები ზრდით ხასიათდება, თუმცა ამავდროულად იზრდება საწარმოთა ხარჯები. 2013-2016 წელბში სახელმწიფო საწარმოების შემოსავლების საშუალო მედიანურმა ზრდამ 11%, ხოლო ხარჯების საშუალო მედიანურმა ზრდამ კი - 14% შეადგინა. საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოებში არსებული მოგება  არ არის საკმარისი ფინანსური ხარჯების სრულად დასაფარად. საწარმოების ხარჯების უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებლით ზრდა, ერთი მხრივ, დაკავშირებულია რიგ საწარმოებში კაპიტალდაბანდებებთან (მათ შორის, შპს "მარაბდა-კარწახი"), მაგრამ, მეორე მხრივ, არ ვიცით რამდენად მომგებიანი იქნება ეს საწარმოები, რადგან საქართველოში არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო საწარმოები ჯამში არარენტაბელურია.

ცენტრალურ მთავრობასა და სახელმწიფო საწარმოებს შორის ფინანსური ურთიერთობა მთავრობის მიერ გაცემული ტრანსფერებისა და საწარმოებიდან მიღებულ დივიდენდებს მოიცავს. ამ მხრივ, 2016 წელს სახელმწიფო საწარმოებიდან მიღებულმა დივიდენდმა 0.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა, 2015 წელს 0.4 მლნ ლარი იყო. თუმცა, იმ საწარმოებს, რომლებიც საპარტნიორო ფონდის მართვაში არიან, დივიდენდი სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეაქვთ, რადგან ამ სახის შემოსავლებს ფონდი ინვესტიციებისა და სესხის მომსახურებისთვის იყენებს. საპარტნიორო ფონდის

მართვაში შემდეგი საწარმოებია: "საქართველოს რკინიგზა", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" და სხვა კომპანიები. თავის მხრივ, ჩამოთვლილი საწარმოების შემოსავლები მთლიანი სახელმწიფო საწარმოების შემოსავლებში უმეტეს წილს იკავებენ.

  ცხრილი 1:

სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო საწარმოებზე გაცემული ფინანსური დახმარება 2013-2016 წლებში (მლნ ლარი)

2013 2014 2015 2016
სუბსიდია/სესხი 15,4 5,1 1,8 13,9
კაპიტალდაბანდება 158,5 166,1 264,2 209,3
სულ 173,9 171,2 266 223,2

2016

წელს სახელმწიფოს მიერ საწარმოებისთვის პირდაპირმა ფინანსურმა დახმარებამ 223.2 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 209.3 მლნ ლარის მოცულობის კაპიტალდაბანდება (ინვესტიცია) განხორციელდა. ზემოთ აღნიშნული ფინანსების ბენეფიციარები იყვნენ: შპს "საქართველოს მელიორაცია" (53.5 მლნ), შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" (26.9 მლნ), შპს "საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანია" (36.7 მლნ), შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" (20 მლნ), შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" (7 მლნ), შპს "მექანიზატორი" (25.7 მლნ) და სხვა.

  დასკვნა 2016

წელს 84 სახელმწიფო საწარმოს (მთლიანი საწარმოების 96%) აგრეგირებულმა ზარალმა 440.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა, 2015 წელთან შედარებით 312.6 მლნ ლარით ნაკლებია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, ზარალი მოდის ისეთ კომპანიებზე, რომლებიც ჯერ შემოსავალს არ იღებენ, მაგრამ არის ისეთი კომპანიები, რომლებიც შემოსავალს იღებენ და არარენტაბელურები არიან, ან დაბალი მოგების მარჟით ხასიათდებიან.

სავარაუდოდ, ირმა ნადირაშვილს მონაცემები 2017-2021 წელების ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტიდან აქვს აღებული, თუმცა არასრული კონტექსტით. მის მიერ იგნორირებულია ის მიზეზები, რითაც გამოწვეულია რამდენიმე საწარმოს ზარალი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის ზემოაღნიშნული კომპანიების ზარალის ზუსტი მიზეზები, ირმა ნადირაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი