პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავტომობილების ბაზარზე აქციზის გაზრდით მიღებულ შედეგებზე ისაუბრა: „რაც შეეხება ავტომანქანებს, იმის გამო, რომ ჩვენ აქციზის სტრუქტურა შევცვალეთ, პრაქტიკულად, აღვიდგინეთ აზერბაიჯანის ბაზარი, ვინაიდან ჩვენმა ტრეიდერებმა ახალი ავტომობილების შემოყვანა დაიწყეს - თუ 2016 წლის მე-6 - მე-11 თვეებში განხორციელებული იყო 75 მილიონის რეექსპორტი, 2017 წელს ეს თანხა 106 მილიონამდე ავიდა“, -

განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ხდება ავტოპარკის განახლება ქვეყნის შიგნითაც, კერძოდ, თუ 2016 წლის მე-6 - მე-11 თვეებში 0-დან 9 წლამდე ავტომობილები იყო შემოსული, მანქანების საერთო რიცხვია მხოლოდ 30%, 2017 წლის იგივე პერიოდში, როცა ცვლილებები ძალაში შევიდა, ამ ასაკის ავტომობილებმა მთლიანად შემოსული ავტოპარკის 77% შეადგინა. ასეთივე პოზიტიური სურათია ქვეყანაში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილების სტატისტიკაშიც - თუ 2016 წლის მე-6 - მე-11 თვეებში მათი წილი მთლიანი ავტოპარკის 7% იყო, 2017 წელს ეს რიცხვი 35%-მდე გაიზარდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

გასული წლის იანვარში, მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები

 განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებების მიზანს ქვეყანაში ახალი ავტომობილების იმპორტის ზრდა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემცირება წარმოადგენდა.

მსუბუქ ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის გადასახადი დამოკიდებულია ავტომობილის ძრავის მოცულობასა და გამოშვების წელზე. რაც უფრო მაღალი ასაკისაა ავტომობილი მით უფრო მეტად იზრდება იმპორტის გადასახადი. შესაბამისად, მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე დაწესებული გადასახადის განსაზღვრის მეთოდოლოგია ჯერ კიდევ ცვლილებებამდე ითვალისწინებდა ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებას.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები 2017 წლის იანვარს ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილებებით შეიცვალა აქციზის გადასახადის განაკვეთი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე. უნდა აღინიშნოს, რომ აქციზის განაკვეთი ძირითადად 6 წლისა და უფრო მეტი ხნის ავტომობილებზე გაიზარდა, ხოლო ახალ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი შემცირდა კიდეც. ასევე, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების იმპორტის წახალისების მიზნით აღნიშნული ტიპის ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იმავე ასაკის ბენზინის ან დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილის აქციზის განაკვეთთან შედარებით 60%-ით შემცირდა. ცხადია, აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ მძლავრ სტიმულს ქმნის ახალ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წელს 62 164 მსუბუქი მანქანა დარეგისტრირდა, საიდანაც 35% ახალი (0-9 წლამდე) ავტომობილები შეადგენდა, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების წილი ახლადრეგისტრირებულ მანქანებში 6.1%-დან 26.7%-მდე გაიზარდა.

ჰიბრიდული და ახალი ავტომობილების წილის ზრდაზე ცხადია საკანონმდებლო ცვლილებებმაც იქონია გავლენა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას ნაწილობრივ ხელი საწვავის ფასების ზრდამაც შეუწყო.

გრაფიკი 1: 2015-2017

წლებში ახალდარეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილები

image001 წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

რაც შეეხება კონკრეტულად ივნისი-ნოემბრის პერიოდს, რომელზეც მინისტრი საუბრობდა, აღნიშნულ პერიოდში 2016 წელს 43 778 მანქანა იქნა შემოყვანილი, ხოლო 2017 წელს ახალრეგისტრირებული მანქანების რაოდენობა თითქმის განახევრდა. გაზრდილია 0-9 წლამდე ავტომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების წილი, ახალი ავტომობილების წილი 18.8%-დან 57.7%-მდე, ხოლო ჰიბრიდულის 7%-დან 37%-მდე.

უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ჰიბრიდული და ახალი ავტომობილების იმპორტი აბსოლუტურ მაჩვენებლებში გაიზარდა, თუმცა, მთლიანობაში, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს  ახალრეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 43%-ით შემცირდა, შესაბამისად, ჰიბრიდებისა და ახალი ავტომობილების პროცენტული წილის ზრდა ნაწილობრივ ბაზრის შემცირებითაც არის გამოწვეული.

რაც შეეხება მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ აქციზის განაკვეთების ზრდამ ხელი შეუწყო აზერბაიჯანის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტს, აღნიშნული განცხადება გადაჭარბებულია.

  გრაფიკი 2:

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში, 2012-2017 წლები

image002 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტმა შემცირება 2014 წლიდან დაიწყო, აღნიშნული აზერბაიჯანის მიერ ავტომობილებზე ახალი სტანდარტების

შემოღებით იყო გამოწვეული. ეკოლოგიური სტანდარტი „ევრო 4“-ის შემოღების მიზანი გარემოს მავნე გამონაბოლქვით დაბინძურების შემცირებაა, აღნიშნული სტანდარტის თანახმად აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალა.

რამდენიმე წლიანი კლების შემდეგ, 2017 წელს აზერბაიჯანის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წლის ივნისი-ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 2.4-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის ღირებულების ზრდამ 40% შეადგინა.

ცხრილი 1:

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში

წელი ათასი აშშ დოლარი ცალი
2016 (ივნისი-ოქტომბერი) 28,350.0 755
2017 (ივნისი-ოქტომბერი) 39,645.2 1,816

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლიანი კლების შემდეგ 2017 წელს აზერბაიჯანის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა, აზერბაიჯანში ექსპორტის ზრდის ცალსახად აქციზის განაკვეთის მატებასთან დაკავშირება არალოგიკურია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი და რეექსპორტი დაბეგვრას არ ექვემდებარება. მსუბუქი ავტომობილის შემოყვანის შემთხვევაში, ავტომობილის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა უნდა განხორციელდეს ავტომობილის შემოყვანიდან 60 დღის ვადაში (რომელიც შეიძლება 90 დღემდე გაგრძელდეს). თუ აღნიშნულ ვადაში ავტომობილის ექსპორტზე ან რეექსპორტზე გაყვანა მოხდება, ავტომობილის განბაჟების ვალდებულება არ წარმოიქმნება. შესაბამისად, ექპორტსა და რეექსპორტზე ორიენტირებული მომწოდებლების გადაწყვეტილებებზე ადგილობრივი გადასახადის განაკვეთების ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.

  დასკვნა

მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2017 წელს ახლადრეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ახალი და ჰიბრიდული ავტომობილების წილი ახლადშემოყვანილ ავტომობილებში გაიზარდა. 2017 წლის ივნისი-ნოემბრის განმავლობაში ახალი (0-9 წლამდე) ავტომობილების წილი ახლადრეგისტრირებულ მსუბუქი ავტომობილების 57.7% შეადგინა (და არა 77%), ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების წილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-დან 37%-მდე გაიზარდა.

2017

წელს აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი არ იბეგრება, ნაკლებ სავარაუდოა აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტის ზრდაზე აქციზის განაკვეთების ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონოდა.

ასევე, გადაჭარბებულია საუბარი აზერბაიჯანის ბაზრის აღდგენაზე. 2013 წელს აზერბაიჯანში 402 მლნ დოლარის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 63 მლნ დოლარის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი