მიმდინარე წლის 5 თებერვალს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ბლუმბერგთან“ საუბრისას განაცხადა: „თუ შეხედავთ ჩვენი რეგიონის[1]

ვალუტის კურსებს, დაინახვთ, რომ ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა რეგიონში“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

2014 წლის შემოდგომამდე ლარი დოლართან მიმართებით მცირედი რყევებით გამორჩეული, თუმცა სტაბილური ვალუტა იყო, დოლარის მიმართ კურსი 1.7-თან ახლოს ნარჩუნდებოდა. 2014 წლის ნოემბრიდან ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო. 2014 წლის ბოლოს 1 დოლარის ღირებულებამ 1.95 ლარს მიაღწია, რაც გასული 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენდა. 2016

წლის დეკემბერში დოლართან მიმართებით ლარის კურსის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და 2.78-იან ოფიციალურ ნიშნულს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის იანვრის ბოლოს დოლართან მიმართებით ლარის კურსი 2.49, ხოლო საშუალოთვიური გაცვლითი კურსი 2.54 იყო. ბოლო პერიოდში ლარის კურსს დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენცია აქვს.

დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურებას განსხვავებულ პერიოდში  სხვადასხვა მიზეზები განაპირობებდა. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე შესაბამის პერიოდებში წერდა (იხ. ბმული 1; ბმული 2).

ამ მიზეზებს შორის მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან და მოსახლეობის მოლოდინებთან ერთად საგარეო ფაქტორები და საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობაც მოიაზრებოდა.

მამუკა ბახტაძის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა დოლართან მიმართებით საქართველოს მეზობლების ეროვნული ვალუტების (სომხური დრამი, რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი და თურქული ლირა) კურსის ნიშნულები და გაუფასურება-გამყარების ტენდენციები გააანალიზა. სტატიაში საანგარიშო პერიოდად აღებულია უკანასკნელი 5 წელი, რადგან არსებითი რყევები ქართულმა ლარმა სწორედ ამ დროში განიცადა.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგის“ სისტემიდან

ჩანს, გასული 5 წლის განმავლობაში, დოლართან მიმართებით (5 წლის წინანდელ ნიშნულთან შედარებით) საქართველოს რეგიონში (სამეზობლოს 5 ქვეყანა) ყველაზე მეტად აზერბაიჯანული მანათი 116%-ით გაუფასურდა. ამჟამად 1 დოლარის ფასი 1.69 მანათია. დოლართან მიმართებით 109%-ით გაუფასურდა თურქული ლირა, 1 დოლარის შესაძენად დღეს 3.78 ლირაა საჭირო. 85%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, 1 დოლარი 56.5 რუბლი ღირს. ამ თანრიგში მეოთხე ადგილს იკავებს ქართული ლარი, რომელიც 49%-ით არის გაუფასურებული. ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.46-ია. ბოლო 5 წელში ყველაზე ნაკლებად (17%-ით) გაუფასურდა სომხური დრამი. სომხური დრამისა და ამერიკული დოლარის გაცვლითი ნიშნული 480-ს უტოლდება.

  გრაფიკი 1:

საქართველოს რეგიონის ვალუტების გაუფასურების დინამიკა დოლართან მიმართებით ბოლო 5 წლის განმავლობაში, (%)

image001 წყარო: ბლუმბერგი *

ლარის დოლარის მიმართ მერყეობას ნარინჯისფერი ხაზი გამოსახავს

ლარის სტაბილურობის დასადგენად ბოლო 5 წელში მისი მერყეობის შეფასება დაგვეხმარება. მერყეობა 5 წლის განმავლობაში ლარის დოლართან მიმართებით საშუალო ნიშნულიდან გადახრის ინტენსივობით შეიძლება შეფასდეს. უკანასკნელ 5 წელში ლარის კურსის მინიმალური ნიშნული დოლართან მიმართებით  1.63, მაქსიმალური - 2.78, ხოლო საშუალო გაცვლითი კურსი 2.2 იყო. შესაბამისად, მაქსიმალური და მინიმალური მონაცემების საშუალო ნიშნულიდან გადახრის მაჩვენებელი 0.57-ის ტოლია, რაც 5 წელში ლარის კურსის საშუალო ნიშნულის 26.1%-ს შეადგენს. ანალოგიური მონაცემი რუბლისა და მანათის შემთხვევაში 42.65%, ლირის შემთხვევაში 37.7%, ხოლო დრამის შემთხვევაში 10.2%-ია.

განსხვავებული ტენდენცია გამოიკვეთება, თუკი საშუალო მერყეობის ინტენსივობას უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში გავზომავთ. ამ შემთხვევაშიც ყველაზე ნაკლებად მერყევი ვალუტა იქნება სომხური დრამი (1.1%). ყველაზე მერყევი ვალუტა კი აღმოჩნდება თურქული ლირა (7.6%), რომელსაც ქართული ლარი (6.7%) მოსდევს. ლარის კურსის მერყეობას ბოლო წლებში აშკარა სეზონური ხასიათი აქვს, შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი ერთი ნიშნულის მიდამოში დასტაბილურება. სეზონურმა ფაქტორმა მოსახლეობაში შესაბამისი მოლოდინები წარმოშვა, რასაც დამატებითი გავლენა აქვს ლარის კურსის მერყეობაზე.   ცხრილი 1:

საქართველოს რეგიონის ვალუტების დოლართან მიმართებით საშუალო მერყეობა უკანასკნელი 5 და 1 წლის განმავლობაში

ვალუტის კურსი საანგარიშო პერიოდი მინიმალური ნიშნული მაქსიმალური ნიშნული რყევის საშუალო ინტენსივობა
ლარი 5 წ. 1.63 2.78 26.1%
1 წ. 2.38 2.73 6.7%
დრამი 5 წ. 403 495 10.2%
1 წ. 477 488 1.1%
რუბლი 5 წ. 31.6 78.6 42.65%
1 წ. 55.80 60.80 4.3%
აზერბაიჯანი 5 წ. 0.78 1.94 42.65%
1 წ. 1.66 1.79 3.8%
ლირა 5 წ. 1.79 3.96 37.7%
1 წ. 3.40 3.96 7.6%
წყარო: ბლუმბერგი   დასკვნა

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად აზერბაიჯანული მანათი (116%-ით) გაუფასურდა. შემდეგ მოდის თურქული ლირა 109%-ით, რუსული რუბლი 85%-ით, ქართული ლარი 49%-ით და სომხური დრამი 17%-ით.

რაც შეეხება მერყეობას, ბოლო 5 წელში რეგიონში დოლართან მიმართებით ლარი მეოთხე ყველაზე მერყევი (26%) ვალუტაა მანათის, რუბლის და ლირას შემდეგ. ყველაზე მყარი კი სომხური დრამია, მისი საშუალო მერყეობის მაჩვენებელი 17%-ს უტოლდება. თუმცა, სურათი შეიცვლება თუ საშუალო მერყეობის საზომ საანგარიშო პერიოდს ბოლო 1 წლამდე შევამცირებთ, რაც უფრო მეტად გამოხატავს დღევანდელ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში ლარი თურქული ლირის შემდეგ ყველაზე არასტაბილური ვალუტაა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ექსპორტი, ტურიზმი და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად იზრდება (რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს), კურსის სეზონურად მაღალი მერყეობა კვლავ პრობლემად რჩება, როცა რუბლს, მანათს და დრამს მაღალი მერყეობა აღარ ახასიათებთ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

[1] მოცემულ სტატიაში რეგიონში საქართველოს მეზობელი 4 ქვეყანა უნდა მოვიაზროთ: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი. ღრმა სავაჭრო ურთიერთობებისა და ხშირ შემთხვევაში ეკონომიკაზე მოქმედი საერთო ფაქტორების ფონზე, საქართველოსთან მიმართებით, პირველ რიგში, სწორედ მათი სავალუტო სტაბილურობის შეფასებაა მნიშვნელოვანი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი