ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

„შესყიდვების შესახებ ევროკავშირის დირექტივის“ (2014/24/EU) თანახმად, მაუწყებლის მიერ განხორციელებული საჯარო შესყიდვები შესაძლოა შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოქმედებიდან გავიდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს აღნიშნული პროცედურის იმ ძირითადი პრინციპებიდან გასვლას, როგორიცაა თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პროპორციულობა, გამჭვირვალობა.

ევროკავშირის სამართლის თანახმად, საჯარო შესყიდვები უპირველესად სწორედ „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმებასა (TFEU)“ და მისგან მომდინარე ძირითად პრინციპებთან უნდა მოდიოდეს თანხვედრაში. ევროკავშირის დირექტივაც  სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, დირექტივის მოქმედების გამორიცხვის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია მათი უგულვებელყოფა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების კანონმდებლობიდან გასვლის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვის გარანტიისათვის  აუცილებელია ამ სახის შესყიდვების რეგულირების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა მაინც, რასაც მოცემული ცვლილებები არ ითვალისწინებს.

  ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების პროცედურებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა განაცხადა: „შესყიდვების ნაწილში, გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ ეს ცვლილებები ემსახურება საქართველოს კანონმდებლობის მოყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ დირექტივასთან. პირიქით, ევროკავშირის სამართალი გვეუბნება, რომ შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება შესყიდვების შესახებ კანონიდან, მაგრამ შესყიდვები არ უნდა გავიდეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების რეგულირების სფეროდან: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, პროპორციულობა, თანასწორობა და ა.შ. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყვანა შესყიდვების კანონმდებლობიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ გვეუბნება ევროკავშირის სამართალი“.

მიმდინარე წლის 15 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონსა და „შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს  ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. როგორც მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ვეტო 21 თებერვალს პარლამენტის 75 დეპუტატის მიერ კვლავ წარმატებით იქნა დაძლეული.

საბოლოოდ, 83 დეპუტატის მხარდაჭერით პარლამენტმა  სამი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები  დაამტკიცა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს ეხებოდა: საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამების უფლების მინიჭებასა და შესყიდვების შესახებ კანონის გვერდის ავლით შესყიდვების გაუმჭვირვალედ განხორციელებას (აღნიშნულზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა).

პრეზიდენტის მოსაზრებით, წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციის რისკებს  და ამასთან ზიანის მომტანია როგორც თავად მაუწყებლისთვის, ასევე ზოგადად მედიაპლურალიზმისთვის.

ცვლილებების თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის რეგულირების სფეროდან გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ  მაუწყებლის ეთერით გადასაცემი, სერიალების, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმების დამზადების მომსახურების შესყიდვის საკითხი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის

თანახმად, აღნიშნული ცვლილებები მაუწყებლის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. „უმრავლეს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო, წინასწარ ვერ ხერხდება სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვა, ხოლო უმოკლეს ვადებში კი ვერ ხორიციელდება კანონით გათვალისწიებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

აღნიშნულ ინიციატივაზე უარყოფითი შეფასება არა მხოლოდ პრეზიდენტმა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმაც დააფიქსირა. მათი მოსაზრებით, ცვლილებები დაბლა წევს მაუწყებლის გამჭვირვალობის სტანდარტს, აჩენს მაუწყებლის შესყიდვებში კორუფციულ რისკებს და მის მიერ საჯარო ფინანსების გაუმჭვირვალედ ხარჯვის შესაძლევლობას იძლევა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროდუქციის შესყიდვის გატანა შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სფეროდან, სამართლებრივი რეგულირების მიღმა, მხოლოდ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულს ხდის ამგვარ შესყიდვებს, რაც დაასუსტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულების სტანდარტს და შექმნის შესყიდვის პროცედურის არასაჯაროდ წარმართვის საფრთხეებს“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაში. ზოგადად, საჯარო უწყებების თითოეული ქმედება და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს

საჯარო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის და ამ პროცესის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამ მხრივ არც საჯარო შესყიდვების სფერო წარმოადგენს გამონაკლისს, რამდენადაც გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საჯარო შესყიდვებზე იხარჯება.

ევროპული სამართლის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვები რეგულირდება როგორც „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმების (TFEU)“ ძირითადი პრინციპებით, როგორიცაა მაგალითად თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, პროპორციულობა და გამჭვირვალობა, ასევე, საჯარო შესყიდვების რეგულირების მიზნით მიღებული სპეციალური დირექტივებით. მათ შორისაა „ევროპარლამენტის დირექტივა საჯარო შესყიდვების შესახებ“ #2014/24/EU. აღსანიშნავია, რომ დირექტივაც

სწორედ საჯარო ხელშეკრულებების დადებისას აღნიშნული პრინციპების  მნიშვნელობაზე ხაზგასმით იწყება (პრეამბულა (1)) და მთლიანი დოკუმენტი  ამ პრინციპებზეა დამყარებული.

ევროპაში მიღებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, მეტი მოქნილობის, ასევე კულტურული ასპექტების გათვალისწინებით, მაუწყებლობის პროგრამების (რადიო და ტელევიზია) შეძენისა და შესაბამისი აუდიოვიზუალური მომსახურების გავრცელების და მიღების შესახებ საჯარო კონტრაქტებზე, საჯარო შესყიდვების ზოგადი წესებიდან გარკვეული გამონაკლისებია დაწესებული.

ეს გამონაკლისები ასევე ასახულია ევროკავშირის 2014 წლის „საჯარო შესყიდვების დირექტივაშიც“. მაუწყებელთან დაკავშირებით აღნიშნულ გამონაკლისებს 2014/24/EU დირექტივის პრეამბულის 23-ე  და ძირითადი ნაწილის მე-10 მუხლის (b) ქვეპუნქტი ითვალისწინებს.

როგორც აღვნიშნეთ, მართალია ევროკავშირის დირექტივის თანახმად შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიო პროდუქციის შესყიდვათა განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობიდან გამონაკლისის დაშვების გზით მოხდეს, თუმცა დაუშვებელია ამ პროცესში საჯარო  შესყიდვების ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფა, რადგან ეს ევროკავშირის სამართალთან მოდის წინააღმდეგობაში. „2014 წლის დირექტივის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობიდან გასულ ურთიერთობებს „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება (TFEU) არეგულირებს, რომელიც მხოლოდ ამ პრინციპების მყარი გარანტირების საშულაებით უშვებს საგამონაკლისო შესყიდვების განხორციელებას“, - ნათქვამია კანონპროექტის შესახებ არასამთავრობოთა მიერ მომზადებულ სამართლებრივ შეფასებაში. შესყიდვების პროცესში თანასწორობას, დისკრიმინაციას, ინტერესთა კონფლიქტის არსებობასა და  საჯაროობას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს. შესაბამისად, აღნიშნული კანონის მოქმედების გამორიცხვის შემთხვევაში როგორც მინიმუმ უნდა არსებობდეს  შესყიდვების რეგულირების ალტერნატიული მექანიზმები, რომლებიც   აღნიშნული პრინციპების დაცულობას უზრუნველყოფდა და დაუსაბუთებელი, გაუმჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების რისკებს შეამცირებდა. სწორედ აღნიშნული მექანიზმების არ არსებობამ გამოიწვია პრეზიდენტის კრიტიკა. „შემოთავაზებულ კანონპროექტში არანაირი, მინიმალური გარანტიაც კი, რომ შესყიდვების პროცესში ეს პრინციპები დაცული იქნება, მოცემული არ არის“, - აღნიშნულია მოტივირებულ შენიშვნებში. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მოქმედების სფეროდან გამონაკლისების გაზრდა ეწინააღმდეგება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-CAN) მიერ საქართველოს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიშის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, გამონაკლისების რაოდენობა პირიქით უნდა შემცირდეს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში“ (არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით).

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი