ვერდიქტი: „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.

რეზიუმე: ინტერნეტგამოცემა „ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი - „ახალი კვლევის მიხედვით, ორსულობის დროს ვეგეტარიანული კვების მქონე ქალების შვილებს სამჯერ უფრო ხშირად აქვთ ალკოჰოლიზმის და ნარკოტიკების პრობლემები“, - არაზუსტ ცნობებს ავრცელებს. აღნიშნული კვლევა ჩატარდა რიგი მკვლევრების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ ბრისტოლის უნივერსიტეტს, აშშ-ის ალკოჰოლიზმის ეროვნულ ინსტიტუტს (The National Institute of Alcohol Abuse and Alcoholism) როკვილში, ილინოისის, სან დიეგოს და კალიფორნიის უნივერსიტეტებს. თუმცა, ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი (NHS) მას არასანდოდ აცხადებს. მკვლევრები სპეკულირებენ, რომ იმ ქალებს, ვინც ხორცს არ ჭამს, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა აქვთ, რასაც ეფექტი აქვს ნაყოფის ტვინის განვითარებაზე. თუმცა, B12 ვიტამინის მიღება ხორცის ჭამის გარდა ალტერნატიული გზებითაც შეიძლება. გამოკითხული თინეიჯერების დედების მიერ ორსულობის დროს შევსებული კითხვარებიდან კი ვერ დგინდება იყო თუ არა მათ ორგანიზმში B12 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა (მიუხედავად იმისა, ჭამდნენ თუ არა ისინი ხორცს). გარდა ამისა, ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი (NHS) ხაზს უსვამს, რომ მსგავსი კოჰორტის კვლევებს არ შეუძლიათ დაამტკიცონ, ერთი კონკრეტული ფაქტორი (ამ შემთხვევაში ორსული დედის დიეტა) არის თუ არა რაიმეს (ამ შემთხვევაში სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარების) გამომწვევი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ „ალტ-ინფოს“ წყაროდ მოჰყავს Daily Mail, რომელსაც ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი (NHS) საკითხის არასწორ ინტერპრეტირებაში ამხელს.

ანალიზი ინტერნეტგამოცემა „ალტ-ინფომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ახალი კვლევის მიხედვით, ორსულობის დროს ვეგეტარიანული კვების მქონე ქალების შვილებს სამჯერ უფრო ხშირად აქვთ ალკოჰოლიზმის და ნარკოტიკების პრობლემები“. სტატიაში მოყვანილია ბრისტოლის უნივერსიტეტის, აშშ-ის ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის (The National Institute on Alcohol Abuse and Alcoholism), ილინოისის, სან დიეგოსა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევა და ირწმუნება, რომ „ორსულობის დროს ვეგეტარიანული კვების მქონე ქალების შვილებს თითქმის ორჯერ უფრო ხშირად აქვთ ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკების პრობლემები და თითქმის სამჯერ უფრო ხშირად კანაბისის გამოყენების პრობლემები, ვიდრე იმ ქალების შვილებს, ვინც ორსულობის დროს ხორცს ჭამდნენ“. აღნიშნული კვლევისა და მისი მეთოდოლოგიის არასრულყოფილებაზე, შესაბამისად არასანდოობაზე, ინფორმაცია გაავრცელა ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისმა (NHS). ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის (NHS) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ შეუძლებელია რაიმე პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ორსულობის დროს დედის რაციონსა და მისი შვილის მიერ თინეიჯერობის ასაკში მოხმარებულ ნივთიერებებს (თამბაქო, ალკოჰოლი და მარიხუანა) შორის. კვლევის ფარგლებში, ალკოჰოლის, თამბაქოსა და მარიხუანას მოხმარების შესახებ მკვლევრებმა კითხვა დაუსვეს 10 ათას თინეიჯერს, რომელთაგან მხოლოდ ნახევარმა გასცა პასუხი. ამის შემდეგ, შესწავლილ იქნა მოზარდების დედების მიერ ორსულობის დროს (1991-92 წლებში) შევსებული დიეტის ჩანაწერები. კვლევამ აჩვენა, რომ ერთი შეხედვით, იმ ქალების შვილები, რომლებიც ორსულობის დროს მეტ ხორცს ჭამდნენ, ნაკლებად მოიხმარდნენ ალკოჰოლს, მარიხუანას ან თამბაქოს 15 წლის ასაკში, ვიდრე იმათი, ვინც ხორცს ცოტა რაოდენობით ან საერთოდ არ ჭამდა. მკვლევრები ასკვნიან, რომ იმ ქალებს, ვინც ხორცს არ ჭამს, ვიტამინ B12-ის ნაკლებობა აქვთ, რასაც ეფექტი აქვს ტვინის განვითარებაზე. თუმცა, როგორც ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისი მიუთითებს, დარწმუნებით იმის განცხადება, რომ მოზარდის მიერ სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარების გამომწვევ მიზეზად ორსულობის დროს დედის კვების რაციონი დასახელდეს, შეუძლებელია. თინეიჯერების მიერ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კომპლექსური საკითხია და ბევრ ფაქტორს მოიცავს. ასევე, B12 ვიტამინის მიღება ხორცის ჭამის გარდა ალტერნატიული გზებითაც შეიძლება. გამოკითხული თინეიჯერების დედების მიერ 1991-92 წლებში შევსებული კითხვარებიდან კი ვერ დგინდება იყო თუ არა მათ ორგანიზმში B12 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა (მიუხედავად იმისა, ჭამდნენ თუ არა ისინი ხორცს). უცნობია ისიც, შეიცვალა თუ არა მათი კვების რაციონი ორსულობის პერიოდში. გარდა ამისა, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი კოჰორტის კვლევებს არ შეუძლიათ დაამტკიცონ, ერთი კონკრეტული ფაქტორი (ამ შემთხვევაში ორსული დედის დიეტა) არის თუ არა რაიმეს (ამ შემთხვევაში მოზარდების მიერ სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარების) გამომწვევი მიზეზი. ალტ-ინფო“ წყაროდ Daily Mail-ის სტატიას ასახელებს. განცხადებაში ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისი, თავის მხრივ Daily Mail-ის სტატიასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მედიაორგანიზაციის მიერ შექმნილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. ბრიტანული ტაბლოიდის სტატიაში ნათქვამია, რომ ვეგეტარიანელების უმრავლესობა ორსულობისას B12 ვიტამინის ნაკლებობას განიცდის და მიუთითებს მასთან დაკავშირებულ რისკებზე. სინამდვილეში, კვლევა არ/ვერ აფასებს გამოკითხულ მოზარდთა დედების ორგანიზმში B12 ვიტამინის შემცველობას ორსულობის დროს, რადგან 1991-92 წლების ჩანაწერების საფუძველზე მსგავსი ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. ამრიგად, ალკოჰოლიზმის ეროვნული ინსტიტუტის (The National Institute of Alcohol Abuse and Alcoholism) კვლევა ვერ ადგენს პირდაპირ კავშირს ორსულობის დროს დედის კვების რაციონსა და მომავალში მისი შვილის მიერ სხვადასხვა ნივთიერებების (თამბაქო, ალკოჰოლი და მარიხუანა) მოხმარების ალბათობას შორის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი