ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ფოტოკოლაჟი წარწერით: „ქალების მიერ აშენებული ხიდი 2018“ და მასზე დატანილი სურათები ერთმანეთთან შეუსაბამობაშია და არის ყალბი ამბავი.   რეზიუმე:

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟი წარწერით: „ქალების მიერ აშენებული ხიდი 2018“ არის ყალბი. ფოტოზე გამოსახულ ქალებსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხმავლო ჩანგრეულ ხიდს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ხიდი აშენებულ იქნა 5 ძმის კუთვნილი, კუბურ-ამერიკული ოჯახის კომპანიის, “Munilla Construction Management“ (MCM), მიერ. აღნიშნული ფოტოკოლაჟი თავდაპირველად ფორუმ reddit.com-ზე გავრცელდა, რასაც მოჰყვა რიგი სპეკულაციები. თუმცა, არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ხიდი ფოტოკოლაჟზე აღბეჭდილი ქალების მიერ იყო აშენებული. მათი სურათები MCM-ის სოციალური მედიის, „ტვიტერის“, პოსტებიდან არის აღებული, რომელიც კომპანიაში დასაქმებულთა მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს და არანაირი კავშირი არ აქვს ფლორიდის ხიდის პროექტთან. სიმართლეს არ შეესაბამება პროექტის მენეჯერ, ქალ ინჟინერ, ლეონორ ფლორესის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც. კალიფორნიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ხიდის მშენებლობაში ის არც ერთ დონეზე არ ყოფილა ჩართული.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟი და მისი შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს, არის სექსისტური და ქალების დისკრიმინაციას ისახავს მიზნად.

  ანალიზი 21 მარტს სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა მაიამიში, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევის თემასთან დაკავშირებული ფოტოკოლაჟი,

წარწერით: „ქალების მიერ აშენებული ხიდი 2018“. აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია სამშენებლო კომპანია “Munilla Construction Management”-ში დასაქმებული ქალებისა და თავად ჩანგრეული ხიდის სურათები.

15 მარტს მაიამიში ჩაინგრა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხითმოსიარულეთა ხიდი,

რომელიც კუბურ-ამერიკული ოჯახის კომპანიის, “Munilla Construction Management (MCM)“-ის მიერ იყო აშენებული. შემთხვევას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. MCM წარმოადგენს 5 ძმის კუთვნილ სამშენებლო კომპანიას, სადაც 1 200 ადამიანია დასაქმებული. მას მილიონობით დოლარის ბიუჯეტის სამშენებლო სამუშაოები აქვს ჩატარებული სამხრეთ ფლორიდაში, ტექსასსა და პანამაში. გარდა ამისა, თანამშრობლობს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერ პოლ მენეფორტთან, რომლის შუამავლობითაც პენტაგონთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. თუმცა, კომპანია არაერთხელ ყოფილა მხილებული უსაფრთხოების სტანდარტების სერიოზულ დარღვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო შედეგები საზოგადოებისათვის უცნობია, ინტერნეტმომხმარებლებმა აღნიშნულში ქალები დაადანაშაულეს.

ზემოთ მოყვანილი ფოტოკოლაჟი, რომელიც „ფეისბუკის“ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გააზიარა, თავდაპირველად ფორუმ “reddit.com”-ზე გამოჩნდა. ამას მოჰყვა რიგი სტატიები ამერიკულ ინტერნეტგამოცემებში, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ფლორიდის ხიდი ქალი ინჟინრების მიერ იყო აშენებული, რასაც ქალების დისკრედიტაცია მოჰყვა. არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ხიდი ფოტოკოლაჟზე აღბეჭდილი ქალების მიერ იყო აშენებული. მათი სურათები MCM-ის სოციალური მედიის, „ტვიტერის“, პოსტებიდან არის აღებული, რომელიც კომპანიაში დასაქმებულთა მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს და არანაირი კავშირი არ აქვს ფლორიდის ხიდის პროექტთან. გარდა ამისა, ხიდის გახსნის დღეს მაიამი-დეიდის კომისარმა, ხოსე პეპე დიასმა, თავის „ტვიტერის“ ანგარიშზე გამოაქვეყნა პროექტის ინჟინრებთან ერთად გადაღებული ფოტოები,

რომლებშიც არც ერთი ქალი არ ფიგურირებს.

ასევე, ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ფლორიდის ხიდის პროექტის მენეჯერი იყო ქალი ინჟინერი, ლეონორ ფლორესი. ის ხიდის გახსნას ოჯახთან ერთად დაესწრო და განაცხადა:

“ჩემთვის, როგორც ქალისა და ინჟინრისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ ჩემი ქალიშვილის წახალისება. ვფიქრობ, რომ ქალებს განსხვავებული პერსპექტივა აქვთ და შენებაც შეუძლიათ“. სწორედ აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია გახდა ზემოთ მოყვანილი სპეკულირების საფუძველი. განცხადება ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებგვერდზე 14 მარტს გამოქვეყნდა, რადგან ლეონორ ფლორესი სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სამშენებლო კომპანია MCM-ის თანამშრომელია. თუმცა, სტატიაში არაფერია ნახსენები ხიდის მშენებლობის პროექტში მის ჩართულობასთან დაკავშირებით. 16 მარტს ფლორიდის უნივერსიტეტმა სტატიაში განახლება შეიტანა და მიუთითა, რომ ლეონორ ფლორესი ხიდის მშენებლობაში არც ერთ დონეზე არ ყოფილა ჩართული.

აღნიშნული ამბავი გადაამოწმა ამერიკულმა სააგენტო snopes.com-მაც და ზემოთ მოყვანილი ცნობები სიყალბეში ამხილა (snopes-ის სტატია იხილეთ ბმულზე). ამრიგად, “Munilla Construction Management” არ არის არც ქალების მიერ მართული კომპანია და არც მასში დასაქმებული ინჟინრების უმრავლესობას წარმოადგენენ ქალები. არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი ქალი ინჟინერი იყო ჩართული ფლორიდის უნივერსიტეტის საფეხმავლო ხიდის მშენებლობაში, ხოლო ლეონორ ფლორესი აღნიშნულ პროექტში არც ერთ დონეზე არ ფიგურირებდა. სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟი და მისი შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს, არის სექსისტური და ქალების დისკრიმინაციას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი