ვერდიქტი: ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2012

წლის ნოემბერში, პარლამენტში, ადამიანის უფლებების კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც გარკვეული პირების მიმართ „პოლიტიკური პატიმრობა“ უნდა დაედგინა. დაახლოებით ერთი თვის ვადაში, ჯგუფმა 215 პირიდან 190 პოლიტიკურ პატიმრად, ხოლო 25 - პოლიტიკურ დევნილად სცნო. აღნიშნულიდან მალევე, პარლამენტმა მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონი, რომლის საფუძველზეც ეს პირები ამნისტირებულად გამოცხადდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე პროცესი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, მალევე, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. სამუშაო ჯგუფი დატოვეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, იმ მოტივით, რომ მცირე დროში შეუძლებელი იყო საქმეების ინდივიდუალურად და სრულყოფილად შესწავლა. გაუგებრობები გამოიწვია, აგრეთვე, სამუშაო ფორმატმა და სიის ცვლილებებმა. პროცესს კანონთან შეუსაბამო უწოდა „ვენეციის კომისიამ“, რომელმაც დაასკვნა, რომ იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა სამართლიანობის და კანონის უზენაესობის პრინციპებთან, ასევე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან - პარლამენტი გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას და სასამართლოს ფუნქციებში შეიჭრა.

  ანალიზი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ, პოლიტიკური პატიმრების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა:

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ამნისტიის გადაწყვეტილება, არამედ ინდივიდუალური საქმეების შესწავლის გარეშე 200-ზე მეტი პირი პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ეს მოქმედება დაიწუნა ვენეციის კომისიამ, ამავე დროს ამ პროცესს გაემიჯნა სამოქალაქო სექტორი“.

2012 წლის ოქტომბერში, „ევროპის საბჭოს“ საპარლამენტო ასამბლეამ „პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრის შესახებ“ რეზოლუცია (N1900)

მიიღო. ამ დოკუმენტით დადგინდა „პოლიტიკური პატიმრის“ ცნების დეფინიციის კრიტერიუმები.

რეზოლუციის

მიხედვით, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება:

  1. აზრის გამოხატვის, აღმსარებლობის და რელიგიის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების, შეკრებისა და გაერთიანების გამო - იმ ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მიზნით, რომელიც აღიარებული და გამყარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით;
  2. არა სამართალდარღვევის, არამედ პოლიტიკური მიზეზების გამო;
  3. პოლიტიკური მოტივებით გახანგრძლივებული პატიმრობა და დანაშაულთან არაპროპორციულად შეფარდებული სახდელი/სასჯელი;
  4. დაპატიმრებული სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციულად, პოლიტიკური მოტივებით;
  5. უსამართლო/არასწორი სამართალწარმოებით დაკავებული პირი, რასაც პოლიტიკური მიზნები უდევს საფუძვლად.

რეზოლუციის ბოლოს, ასამბლეა „ევროპის საბჭოს“ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს მოუწოდებს, იხელმძღვანელონ მოცემული კრიტერიუმებით და სავარაუდო პოლიტიკური პატიმრების საქმეები თავიდან შეაფასონ.

სწორედ აღნიშნული რეზოლუცია დასახელდა შესაძლო „პოლიტიკური პატიმრების“ საქმეების ხელახალი გადასინჯვის საფუძველად საქართველოში. ამისთვის, 2012 წლის 1-ლ ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საქმეების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც კომიტეტის წევრების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. მათ განსახილველად გადაეცათ არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰელსინკის ჯგუფის“ მიერ შემუშავებული პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია (185 პატიმარი და 13 ძებნილი პირი). ასევე, მუშაობის დაწყების შემდგომ, პერიოდულად ეგზავნებოდათ სხვა განცხადებებიც. საბოლოოდ, ჯგუფმა შეიმუშავა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების სია, რის საფუძველზეც, 2012 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა გამოსცა დადგენილება 215 პირის მიმართ, აქედან, 190 პირი პოლიტიკურ პატიმრად, ხოლო 25 პირი პოლიტიკური ნიშნით დევნილად გამოცხადდა. 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული კანონით „ამნისტიის შესახებ

“, პარლამენტმა ამ პირების ამნისტირება მოახდინა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესს თან ახლდა რიგი წინააღმდეგობები და გაუგებრობები: სიის შემუშავება, დაახლოებით ერთი თვის (თავდაპირველად, სამუშაოდ ორი კვირა განისაზღვრა, შემდეგ ორი კვირით კიდევ გახანგრძლივდა) შუალედში მოხდა, რაც სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის მხრიდან შეფასდა, როგორც არასრულყოფილი დრო. ამ პერიოდში, ჯგუფს უნდა შეესწავლა 215 ადამიანის საქმე და მასზე შესაბამისი დასკვნა ჰქონოდა, გარდა ამისა, იყვნენ მსჯავრდებულები, რომლის საქმეებიც განიხილეს, მაგრამ ამ სიაში ვერ მოხვდნენ, რაც, თავის მხრივ, კიდევ მეტ დროს მოითხოვდა. არგუმენტით, რომ ამ დროში ინდივიდუალური საქმეების სრულყოფილად შესწავლა შეუძლებელი იყო სამუშაო ჯგუფი მალე დატოვეს არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის

“ წარმომადგენლებმა. გარდა დროითი შეუსაბამობისა, მათ პრეტენზიები ჰქონდათ სამუშაო ფორმატთანაც: „მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა“, - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებდა, რომ მოქალაქეები უკვე დიდი ხანია ელოდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად, ეს პროცესი დროში ვერ გახანგრძლივდებოდა.

გაუგებრობები გამოიწვია, აგრეთვე, სიის არაერთხელ ცვლილებამაც. ოპოზიციის დიდი კრიტიკის და დისკუსიის შემდეგ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა „ევროსაბჭოს“ კრიტერიუმებთან, სიიდან ამოიღეს 2010 წლის დეკემბერში ე.წ. ტერაქტების საქმეზე დაკავებული და გასამართლებული 7 პირი. სიაში ვერ მოხვდა ირაკლი ოქრუაშვილიც, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ იგი სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებდა. „პოლიტიკური პატიმრების“ სიის შედგენის და შემდგომ მათი ამნისტირების პროცესი, განსაკუთრებით, ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა. 2013 წლის მარტში გამოქვეყნებულ კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამნისტიის კანონის მიღების პროცესი იყო ბუნდოვანი და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა როგორც სამართლის უზენაესობასთან, ისე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. თვითონ კანონი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 22-ე მუხლი) ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამართლიანი გარემოს არსებობის შესაძლებლობას. მათივე შეფასებით, არაგამჭვირვალე შერჩევის კრიტერიუმები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პროცესის რეალური მოტივი „ევროსაბჭოს“ რეზოლუციის მიხედვით სამართლიანობის აღდგენა არ ყოფილა. გარდა ამისა, კომისია აღნიშნავდა, რომ პროცესი წარიმართა არა საქმეების ინდივიდუალურად განხილვის რეჟიმში, არამედ მათი ჯგუფური შესწავლით - რაც, აგრეთვე, წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება კომპეტენციების აღრევის საკითხი იყო. მათი მოსაზრებით, აღნიშნული პროცესით პარლამენტი გასცდა თავის უფლებამოსილებას - კანონშემოქმედების როლს და შეიჭრა სასამართლოს ფუნქციებში. საქმე გვქონდა სასამართლოს, როგორც კანონშემფარდებლის უფლების დაკნინებასა და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებასთან.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი