ვერდიქტი: დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2017

წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 62.7 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ მაჩვენებლით, ქვეყანა სიდიდით მე-7 ინვესტორი სახელმწიფო იყო. რეიტინგში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანიდან 482 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გაერთიანებული საამიროებიდან პირველი ინვესტიცია 2003 წელს განხორციელდა, 2017 წლის ჩათვლით კი ინვესტირების ჯამურმა ოდენობამ 885 მლნ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით არაბთა საამიროები ინვესტორ ქვეყნებს შორის, აზერბაიჯანის, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ მეექვსე პოზიციას იკავებს.

ანალიზი მიმდინარე წლის 9 აპრილს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა,

რომ 2017 წლის მონაცემებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით მეშვიდე იყო. ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოსული ინვესტიციები 800 მლნ დოლარს აჭარბებს.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 1 862 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აბსოლუტურ რიცხვებში ინვესტიციების ეს მოცულობა უპრეცედენტოდ მაღალია.[1]

 საქართველოში 2017 წელს შემოსული ინვესტიციების მონაცემი შესაბამისი პერიოდის მშპ-ის 12.4%-ს შეადგენს, რაც საანგარიშო პერიოდში სიდიდით მესამე ნიშნულია 2006 და 2007 წლების მაჩვენებლების შემდეგ.

2017

წელს ინვესტორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილას აზერბაიჯანია, საიდანაც ინვესტიციების მოცულობამ 481 მლნ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანს, შესაბამისად, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი, აშშ და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოსდევს. საამიროებიდან საქართველოში 2017 წელს 62.7 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს ინვესტორ ქვეყნებს შორის. ათეულში შედის პანამა, ჩინეთი და კვიპროსი. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი აღნიშნულ თანრიგში მე-12 ადგილასაა.

არაბეთის საამიროებიდან საქართველოში პირველი ინვესტიცია, 290 ათასი დოლარის ოდენობით, 2003 წელს განხორციელდა. 2004 წელს ქვეყნიდან საქართველოში თანხა არ დაბანდებულა.

საანგარიშო პერიოდში (2003-2017 წლები) საამიროებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია 2008 წელს განხორციელდა და 307 მლნ დოლარი შეადგინა, ყველაზე მაღალი ზრდა კი 2007 წელს დაფიქსირდა, როცა, წინა წელთან შედარებით, ემირატებიდან შემოსული საინვესტიციო თანხის რაოდენობა 287-ჯერ მაღალი იყო. ზრდის მსგავსი ტემპი, ინვესტირების მაღალ მაჩვენებელთან ერთად, დიდწილად საბაზო ეფექტმა განაპირობა.

2009

წლიდან არაბეთის საამიროებიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა საქართველოში იკლო და 2012 წლის ჩათვლით მცირდებოდა. 2013-2017 წლებში, 2014 წლის ჩაუთვლელად, საამიროებიდან შემოსული ინვესტიციების დინამიკა მუდმივად მზარდია. 2017 წლის მაჩვენებელი კი 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემია.

განხორციელებული ინვესტიციების პარალელურად, საანგარიშო პერიოდში იცვლებოდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების პოზიციაც ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში. ქვეყანა 2008-2009 წლებში საქართველოში ყველაზე მეტ თანხას აბანდებდა. ამდენად, 2017 წლის მონაცემი პოზიციურად ყველაზე მაღალი არ არის, თუმცა პოზიტიური ტენდენციის ამსახველია.

  ცხრილი 1: არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების სტატისტიკა 2003-2017 წლებში[2]
ინვესტიცია (მლნ დოლარი) ზრდა (%) პოზიცია ინვესტორ ქვეყნებს შორის წილი მთლიან ინვესტიციებში (%)
2003 0.29 - - 0.09%
2005 0.28 -4% 31 0.06%
2006 0.42 51% 34 0.04%
2007 120.2 28336% 6 6.9%
2008 306.6 155% 1 19.5%
2009 162.8 -47% 1 24.5%
2010 55.5 -66% 5 6.6%
2011 42.3 -24% 9 3.7%
2012 24.4 -42% 14 2.4%
2013 63.7 161% 5 6.2%
2014 4.4 -93% 27 0.2%
2015 8.2 86% 24 0.5%
2016 34.1 315% 11 2.1%
2017 62.7 84% 7 3.4%
წყარო: საქსტატი

2003-2017

წლებში, ჯამურად, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 885 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ქვეყანათა თანრიგში ამ მაჩვენებლით ემირატები მეექვსე ადგილს იკავებს. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია, 2.5 მლრდ დოლარის მოცულობით, აზერბაიჯანიდან განხორციელდა. 2.4 მლრდ-ის ოდენობის ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. ინვესტორ ქვეყანათა ხუთეულში შედის ნიდერლანდები, თურქეთი და აშშ. ამ რეიტინგში რუსეთი მე-8 ადგილს ჩეხეთის შემდეგ იკავებს. საყურადღებოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან 2003-2017 წლებში საქართველოში 7 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც დსთ-ის ქვეყნებიდან შემოსულ თანხას 600 მლნ დოლარით აღემატება. ამ მაჩვენებლით ევროკავშირი ქვეყანათა ჯგუფში პირველ პოზიციაზეა.

[1] მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ნოემბერსა და 2018 წლის მარტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის შედეგად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები ორჯერ დააკორექტირა. ამდენად, ინვესტიციების ამ დრომდე არსებული ისტორიული რიცხობრივი მონაცემი 262 მლნ დოლარით შემცირდა. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე წერდა. [2] 2004 წელს არაბთა საამიროებიდან საქართველოში ინვესტიცია არ შემოსულა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი