ვერდიქტი: დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ტყუილი.   რეზიუმე: 2014

წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 713 804 იყო, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 657 731 ადამიანით ნაკლებია.

2014

წლამდე არსებული მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელები 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნებოდა, ამ მონაცემებს საქსტატი ყოველწლიურად, მიგრაციული სალდოს და ბუნებრივი მატების მაჩვენებლის მიხედვით ცვლიდა.

საქსტატში განმარტავენ, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ძირითადად გარე მიგრაციასთან იყო დაკავშირებული. ამასთან, საქსტატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიმოხილვის თანახმად, 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები არ იყო ბოლომდე ზუსტი. თუმცა, ეს მაინც არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მოსახლეობის რაოდენობა გაყალებებული იყო. მით უმეტეს, სრულიად საფუძველს მოკლებულია ამის წინა ხელისუფლებისთვის დაბრალება. წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობა“) პერიოდში (2004-2012 წლებში) მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საერთოდ არ ჩატარებულა.

  ანალიზი 4

აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა: „გაყალბებული იყო საყოველთაო აღწერის შედეგები. თქვენი დათვლით მოსახლეობა თითქოს 4.5 მლნ იყო და ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, 3.7 მლნ იყო“.

საქართველოს მოსახლეობის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა. შემდეგი საყოველთაო აღწერა კი - 2014 წელს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა წინა ხელისუფლების („ნაციონალური მოძრაობა“) მმართველობის პერიოდში საერთოდ არ ჩატარებულა.

2002 წლის საყოველთაო აღწერის

მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა, საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) გამოკლებით, 4 371 535 იყო.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით,

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 713 804 იყო, რაც 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 657 731 ადამიანით ნაკლებია.

მოსახლეობის რიცხოვნება საქართველოს მოქალაქეების ჯამურ რაოდენობას არ ნიშნავს. ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა არის აღწერის პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა. მოსახლეობის რიცხოვნებაში არ შედიან ქართველი ემიგრანტები და პირიქით, შედიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). საქსტატი მოსახლეობის რაოდენობას ყოველწლიურად აქვეყნებს, აღწერიდან მიღებული შედეგი - მოსახლეობის რაოდენობა, ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული სალდოს გათვალისწინებით, ყოველწლიურად იცვლება.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერებს შორის პერიოდში (2002-2014 წლებში), ჯამში, მიგრაციული სალდოც და ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა. თუმცა, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებმა საპირისპირო აჩვენა და მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებული აღმოჩნდა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ძირითადად მიგრაციასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკით აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო დადებითია, ის რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან 2012 წლამდე მეთოდოლოგიაში ხარვეზები იყო. არ არსებობდა სისტემა, რომელიც ემიგრანტების და მიგრანტების რაოდენობას ზუსტად აღრიცხავდა. კერძოდ, „2004 წლამდე მიგრაციული სალდო ძირითადად გაიანგარიშებოდა ე.წ. ექსპერტული შეფასებებით. 2004 წლიდან ავიღეთ საზღვრის კვეთის მონაცემები, თუმცა აქ იყო ხარვეზი, რადგან ვერ ხერხდებოდა მიგრანტების იდენტიფიცირება, და ამ მონაცემებში იყო რეალურად ყველა ის პირი, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე  შემოვიდა ან გავიდა. 2012 წლიდან უკვე დაინერგა ახალი მეთოდოლოგია და ზუსტად ხდება მიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება“, - განმარტავენ საქსტატში. აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან ყოველწლიური მიგრაციული სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი მიდის.

2017 წელს გამოქვეყნდა საქსტატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევა - "მოსახლეობის დინამიკა საქართველოში".

 აღნიშნული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ცვლილება გარე მიგრაციასთან არის კავშირში. ამასთან, “მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებიც ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევა, ვინაიდან ძალიან ბევრ შემთხვევაში ოჯახები ქვეყნიდან წასულ პირებს საკუთარი შინამეურნეობის წევრებად ასახელებდნენ, ვინაიდან უფრთხოდნენ გარკვეული უფლებებისა და სოციალური დახმარებების დაკარგვის შესაძლებლობას. აღნიშნულის გამო, ამჟამად მიიჩნევა, რომ მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაახლოებით 8 ან 9%-ით მეტად არის შეფასებული“, - აღნიშნულია კვლევაში.

საქსტატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები არ იყო ზუსტი. ამასთან, აღწერათაშორის პერიოდში, დიდი ალბათობით, მიგრაციული სალდოც უარყოფითი იყო, თუმცა მიგრაციის მაჩვენებლის აღრიცხვა ზუსტად ვერ ხდებოდა. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სტატისტიკა გაყალბებული იყო.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი