ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით საყვარელიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2010-2018 წლებში, სომხეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს იყო საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტი, რაც მომდევნო წლებში აღარ განმეორებულა.

სხვადასხვა ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ-ს შედარებისას, ნომინალურ მნიშვნელობებთან ერთად, მნიშვნელოვანია მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი მშპ-ს მონაცემის განხილვა. ამ მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოში, მათი სიმდიდრის შესაბამისად, ერთსა და იმავე ვალუტას განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს. PPP გამოანგარიშებით, 2010-2018 წლებში სომხეთისა და საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ-ს მაჩვენებლები მუდმივად იზრდებოდა, თუმცა სომხეთის მონაცემი საქართველოს ანალოგიურ მონაცემს ყოველ წელს ჩამოუვარდებოდა.

ანალიზი მიმდინარე წლის 23 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა,

რომ მთლიანი შიდა პროდუქტი სომხეთში ერთ სულ მოსახლეზე არის უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში და ეს ტენდენცია ადრე არ შეიმჩნეოდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2010-2018 წლებში დოლარში გამოხატული, ერთ სულზე დაანგარიშებული მშპ-ს ნომინალური მნიშვნელობა საქართველოსთვის 2014 წლის ჩათვლით, მუდმივი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. დოლართან მიმართებით, ლარის კურსის დაცემის გამო, 2015 წელს ერთ სულზე დათვლილმა მშპ-ს მონაცემმა დაიკლო და 3 762 დოლარი გახდა. 2016 წლიდან ზრდის ტენდენცია განახლდა, 2018 წლის პროგნოზის მიხედვით კი, საქართველოში მიმდინარე პერიოდის ბოლოს ერთ სულზე დაანგარიშებული მშპ-ს მოცულობა 4 370 დოლარს მიაღწევს.

ერთ სულზე დათვლილი მშპ-ს ცვლილების ტენდენცია მსგავსი იყო სომხეთშიც. 2010-2014 წლებში მაჩვენებელი მუდმივად იზრდებოდა, 2015 წელს მონაცემი 360 დოლარით შემცირდა და 3 529 დოლარი გახდა. 2016 წლიდან დაწყებული ზრდის ტენდენცია კი 2018 წელსაც შენარჩუნდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ნიშნული წლის ბოლოს 4 022 დოლარი უნდა გახდეს.

მიუხედავად მსგავსი ტენდენციისა, საანგარიშო პერიოდში სომხეთის ერთ სულზე დაანგარიშებული მშპ-ს მაჩვენებელი მხოლოდ 2010 წელს, 171 დოლარით აღემატებოდა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს და 3 122 დოლარს აღწევდა.

ცხრილი 1:

საქართველოსა და სომხეთის მშპ ერთ სულზე 2010-2018 წლებში

საქართველო სომხეთი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე PPP მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე PPP
2010 2 951 6 704 3 122 6 502
2011 3 711 7 287 3 417 6 803
2012 4 131 7 858 3 576 7 284
2013 4 267 8 239 3 732 7 499
2014 4 428 8 743 3 889 7 756
2015 3 762 9 017 3 529 7 994
2016 3 872 9 322 3 535 8 014
2017 4 099 9 789 3 861 8 613
2018[1] 4 370 10 226 4 022 8 905
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი

ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ-ს ობიექტური შედარებისთვის, ნომინალური მონაცემის გარდა, მნიშვნელოვანია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილი მაჩვენებლების განხილვა. PPP მიდგომაში გათვალისწინებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალუტებს განსხვავებული მსყიდველობითი უნარი გააჩნიათ. დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასებია, ვალუტის მსყიდველობითი უნარი კი მეტია (1 დოლარით მეტი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2010-2018 წლებში მსყიდველობითი უნარის პარიტეტით დაანგარიშებული მშპ-ს მნიშვნელობა მუდმივად იზრდება. მაჩვენებელი 2018 წელს საქართველოსთვის 10 226 დოლარი იქნება, 1 321 დოლარით მეტი, ვიდრე სომხეთში. გარდა ამისა, PPP მიდგომით, საანგარიშო პერიოდის არც ერთი წლისთვის, სომხეთის მშპ ერთ სულზე საქართველოს მაჩვენებელზე მაღალი არ ყოფილა.

[1] საპროგნოზო მაჩვენებელი

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია