ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფრაზა „მეორედ მოსვლაა“, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკავშირდება. თავად ივანიშვილი, აქამდე, მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას სწორედ ბიბლიურ მეორედ მოსვლას ადარებდა. ამიტომაც, იბადება კითხვა, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა დაბრუნება და რა გავლენა ექნება ამ ფაქტს მის პარტიაზე და ზოგადად ქართულ პოლიტიკაზე. თავად ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებაზე, ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს. მიმდინარე კვირის ბოლოს, პარტიის ყრილობაზე, მას პარტიის ხელმძღვანელად ოფიციალურად დანიშნავენ.

რატომ სთხოვა კვირიკაშვილმა ივანიშვილს დაბრუნება - წინაპირობა

ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას პარტიის შიგნით არსებული საკმაოდ მწვავე დაპირისპირება უძღოდა, რომელიც სააშკარაოზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევამ გამოიტანა. ამ ფაქტის გამო, „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ, თანაპარტიელები ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და პარტიიდან წასვლით დაიმუქრა. ამის შემდეგ, უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პოსტიდან შესაძლო გადაყენების საკითხი გაჟღერდა, რასაც კობახიძის მხრიდან საკმაოდ მწვავე პასუხი მოჰყვა. შემდეგ კი, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის დაპირისპირების შესახებ. თუმცა, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ამ დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

ზემოაღნიშნული მოვლენები განსაკუთრებით საინტერესო იმით იყო, რომ შიდა პარტიული დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანას წინ რამდენიმე სხვა ფაქტორი უძღოდა. მათ შორის, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები. მოქმედი კონსტიტუციით, წელს ქვეყანამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ უნდა აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი. შემდეგი პრეზიდენტი, უკვე, პარლამენტის მიერ იქნება არჩეული. შესაბამისად, პრეზიდენტის ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ოფიციალური მიზეზი - დამაჯერებელია თუ არა ის

პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პირველად გახდა ცნობილი, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა თავად შესთავაზა, მიზეზად კი პარტიის შიგნით ერთიანობის შენარჩუნება და პარტიის გაძლიერება დაასახელა.

„მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადებაში, ფაქტობრივად, პარტიული კრიზისი აღიარებულია, რომლის მოგვარება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.

„სამწუხაროდ, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები ვერ განვითარდნენ, ვერ შეიძინეს ის განათლება, რაც შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოადგებოდათ. მისი [ივანიშვილის] გადაწყვეტილება არ იყო მარტივი. შესაძლოა, კიდევ უფრო რთული, ვიდრე 2011 წელს, თუმცა, კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მეტი ძალის ცენტრი არ არსებობს, მისი დისტანცირება პროცესებისგან, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი რისკების შემცველი იქნებოდა. ასე რომ, მადლობის მეტი რა გვეთქმის“ - ამბობს ამ ფაქტის შეფასებისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

კალაძის ფაქტორი

ივანიშვილის დაბრუნებას პარტიაში არსებულ კრიზისს უკავშირებს ფაქტობრივად ყველა ანალიტიკოსი, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე, აქცენტს პარტიის შიგნით ახალგაზრდების, ე.წ. კობახიძის ჯგუფის გააქტიურებაზეც აკეთებს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მხარდამჭერ გუნდად მოიაზრება. საუბრობენ იმაზეც, რომ ეს დაპირისპირება სწორედ კახა კალაძის ფაქტორმა განაპირობა, რადგან პარტიაში გაჩნდა შიში, რომ კალაძე, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული ივანიშვილზე, თავისი გუნდით შეძლებდა დამოუკიდებელ თამაშს და იმაზე უფრო შედეგიანად, ვიდრე ეს პრეზიდენტმა მოახერხა.

„ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ჩემი აზრით, ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთი არის მძიმე სიტუაცია „ქართულ ოცნებაში“ და მეორე იმან, რომ მმართველ პარტიაში რეალურად სერიოზული ვაკუუმია და უჭირს, წამოაყენოს საპრეზიდენტო კანდიდატი. აქ, ალბათ, ივანიშვილის ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. ამასთან, ჩემი აზრით, უკმაყოფილოა მთავრობის მუშობითაც, ასე მარტივად, შორიდან მთავრობის გაკონტროლება და თითების ქნევა არ გამოდის, საჭიროა, ალბათ, მისი ახლოდან ჩარევა.

„რაც შეეხება დაპირისპირებას, ჩემი აზრით, დაპირისპირება დაიწყო საკმაოდ მალე არჩევნებიდან, როცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში გამოუჩნდა ბევრისთვის მოულოდნელად რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ჩაიგდო ხელში კონტროლი პარლამენტზე, ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ახლა მოვიდნენ ამ მოწვევის პარლამენტში, წინა პარლამენტში ოცნებაში არ ყოფილან. ეს იყო, ალბათ, პრობლემა, რომ ძველები, რომლებიც პარლამენტში 2012 წელს მოვიდნენ სერიოზული ბრძოლის შედეგად, მათ მიაჩნიათ, რომ მეტი დამსახურება აქვთ და მეტი გავლენა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ახლებს“ - აცხადებს შარაშენიძე.

არაფორმალური მმართველის იმიჯის ჩამოშორება

ანალიტიკოსების ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ივანიშვილი ამით არაფორმალური მმართველობის იმიჯის ჩამოშორებას ცდილობს და პასუხია საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებზე, სადაც საუბარია ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხის შემცირებზე არაფორმალრი მმართველობის გამო. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შეფასება Freedom House-მა აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ხაზგასმულია რომ ბიძინა ივანიშვილი, მართალია ფორმალურად არცერთ თანამდებობას არ იკავებს, თუმცა მისი გავლენა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მაღალია.

სწორედ ამის პასუხად მიიჩნევს ივანიშვილის პარტიაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე. „არა მგონია, რომ ივანიშვილის დაბრუნება კავშირში იყოს „ქართულ ოცნებაში“ შექმნილ კრიზისთან. უფრო მგონია, რომ ეს კავშირშია არაფორმალურ მმართველობასთან, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებთან. „ოცნება“ არის კრიზისში, მაგრამ ადამიანები ვინც ნაკლებად ლოიალურობას გამოხატავენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხდება მათი ჩანაცვლება სხვა ადამიანებით. ივანიშვილს ამ დაპირისპირების პრობლემის მოგვარება ისედაც შეეძლო კულუარულად. 2013 წელს გადადგა პოსტიდან და ამის შემდეგ მართავდა 4 წლის განმავლობაში. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს ემთხვევა მისი დაბრუნება, მართალია მას ქართულმა ოცნებამ უნდობლობა გამოუცხადა, მაგრამ მგონია, რომ ეს ანგარიში „ოცნებამ“ გაითვალისწინა“ - ამბობს ჩიტაძე.

თუმცა, საქმე ისაა, რომ პარტიის თავმჯდომარეობა, თუნდაც მმართველი პარტიის სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის უფლებას არ იძლევა. რეალურად, პარტიის თავმჯდომარის სტატუსით ჩარევა სახელმწიფო საქმიანობაში არაფორმალური მმართველობის პრობლემას ვერ ხსნის.

არაფორმალური მმართველის სტატუსის შეცვლა არადამაჯერებლად მიაჩნია და პარტიის შიგნით არსებული პრობლემების შედეგზე საუბრობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. „ეს არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი და ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, თავი მოუყაროს პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში იმ შემთხვევაში, თუ მეორედ მოსვლის ვითარება შეიქმნებოდა, ანუ თუ ძალიან კრიზისული პროცესები განვითარდება ქვეყანაში და როგორც ჩანს, მან ჯანსაღად შეაფასა არსებული ვითარება - აქვს ამის ალღო, დაიანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ის მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას“ - აღნიშნავს უსუფაშვილი.

პრემიერი, პრეზიდენტი თუ მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე?

სამთავრობო თუ პარტიულ საკადრო ცვლილებებთან ერთდ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა გეგმები აქვს თავად ივანიშვილს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას არ მოისურვებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ ის იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. მთავარი იყო მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში. ამ ვითარებაში მისი პარტიის თავმჯდომარეობა საკმარისია და მისი პრეზიდენტობა ახალ კონსტიტუციურ მოდელში სრულიად არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ მან რეინტეგრაცია პოლიტიკაში მოახდინა და დისციპლინა აღდგება. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მისი პრემიერობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ის თვლის, პარტიის თავმჯდომარეობა წესრიგის აღსადგენად სრულიად საკმარისია“ - ამბობს გია ხუხაშვილი.

თუმცა, ანალიტიკოსების მეორე ნაწილი ივანიშვილის მიერ სამთავრობო პოსტის დაკავებას ელოდება. „უკვე აღარ გამიკვირდება, ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ან პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ. ლოგიკურად, კანდიდატად უნდა დასახელებულიყო გიორგი კვირიკაშვილი, ის არ სახელდება, აშკარად ურჩევნია დარჩეს პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, სხვა კანდიდატზე შეთანხმება ჭირს იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც უცხოეთში აქვს კარგი კავშირები და ერთგულია ივანიშვილის. კვირიკაშვილი ამ მხრივ შეეფერებოდა ამ სამსახურს. რაც შეეხება უცხოეთში კავშირებს, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა კანდიდატი, არ არის პრობლემა - თავის თავს ენდობა“ - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ „საზოგადოებისთვის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ აჩენს იმედს, რომ თუ გადაიდგა პირველი ნაბიჯი, შეიძლება გადაიდგას მეორეც. ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ის, რომ ის უნდა დაუბრუნდეს პრემიერის პოსტს. ივანიშვილს სიამოვნებს პარტიის თავმჯდომარეობაო, ამის თქმა, მგონი, სწორი არ იქნება. მან გადადგა პირველი ნაბიჯი, ჩრდილიდან გამოვიდა და მეორე ნაბიჯი, უნდა ეს თუ არა, იქნება მისი გადაწყვეტილება, გახდეს პრემიერი, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას ამ წუთში არ აქვს. ჩვენი უბედურებაა, რომ სხვა ლიდერი ამ წუთში არ არსებობს, მაგრამ ფაქტია და ვერაფერს ვიზამთ“.

თუმცა, ამ მოლოდინების მიუხედავად, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჯერ მოქმედი კონსტიტუციითაც და ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, ივანიშვილი ამ თანამდებობებს ვერ დაიკავებს ორმაგი მოქალაქეობის გამო, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა პრემიერის პოსტის დაკაევბისთვის ან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე უნდა თქვას უარი. იტყვის თუ არა ის ამაზე უარს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძნელია, რადგან მან ერთხელ უკვე დააპირა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მაგრამ მალევე გადაიფიქრა.

2012 წელს, როდესაც ის პრემიერი გახდა, მაშინაც მოქმედებდა ეს ნორმა და მის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების ნაცვლად, გამოსავალი მოძებნეს და საგანგებოდ მისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოს მოქალაქისთვის, გაკეთდა ერთჯერადი გამონაკლისი კონსტიტუციაში. მისი გადადგომის შემდეგ ის წესი აღარ მოქმედებს.

ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით კი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არის, უპირველეს ყოვლისა, მარცხის აღიარება. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მმართველობის ის მოდელი, რაც მან საკუთარ პარტიას და ხალხს შესთავაზა - სახელმწიფოზე კონტროლის შენარჩუნება მიმდინარე მმართველობის მენეჯერებზე გადაბარებით, არაეფექტიანი ყოფილა. მან გამოიწვია შიდა დაპირისპირებები, რომელიც იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მისი ღიად ჩართვა გახდა საჭირო.

„რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმის ირიბ აღიარებასაც, რომ „არაფორმალური მმართველობის“ ბრალდებები აქამდეც მართალი იყო. ფაქტობრივად, ხდება არაფორმალური მმართველობის ერთი მოდელის შეცვლა მეორით, თუმცა, შედარებით უფრო გამჭვირვალეთი. პრემიერი ისევ არ არის ნამდვილი პრემიერი, ის უბრალო მენეჯერია, ქვეყანას პარტიის ლიდერი ხელმძღვანელობს. ეს ადრეც ვიცოდით, ახლა ეს უფრო თვალსაჩინო ხდება.

„მოკლევადიან პერსპექტივაში, ივანიშვილმა შიდა დაპირისპირებები შეიძლება დაარეგულიროს. მაგრამ საბოლოოდ, მას მითოლოგიური საბურველი ეცლება და რიგითი მოქალაქის თვალში კიდევ უფრო უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის მდგომარეობაზე. ეს, არა მგონია, მისთვის მომგებიანი იყოს. გამოდის, რომ სისუსტე გამოიჩინა“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია