საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 29 მაისის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ხაჩიძემ, განაცხადა, რომ ყაზბეგის დაცულ ტერიტორიაზე ბუნების ძეგლი განადგურდა.

ფაქტ–მეტრი დაინტერესდა, დაზიანდა თუ არა რომელიმე ბუნებრივი ძეგლი ყაზბეგის რაიონში და რომელ ბუნების ძეგლზე საუბრობდა გიორგი ხაჩიძე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაური–კობის საავტომობილო გზასთან მდებარე ტრავერტინი [

ცხელი ან ცივი წყაროებისგან კალციუმის კარბონატის დალექვის შედეგად წარმოქმნილი ფორიანი, მცირე სიმკვრივის ნახევრად კრისტალური ქანი] ზვავამრიდი გვირაბის რეაბილიტაციისას, კომპანია „მამისონმა“ მართლაც გადათხარა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ამბობს,

რომ ტრავერტინის 2 მეტრის ფენა მთლიანად აღებულია. ფერდობზე დარჩენილი ტრავერტინისკენ მისასვლელი გზა კი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ტრავერტინის ხელახლა გაზრდას ასეულობით წელი დასჭირდება, რადგან მიწიდან ამოსული წყალი აქამდე საკმაოდ დიდ სივრცეზე ნაწილდებოდა, ახლა კი წყალს გასაქანი აღარ ექნება.

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ტრავერტინს დაცული ტერიტორიის სტატუსი (ბუნების ძეგლი) არ აქვს მინიჭებული... აღნიშნული ტერიტორიისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების მცდელობა იყო გასული წლის ზაფხულში იყო, თუმცა იმ საბაბით, რომ ყაზბეგის დაცული ტერიტორიები გაფართოვდებოდა და მოიცავდა ამ ტრავერტინებსაც, საკითხი უარყოფითად გადაწყდა“.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, რატი ჯაფარიძემ, „მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს“ განუცხადა,

რომ ტრავერტინების ბუნებრივ ძეგლად გამოცხადებაზე სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის წევრებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში უნდა შევიდეს. რატი ჯაფარიძის თქმით, კომისია ტრავერტინების ბუნების ძეგლად გამოცხადებას გასულ წელსაც ითხოვდა, თუმცა ენერგეტიკის სამინისტრომ უარი თქვა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ გააკეთა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდში 1 ივლისს გამართულ დისკუსიაზე მან თქვა,

რომ ყაზბეგის ტრავერტინები დაცული ტერიტორიების სიაში არ შედიოდა და მისი დაზიანებისთვის სამშენებლო კომპანიას არანაირი სანქცია არ დაწესებია.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს,

რომ საბჭოთა პერიოდში ბუნების ძეგლები „წითელი წიგნის“ მეშვეობით იყო დაცული, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ კი ბუნების ეს ძეგლები კანონს მიღმა დარჩა და ბუნების ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად კანონის შექმნაა საჭირო. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის განკარგულებით, რომელიც საქართველოს მთავრობის 2011 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცებას ეხება, გარემოს დაცვის სამინისტროს ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ დამტკიცებულიყო კანონი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ბუნების ზოგიერთი ძეგლი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა „დაბლოკა“, ნაწილზე კი უარი გარემოს დაცვის სამინისტრომ თქვა. მათ შორის, კობი–გუდაურის გზაზე მდებარე ტრავერტინებზეც იყო საუბარი. ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, ტრავერტინების განადგურებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. „ეს საქმიანობა არის „გარემოს ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის მე–4 მუხლის 1 პუნქტის (კ) ქვეპუნქტით (გზაგამტარი გვირაბის საინჟინრო დაცვის ნაგებობის აგება) და მე–2 პუნქტით (ექსპლოატაციის პირობების შეცვლა) განსაზღვრული საქმიანობა და ეკოლოგიურ ექსპერტიზას ექვემდებარება. შესაბამისად, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე 306–ე მუხლით (საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვის გარეშე) და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლებით, ასევე 287–ე მუხლით – სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღევევა“.

დასკვნა

კობი–გუდაურის გზასთან მდებარე ტრავერტინი მართლაც გადაითხარა, თუმცა მას ბუნების ძეგლის სტატუსი არ აქვს.

საქართველოში ბუნების ძეგლების დაცვის პრობლემა დღის წესრიგში შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწამდე იარსებებს. ამჟამად, ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა  პრაქტიკულად არ არსებობს. მოქმედებს  კანონი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ რაც არასაკმარისია ბუნების ძეგლების დასაცავად. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, კანონპროექტი უნდა შევიდეს პარლამენტში, რაც გარკვეულ დროსა და პროცედურებს მოითხოვს. ამასობაში კი, კონკრეტულ კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა, საკმარისი და საჭირო ინფორმაციის არ ქონის გამო, აზიანებენ მნიშვნელოვან ძეგლებს, თუმცა, ამისთვის არანაირი სანქცია არ ეკისრებათ.

ამრიგად, გიორგი ხაჩიძის განცხადება „ბუნების კონკრეტული ძეგლი ყაზბეგში  განადგურდა, გადაითხარა“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი