ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბადრი ბასიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 59 საბავშვო ბაღი ირიცხება. აქედან 4, ამჟამად, არ ფუნქციონირებს. მეორე წელია მათი რეაბილიტაცია და გახსნა ვერ მოხერხდა. ამ დროის მანძილზე კი, ბაღის დირექტორებზე ხელფასების გაცემა არ შეწყვეტილა. აღნიშნული 4 ბაღიდან, 3-ში ამ დროისთვის სამშენებლო პროცესები დასრულებულია.

ერთი კი (სოფელ ზერტის ბაღი), რომელიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, ავარიული მდგომარეობის გამო საერთოდ დაიხურა. სოფელ ზერტის საბავშვო ბაღის დირექტორთან ერთად, ანაზღაურებას დღემდე ამ დაწესებულების პერსონალიც იღებს.

  ანალიზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით,

„გორის მერია ოთხი უფუნქციო საბავშვო ბაღის წარმომადგენლებზე ხელფასს მაინც გასცემს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სოფლების: ზერტის, ქვემო ხვითის, ფხვენისის და ტინისხიდის საბავშვო ბაღები დაკეტილია, მის წარმომადგენლებზე კი ათასობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება. შედეგად, ადგილობრივი ბავშვები ზარალდებიან და ვერ იღებენ სკოლამდელ განათლებას“.

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2014-2017 წლებში, რეაბილიტაცია 26 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა, მათ შორის ბასიშვილის მიერ დასახელებულ სამ ბაღსაც (ხვითში, ტინისხიდსა და ფხვენისში). რაც შეეხება ზერტის საბავშვო ბაღს, გორის მერია 2017 წლის ოქტომბერში ფაქტ-მეტრს სწერდა, რომ აღნიშნული დაწესებულების ფუნქციონირება მისი მდგომარეობიდან გამომოდინარე სარისკოა, რის გამოც, სასწავლო პროცესის ხანგრძლივი დროით შეფერხების თავიდან აცილებისთვის ალტერნატიული ფართი უნდა მოეძებნათ. თუმცა, სოფელ ზერტში ეს პრობლემა ამ დრომდე დღის წესრგში დგას. ამის შესახებ გასულ წელს ფაქტ-მეტრიც წერდა. რაც შეეხება ანაზღაურებას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ოთხ ბაღში ხელფასები დირექტორებზე ნამდვილად გაიცემა, რაც მისივე თქმით, დარღვევას არ წარმოადგენს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტ-მეტრს მიაწოდა დოკუმენტი,

რომელშიც ექვსი თვის წინ დახურულ დაწესებულებაში, ყოველთვიურად, ხელფასების სახით, 4 795 ლარის გაცემაა დამტკიცებული (ზერტის საბავშვო ბაღის დირექტორთან ერთად 20 თანამშრომელზე). 2018 წლის ბიუჯეტიდან, წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით 57 540 ლარია გამოყოფილი. ზემოაღნიშნული დოკუმენტის სინამდვილე, გორის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებაშიც დაგვიდასტურეს.

საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების წესს, ასევე, სამართლებრივ საფუძვლებსა და განათლების დაფინანსების პრინციპებს, განსაზღვრავს კანონი (მუხლი 27)

„ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“. რეგულაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის ფინანსებს გასცემს აღსაზრდელებისთვის გაწეული მომსახურებისა და მათი განათლების მიღების სანაცვლოდ. ჩამოთვლილი სოფლების საბავშვო ბაღის შემთხვევაში კი, აღსაზრდელები შესაბამის მომსახურებას არ იღებენ, თუმცა მის წარმომადგენლებზე ხელფასები მაინც გაიცემა.

  ცხრილი 1:

ხვითის, ხიდისთავის, ფხვენისის, საბავშვო ბაღების დირექტორებზე  გაცემული ხელფასები 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მაისამდე

საბავშვო ბაღები ერთი დირექტორის ანაზღაურება თვეში სამი ბაღის დირექტორების ანაზღაურება თვეში ანაზღაურება  8 თვეში
თანხა/ლარი 350 1 050 8 400

როგორც ირკვევა, ჯერ არ გახსნილი 3 საბავშვო ბაღის დირექტორებზე, 8 თვეში 8 400 ლარი გაიცემა.

უფუნქციო ბაღების წარმომადგენლებზე ხელფასების გაცემის ფაქტს ადასტურებენ გორის მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოში, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღებში მუშაობა თანამშრომელთა მიზეზით არ შეწყვეტილა და ხელფასების გაცემის შეჩერება მათ შრომით უფლებებს დაარღვევდა.

საქართველოს "შრომის კოდექსის" 32-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, "თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით". შესაბამისად, ბაღებში დასაქმებულმა პერსონალმა შრომის ანაზღაურება რომ უნდა მიიღოს, ეს ცალსახაა, თუმცა პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ თვეების მანძილზე აღნიშნული ბაღების ექსპლუატაციაში შესვლა ვერ ხერხდება და მათი აღსაზრდელები შესაბამის სერვისს ვერ იღებენ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი