რეზიუმე: დასაქმების სექტორი ორ ძირითად - კერძო და საჯარო სექტორებად იყოფა. ეკონომიკის განვითარებისთვის კარგია, როცა საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი (ბიუროკრატია) დაბალია და სამუშაო ადგილებს კერძო სექტორი ქმნის. არჩილ თალაკვაძე განცხადებაში, სწორედ, ამ საკითხზე აკეთებს აქცენტს.

2017 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 22.6 ათასით (-1.6%) არის შემცირებული, ხოლო ამავე წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11.9 ათასით არის (4.4%) გაზრდილი. კერძო სექტორში არც 2016 წელს ყოფილა ზრდა. საჯარო სექტორში კი 5.1%-იანი კლება 2016 წელს იყო, თუმცა ამის მიზეზი 2015 წელს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი დასაქმების მაჩვენებლით არის განპირობებული[1]. 2009-2012 წლებში, საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებლის კლების ტენდენცია იყო, ხოლო კერძო სექტორში კი - ზრდის. 2013-2017 წლებში კი, პირიქით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის ტენდენცია ახასიათებს, ხოლო კერძო სექტორში დაფიქსირებული ყოველწლიური ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია, ვიდრე 2008-2012 წლებში იყო. ამდენად, განცხადების ამ ძირითად ნაწილში არჩილ თალაკვაძე ცდება.

2013-2017 წლებში, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში არ მცირდება, მონაცემი 25-26%-ის ფარგლებში მერყეობს, გამოკვეთილი ტენდენციის გარეშე. ადმინისტრაციულ ხარჯს კი კლების ტენდენცია ახასიათებს. ამ მხრივ, გამონაკლისია 2016 წელი, როცა ფარდობა გაიზარდა. 2017 წლის მონაცემებით კი, აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით, 1.2% პუნქტით ნაკლებია.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, დასაქმებასა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება და პირიქით, დასაქმების ზრდა კერძო სექტორში შეინიშნება. გარდა ამისა, პარლამენტარმა ადმინისტრაციულ და მიმდინარე ხარჯებზე ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, საჯარო სექტორის აღნიშნული ხარჯები მცირდება.

საქსტატი დასაქმებასა და უმუშევრობაზე სტატისტიკურ მონაცემებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის მიხედვით აქვეყნებს. გრაფიკ 1-ში ნაჩვენები კერძო სექტორის დასაქმების მონაცემები მოიცავს ყველა იმ პირს, რომელიც არ არის სახელმწიფო სექტორში დასაქმებული. მათ შორის, ამ კლასიფიკაციაში შედიან თვითდასაქმებულები. თავის მხრივ, სახელმწიფო სექტორში ასახულია ის პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებში, მათ მიერ დაფინანსებულ ან/და დაფუძნებულ/კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და სახელმწიფო საწარმოებში.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2017 წელს 283.8 ათასს შეადგენდა და 2016 წელთან შედარებით, 11.9 ათასით (4.4%) არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება 2013 წელს იყო, როდესაც ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალ - 252.1 ათას შეადგენდა. შემდეგ წლებში კი მათი რაოდენობა გაიზარდა. 2009-2012 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 0.6%-ით იკლებდა, ხოლო 2013 წელს, ეს მაჩვენებელი 12.2%-ით შემცირდა, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დიდი შემცირებაა. 2014-2017 წლებში კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად, საშუალოდ, 3.2%-ით იზრდება.

2017 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1.6%-ით შემცირდა. ასევე, ეს მაჩვენებელი 2016 წელს წინა წელთან შედარებით, შემცირებული იყო. 2013-2017 წლებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ყოველწლიურად, საშუალოდ, 0.7%-ით იზრდებოდა, ხოლო 2008-2012 წლებში ყოველწლიური ზრდა, საშუალოდ, 1.8%-ს შეადგენდა.

გრაფიკი 1: დასაქმების მაჩვენებელი 2007-2017 წლებში (ათასი კაცი)

image001

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გრაფიკი 2: 2007-2017 წლებში დასაქმებულთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა, (%)

image002

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როდესაც საჯარო სექტორის ადმინისტრაციულ ხარჯზეა საუბარი, მაშინ ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლების ჯამი უნდა დავითვალოთ. ხოლო, მიმდინარე ხარჯებში კი მთლიანად ხარჯების მუხლი, რომელიც არა მხოლოდ შრომის ანაზღაურებასა და საქონელი და მომსახურებას მოიცავს, არამედ სუბსიდიებს, პროცენტს, გრანტებს, სოციალურ უზრუნველყოფას და სხვა ხარჯებს. ნაერთი ბიუჯეტი კი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულის კონსოლიდირებული ბიუჯეტია. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის მოცულობა აბსოლუტურ რიცხვებში მზარდია, აღნიშნული ხარჯების ცვლილების ტენდენცია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში უნდა შეფასდეს. ფარდობითი მონაცემი გვიჩვენებს მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით რამდენი პროცენტი იხარჯება საჯარო სექტორის მიერ.

2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების პროგნოზი 9 555 მლნ ლარია, რაც 2018 წლის მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის 23.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 1.9% პუნქტით არის შემცირებული. მიმდინარე ხარჯების წილი მშპ-სთან მიმართებაში, 2011-2014 წლებში, 23.8% -დან 26.5%-მდე გაიზარდა, ხოლო 2015 წელს 0.7% პუნქტით შემცირდა. 2016 წელს, ისევ, 26.8%-მდე იზრდება, მაგრამ შემდეგი წლები კლებადია. მთელ პერიოდზე კი კლება შესამჩნევი არ არის, აღნიშნული მონაცემი, ძირითადად, მერყეობს 25-26%-ის მიდამოებში გამოკვეთილი ტენდენციის გარეშე.

2018 წელს, მსგავსად მიმდინარე ხარჯებისა, ნაერთ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირებულია, რაც მშპ-სთან მიმართებაში 7.9%-ს შეადგენს. მოცემული წლების მანძილზე მას ყოველწლიური კლების ტენდენცია ახასიათებს, გამონაკლისია 2016 წელი, როცა მაჩვენებელი 8.8%-დან 9.2%-მდე გაიზარდა. 2017-2018 წლის წინასწარი და საპროგნოზო მაჩვენებლებით კი, 8.4% და 7.9%-მდე შემცირდება.

გრაფიკი 3: 2010-2018 წლების [2] ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯების წილი მშპ-სთან, (%)

image003

წყარო: სახელმწიფოხაზინა; ფინანსთასამინისტრო; საქსტატი

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ვნახოთ მიმდინარე ხარჯების რა ნაწილია ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც შრომის ანაზღაურებსა და საქონელი და მომსახურების ხარჯების ჯამია. 2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებში საჯარო სექტორის ადმინისტრაციული ხარჯები მიმდინარე ხარჯების 33.6%-ია, რომელიც 2017 წელს 33%-ს შეადგენს. თავის მხრივ, აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წლიდან იკლებს. თუმცა, 2013 წლიდან არსებითად არ შემცირებულა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ნაერთი ბიუჯეტის მომზადება ხდება იმ დროს, როცა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული. არსებული პრაქტიკა უჩვენებს, რომ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მაჩვენებლები მისი დამტკიცების შემდეგ, მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის, ზრდის კუთხით. შესაბამისად, იზრდება თვითმმართველი ერთეულების მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯებიც. ამრიგად, 2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები წლის ბოლოს სავარაუდოდ გაიზრდება.

[1] 2015 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელმა სამუშაოებმა

[2] 2018 წლის საპროგნოზო და 2017 წლის წინასწარი

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი