ვერდიქტი: აკაკი ზოიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.   რეზიუმე:

წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში, საქართველოს ეკონომიკა  საკმაოდ მაღალი ტემპებით იზრდებოდა. გამონაკლისი იყო 2008-2009 წლები, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და 2009 წლის მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გავლენა იყო.

ეკონომიკის ზრდას პირდაპირი გავლენა აქვს სიღარიბის შემცირებაზე, თუმცა სიღარიბის დონეზე, ასევე, გავლენა აქვს სამომხმარებლო ფასებს (ცხოვრების გაძვირებას), სოციალურ დახმარებებს და სხვა ფაქტორებს.

აკაკი ზოიძის განცხადება რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გადავამოწმეთ. ყველა არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ სიღარიბის შემცირების ტენდენცია დაიწყო წინა ხელისუფლების პერიოდში. 2011-2012 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს ტენდენცია 2016 წლამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (12.6%) 2007 წელს დაფიქსირდა. ამ წელს საქართველოში სიღარიბის დონე გაიზარდა, რაც სავარაუდოდ, სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვანი მატებით იყო განპირობებული. თუმცა, 2008 წელს სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს შენარჩუნდა 2009 წელსაც.

2010

წელს სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, რაზეც გავლენა იქონია 2009 წელს ეკონომიკის შემცირებამ, რაც თავის მხრივ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2009 მსოფლიო ფინანსურ კრიზსს უკავშირდება.

თუმცა, საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი, ასევე, იზრდებოდა 2004-2006 წლებშიც.

წინა ხელისუფლების პერიოდში, ეკონომიკის ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სიღარიბის შემცირებაზე. თუმცა, სიღარიბე ყოველწლიურად, ეკონომიკის ზრდის შესაბამისად არ მცირდებოდა.

ანალიზი 20

ივნისს პარლამენტის სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, განაცხადა: „ავადსახსენებელი მმართველობის პერიოდში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ასევე, მკვეთრად იზრდებოდა სიღარიბე“.

საქართველოსთვის სიღარიბე ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. ჩვენ გავაანალიზეთ როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში სიღარიბის დონე ქვეყანაში.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ სიღარიბე ეკონომიკის ზრდის პროპორციულად მცირდება. სიღარიბის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ასევე, ინფლაციის დონეს და სოციალურ ტრანსფერებს.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში, საქართველოს ეკონომიკა  საკმაოდ მაღალი ტემპებით იზრდებოდა. გამონაკლისი იყო 2008-2009 წლები, როდესაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და 2009 წლის მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა. 2004-2014 წლებში, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე  2 500 ლარიდან 7 000 ლარამდე გაიზარდა.

2012

წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა შედარებით ნელი ტემპით იზრდებოდა.

გრაფიკი 1: 2004-2017

წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე და მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლები

image001 წყარო: საქსტატი

ჩვენ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გავაანალიზეთ, წინა ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკის ზრდამ, რა გავლენა იქონია სიღარიბის შემცირებაზე.

„საქართველოში ათასწლეულის განვითარების მიზნების“ 2014 წლის ანგარიშში

აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის პარალელურად სიღარიბის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. ანგარიშში 2006-2012 წლების სიღარიბის მაჩვენებლებია განხილული.

2007

წელს, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (12.6%) დაფიქსირდა, სიღარიბის დონე გაიზარდა. 2007 წელს ქვეყანაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 11% დაფიქსირდა. სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდაც ცხოვრების გაძვირებით იყო განპირობებული. 2007 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უკვე შემდგომ წლებში აისახა,  2008 წელს სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს შენარჩუნდა 2009 წელსაც. 2010 წელს სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, რაზეც გავლენა იქონია 2009 წელს ეკონომიკის შემცირებამ, რაც თავის მხრივ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და 2009 მსოფლიო ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. 2011-2012 წლებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდა.  უკიდურესი სიღარიბე 6.7%-დან 3.7%-მდე შემცირდა. საერთო სიღარიბის დონე კი 21%-დან 14.8%-მდე ჩამოვიდა (იხილეთ გრაფიკი 2).

გრაფიკი 2:

უკიდურესი და საერთო სიღარიბის მაჩვენებლები 2006-2012 წლებში

image002 წყარო: ათასწლეულის განვითარების მიზნების 2014 წლის ეროვნული ანგარიში

იუნისეფის კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. ბოლო ორ წელიწადში კი სიღარიბე გაიზარდა, რაც შენელებულ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდილ სამომხმარებლო ფასებს უკავშირდება (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია). საქართველოში სიღარიბის ტენდენციებს, ასევე, აკვირდება მსოფლიო ბანკი. 2016 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენციებზე კვლევა

გამოაქვეყნა. კვლევა 2006-2014 წლების მონაცემებს ასახავს.

მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, სიღარიბის განსაზღვრა მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით ხდება. ღარიბად მიიჩნევა ადამიანი თუ ის საკუთარ თავზე დღეში 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს.

კვლევის თანახმად, 2011-2014 წლებში საქართველოში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2011-2012 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2013-2014 წლებში კი, 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გრაფიკი 3:

სიღარიბის მაჩვენებლები (%) 2006-2014 წლებში

image003 წყარო: მსოფლიო ბანკი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები,

ასევე, აჩვენებს რომ 2010 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია იყო, რაც 2016 წლამდე გაგრძელდა. აბსოლუტური სიღარიბე შემცირდა 2008 წელს და ეს დონე შენარჩუნდა 2009 წელსაც, რაზეც, დიდი ალბათობით, გავლენა წინა წლების მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ იქონია. 2010 წელს კი სიღარიბის დონე კვლავ გაიზარდა, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინა წელს ეკონომიკის შემცირებით იყო გამოწვეული (იხილეთ გრაფიკი 4).

გრაფიკი 4:

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 2004-2017 წლებში

image004 წყარო: საქსტატი

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი