იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2018 წლის აპრილის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 48 624 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 16 294 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.5%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, 2018 წლის აპრილის მონაცემებით, 1 659 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აღნიშნულ მონაცემს ყოველი წლის აპრილის და ნოემბრის მიხედვით ინახავს. გასული წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ აპრილის მონაცემები, ნოემბერში თითქმის ყოველთვის იზრდება, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ 2018 წლის ნოემბერში კიდევ უფრო გაზრდილი იქნება მონაცემები. რაც შეეხება გასულ წლებს, 2016 წლის ნოემბერში 37 021 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავდა, ხოლო 2017 წლის ნოემბერში - 45 181. აღსანიშნავია სახელმწიფო სტიპენდიების საკითხიც, 2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოთ გამოყოფილი თანხის რაოდენობა. მაგალითად, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, სტიპენდიებისკენ მიმართული სახსრები, დაახლოებით, 1 მლნ 400 ათასი ლარით შემცირდა.

ანალიზი პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, სერგო რატიანმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე ისაუბრა და განაცხადა: „50 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს და მუდმივად იზრდება მათი რაოდენობა, ორი წლის წინ გვყავდა - 38 ათასი, შემდეგ - 45 ათასი, დღეს - 50 ათასი“. ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე ფაქტ-მეტრი გასულ წლებში უკვე წერდა (იხ. სტატია 1; სტატია 2; სტატია 3; სტატია 4). განათლების სამინისტროს მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ბაზის ასლებს ინახავს და ინფორმაციას მხოლოდ, ყოველი წლის პირველი ნოემბრის ან პირველი აპრილის მდგომარეობით გასცემს. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრმა ბაზის ასლების შენახვა 2013 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო, ინფორმაციაც, სწორედ, 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე არსებული მდგომარეობით არის შენახული და ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ ამ მიმართულებით 2013 წლამდე არსებული ვითარება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, 48 624 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული, მათგან 16 294 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული, რაც საერთო რაოდენობის 33.5 %-ია. პროფესიულ სასწავლებლებლებში, 2018 წელს, 1 659 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი. რაც შეეხება გასულ წლებს, იგივე აპრილის თვის მონაცემებით, 2016 წელს სტატუსი 35 841 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, ხოლო 2017 წელს - 43 661 სტუდენტს. 2016 და 2017 წლების ნოემბრის მონაცემების მიხედვით კი რაოდენობა გაზრდილია. 2016 წლის ნოემბერში 37 021 სტატუსშეჩერებული სტუდენტი იყო, ხოლო 2017 წლის ნოემბერში - 45 181. აღნიშნული ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ 2018 წლის ნოემბერში, 2018 წლის აპრილთან შედარებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი გაიზრდება. დამატებით, წლების მიხედვით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა და მათში ფინანსური დავალიანების მიზეზით სწავლა შეწყვეტილი სტუდენტების რიცხვი, შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა (2013-2017 წლები)
თარიღი სტუდენტები (სულ) სტატუსშეჩერებული სტუდენტები ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი, %
01/11/2013 147 648 21 704 3 256  (15%)
01/11/2014 158 410 28 941 6 657  (23%)
01/11/2015 174 076 34 716 6 943  (20%)
01/11/2016 191 128 37 021 9 626  (26%)
01/11/2017 205 496 45 181 14 910  (33%)
წყარო: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წლიდან დღემდე, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ფინანსური დავალიანების გამო შეწყვეტილი განათლების მიმართულებით. იმ სტუდენტების პროცენტული რიცხვი, რომელიც საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აგრძელებს სწავლას, სტუდენტთა საერთო პოპულაციაში საკმაოდ დიდია. ფაქტ-მეტრი, აგრეთვე, დაინტერესდა სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამით სტუდენტებისათვის. აღმოჩნდა, რომ განათლების სამინისტრომ, 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირა სტუდენტებისთვის სასტიპენდიოდ გამოყოფილი ყოველწლიური ბიუჯეტის ოდენობა. მაგალითისთვის, თუ 2017 წელს სამინისტროდან სახელმწიფო სტიპენდიებისთვის გამოიყო დაახლოებით 3 მლნ 917 ათასი ლარი, 2018 წელს ამ თანხის ოდენობამ დაახლოებით 2 მლნ 430 ათასი ლარი შეადგინა. დამატებით, გასულ წლებში სტიპენდიებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 2-ში.

ცხრილი 2: 2013-2018 წლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ბიუჯეტი (თანხა ათას ლარებში)
წელი 2013 2014 2015 2016 2017 2018
ბიუჯეტი 3, 393.9 4, 044.9 3, 988.8 3, 910.4 3, 917.1 2, 430.8
წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

როგორც ვხედავთ, 2014 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მცირდება სახელმწიფო სტიპენდიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. აღნიშნული შემცირების ტენდენციაც, გარკვეული თვალსაზრისით, გვაფიქრებინებს რომ, შესაძლოა, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საერთო რაოდენობიდან, ფინანსური დავალიანების მიზეზით განათლება შეწყვეტილი სტუდენტების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი, დაკავშირებული იყოს სასტიპენდიოთ განკუთვნილი თანხების შემცირებასთან. თუმცა, ამის გადაჭრით მტკიცება არასწორი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ გადაუხდელობის გამო სწავლის შეწყვეტა, ბევრ სხვა ეკონომიკურ თუ სოციალურ პროცესებთან არის დაკავშირებული.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3038 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი