2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგაც, ოკუპანტი რუსეთის ფედერაცია, კვლავ აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი არაერთი უკანონო ფაქტი და იქ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიური ტერორია. ე.წ. „რუსი მესაზღვრეები“ ადამიანებს არა მხოლოდ მავთულხლართებთან ან გამყოფი ხაზის აღმნიშვნელ ბანერებთან, არამედ ზოგჯერ საკუთარ მიწის ნაკვეთშიც, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით აკავებენ. აღნიშნული ბრალდებით დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ოჯახი 2 000 რუსულ რუბლს იხდის, განმეორებით დაკავების შემთხვევაში კი, ჯარიმის თანხა ორმაგდება.

გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეების დაკავების ფაქტები, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. 2009 წლის 1 იანვრამდე ამ ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. უკანონო დაკავებების ფაქტები შემდეგ წლებში კიდევ უფრო გახშირდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით[i] 2008 წლიდან 2018 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების 1 864 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 1 180. გარდა ამისა, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ერთზე მეტჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 60 ადამიანი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 53 ადამიანი. ამ სტატისტიკის შესახებ ფაქტ-მეტრი გასულ წელსაც წერდა.

როგორც აღვნიშნეთ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს პირველ და განმეორებითი შემთხვევის დროს, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, მესამედ დაკავების შემთხვევა კი ხშირად ცხინვალისა და აფხაზეთის საპატიმროებში თავისუფლების რამდენიმეთვიანი აღკვეთით სრულდება. რადგან ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, 2008-2018 წლებში, 3 044 მშვიდობიანი მოქალაქეა დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში დე ფაქტო ერთეულების ბიუჯეტებმა, მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ, მინიმუმ 6 088 000 რუსული რუბლით ისარგებლეს, რაც დღევანდელი კურსით (1 რუსული რუბლი = 0.038 ლარი), დაახლოებით 231 350 ლარია.

მსგავსი დაკავებების შემთხვევებს, სხვადასხვა საკითხთან ერთად, მხარეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ IPRM -ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის) შეხვედრებზე განიხილავენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ერგნეთში აღნიშნული ფორმატის შეხვედრების რიცხვი 88-ით განისაზღვრება, გალში კი - 57-ით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე გადმოეცა. მათ სანაცვლოდ კი, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების ფართობს, სუს-ის მონაცემებით,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საერთო ფართობი 8 700 კვ. კილომეტრია, ხოლო ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ფართობი - 3 800 კვ. კილომეტრი. თუმცა, საოკუპაციო რეჟიმი არც ამით კმაყოფილდება და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს, რა დროსაც ახალ-ახალ ტერიტორიებს იტაცებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შიდა ქართლის 103 სოფლის ოკუპაცია მოხდა, თუმცა რუსეთის საჯარისო ნაწილის მიერ დამატებითი ტერიტორიების დაკავების ფაქტები პერმანენტულად ხდება.

ფაქტ-მეტრის მიერ გაანალიზებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის მონაცემებით, საოკუპაციო ხაზმა შიდა ქართლში სხვა სოფლებიც (32 სოფელი) მოიცვა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული.

რუსული ოკუპაცია კვლავ გრძელდება. სამწუხარო რეალობა ასეთია: 350 კმ-ზე მეტი სიგრძის საოკუპაციო ხაზი მხოლოდ შიდა ქართლში, დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეები, მთავარ მაგისტრალამდე დარჩენილი დაახლოებით 350 მეტრი, საკუთარი ნაკვეთებიდან და სოფლებიდან გატაცებული 3 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი, ე.წ. საზღვრის მიღმა მოხვედრილი ბაქო-სუფსას მილსადენი და ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრება. რუსეთი კვლავ უხეშად ხელყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და საქართველოს სუვერენიტეტს.

[i] სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, უკანონოდ დაკავებულ პირთა რაოდენობაში საშუალო ცდომილება ჯამური რიცხვის დაახლოებით 10-15% შეადგენს, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ცდომილება, დაახლოებით 5-10%-ია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი